პროკოფიევის სიმფონია №5
სიმფონია №5 –opus 100, B dur, რუსი კომპოზიტორის სერგეი პროკოფიევის სიმფონია.
პროკოფიევის სიმფონიურ შემოქმედებაში განსაკუთრებული ადგილი უკავია მის მეხუთე სიმფონიას (B-dur). მეორე მსოფლიო ომის წლებში დაწერილი ეს ოთხნაწილიანი ციკლი რუსული ეპიკური სიმფონიზმის ტრადიციებს განაგრძობს. ეს პრინციპი განსაკუთრებით მკაფიოდ ვლინდება სიმფონიის I ნაწილში (Andante (B-dur), სადაც თემების ინტონაციური მასალა მდორედ და აუჩქარებლად იშლება და საბოლოოდ ჩამოყალიბებული თემები მრავალჯერ მეორდება. ეპიკურ მთავარ პარტიას ავსებს ლირიკული, სასიმღერო დამხმარე. ექსპოზიციაში ამ თემების გარდა სიმფონიის დრამატურგიაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს დასკვნითი პარტია, განსაკუთრებით კი მისი სკერცოზული მოტივი. ამ თემის თავისებურ განვითარებას, მხატვრულ სახეთა თვალსაზრისით, წარმოადგენს სიმფონიის II ნაწილი, სკერცო (Allegro marcato d-moll). I ნაწილის თემა მნიშვნელოვან მეტამორფოზებს განიცდის ნაწილის მანძილზე: დასაწყისში მსუბუქი, დახვეწილი, მხიარული თემა თანდათან, მრავალჯერადი ვარიანტული გამეორების შედეგად (რთული სამნაწილიანი ფორმის განაპირა ნაწილებში თემა ტარდება 36-ჯერ), მრისხანე ხასიათის ხდება და ავისმომასწავებლად ჟღერს. ამასთან, ის ინარჩუნებს საწყის ტოკატურ-საცეკვაო მოძრაობას და წარმოადგენს, თემის პირველსახის შეუცვლელად, ხასიათის ცვლილების საინტერესო მაგალითს.
განსხვავებულ ემოციურ სამყაროს წარმოაჩენს ციკლის III ნაწილი (Adagio F-dur). სამნაწილიანი ფორმის განაპირა მონაკვეთების ლირიკულ პეიზაჟს შუა ეპიზოდის მწუხარე ხასიათი უპირისპირდება. სამგლოვიარო მსვლელობის თემასთან ოსტატურადაა შერწყმული პირველი ნაწილის თემის მოტივი, რომელსაც მკვლევარები სამშობლოს თემას უწოდებენ. სწორედ ეს დრამატურგიული ხერხი უსვამს ხაზს ნაწარმოების გარკვეულ პროგრამულ ქვეტექსტს – ომის თემისადმი მიძღვნას. აქვე აღვნიშნავთ, რომ მეორე მსოფლიო ომით შთაგონებული შოსტაკოვიჩის მეშვიდე სიმფონიისგან განსხვავებით, პროკოფიევის მეხუთეში არაა უშუალო და პირდაპირი ასოციაციები ამ კონკრეტულ ისტორიულ პერიოდთან, არ გვხვდება ძალადობის ამსახველი თემები. იგი ზოგადად ბოროტებით და მასთან დაპირისპირებული სიმშვიდის, ბუნებით ტკბობის, იმედით გამოწვეული ემოციის ამსახველია.
კონფლიქტი აღნიშნულ სახეობრივ სფეროებს შორის პრაქტიკულად ნიველირებულია სიმფონიის ფინალში (Allegro giocoso, B-dur), რომელიც თითქმის მთლიანად (გამონაკლისი შესავლის ლირიკულ-ეპიკური თემაა, რომლის ინტონაციები კვლავ გაისმის კოდაში) მხიარული, დახვეწილი, გრაციოზული საცეკვაო თემების მონაცვლეობაზეა აგებული.
ამგვარად, პროკოფიევის მეხუთე სიმფონიის დრამატურგიისთვის დამახასიათებელია მსხვილი, შედარებით ჩაკეტილი ნაგებობების დაპირისპირება, ციკლის შუა ნაწილებში წინა პლანზეა სიმეტრიულ სამნაწილიანობაში რეალიზებული სახეობრივი ორპლანიანობა. სწორედ ამგვარი, დრამატულ კონფლიქტურობას მოკლებული თემატური განვითარება ანიჭებს ამ სიმფონიას ობიექტურ ეპიკურობას.
ტერმინ „ეპიკური სიმფონიზმის“ გაჩენა პროკოფიევის შემოქმედებასთან მიმართებით სწორედ მეხუთე და, ასევე, მეექვსე სიმფონიებმა განაპირობა. სამეცნიერო ლიტერატურაში კომპოზიტორის სტილის ამგვარ ცვლილებას სხვადასხვაგვარად ხსნიან, თუმცა საერთო აზრიც იკვეთება – პროკოფიევის შემოქმედებაში დომინირებს „ახალი უბრალოების“ ესთეტიკა. ხანგრძლივი ძიებების შედეგად მან მიაღწია შინაგან წონასწორობას და სტილის სიცხადეს.