პროკოფიევის სიმფონია №7
სიმფონია №7 – cis-Moll, Opus 131, რუსი კომპოზიტორის სერგეი პროკოფიევის სიმფონია.
გაწონასწორებული, ობიექტური, ამასთანავე ლირიკული და ახალგაზრდული შემართებითაა აღსავსე შემოქმედების ბოლო პერიოდში შექმნილი მეშვიდე სიმფონია (1951-52 წწ). ამ ოთხნაწილიანი ციკლის სტრუქტურა პერიოდულია: კენტი ნაწილები ნელი, ლირიკულია, ამავდროულად, პირველში სუსტად შეინიშნება დრამატიზმი, მესამეში – ეპიკურობა, ხოლო წყვილი ნაწილები მოძრავი, ჟანრული ხასიათისაა.
სიმფონიის პირველი ნაწილი ტრადიციულად სონატური ფორმითაა დაწერილი, მაგრამ მასში პრიორიტეტი ენიჭება განვითარების ვარიაციულ და არა დამუშავებით პრინციპს – ექსპოზიცია და რეპრიზა ჩაფიქრებული, თხრობითი, ფართო სუნთქვის დიატონური მთავარი და ზღაპრულ-ფანტასტიკური დასკვნითი პარტიების თავისუფალი ვარიაციებია. თემების ამგვარმა განვითარებამ ბუნებრივად შეამცირა დამუშავების მასშტაბები და მისი ფუნქცია.
II ნაწილი (Allegretto) პროკოფიევისთვის ტრადიციად ქცეულ ცეკვის სტიქიას ეთმობა. ესაა საზეიმო, ბრწყინვალე ვალსი, რომელიც პირველი ნაწილის თემებთანაა ინტონაციურად დაკავშირებული და ნაწილის ლირიკულ სახეთა ჟანრულ ასპექტს წარმოაჩენს.
სიმფონიის II ნაწილს (Andante esspresivo) პოეტური ოცნებების სფეროში შევყავართ. ამ ნაწილის ძირითადი თემა ავტორის მიერ ერთხელ უკვე იყო გამოყენებული მუსიკაში სპექტაკლისთვის ა. პუშკინის ევგენი ონეგინის მიხედვით, სადაც მისი საშუალებით დახასიათებულია ტატიანა. ამ კონკრეტული ლირიკული გმირის დახასიათება სიმფონიაში განზოგადებულ, ამაღლებული ჩაფიქრების სახეს იძენს.
ტრადიციის თანახმად, რომელიც დამკვიდრდა როგორც ზოგადად სიმფონიურ ჟანრში, ისე პროკოფიევის სიმფონიურ ციკლებში, ფინალი მხიარული რონდო-სონატაა საწყისი თემის მრავალჯერადი დაბრუნებით. ექსპოზიციის თემები (მთავარი, დამხმარე და დასკვნითი) გალოპის სხვადასხვა ნაირსახეობაა და, ამდენად, მათ შორის მხოლოდ დინამიკური კონტრასტი არსებობს. რეალურ კონტრასტს მხოლოდ შუა ეპისოდი წარმოადგენს, რომელიც ორი თემისგან შედგება – კანტილენური და ახალგაზრდული შემართებით აღსავსე მარშისგან. ფინალის კოდაში, რომელიც აჯამებს არა მხოლოდ ნაწილს, არამედ მთელ სიმფონიას, იქმნება თემატური თაღი – ჟღერს პირველი ნაწილის დამხმარე პარტიის ლირიკულ-ჰიმნური თემა და დასკვნითი პარტიის მოტივი.
ამგვარად, მეშვიდე სიმფონიის დრამატურგიაში კომპოზიტორი უპირატესობას ანიჭებს სხვადასხვაგვარი მდგომარეობების მონაცვლეობას და არა გარკვეული მუსიკალური მოვლენების ურთიერთდაპირისპირებას, მათ კონფლიქტურ ურთიერთობას.