ონომატოპეა
ონომატოპეა – (ბერძნ. onomatopoiḯa – სახელთა წარმოქმნა < ónoma, ნათესაობითი ბრუნვა ónomatos – სახელი და poiėō – ვაკეთებ, ვქმნი), ხმაბაძვა, ბუნების მოვლენათა თანმხლები ხმების, ცოცხალ არსებათა ხმიანობის (ყვირილის, სტვენის…) მიახლოებითი გადმოცემა სამეტყველო ბგერით და ამის საფუძველზე სიტყვების შექმნა.
ერთმანეთისგან უნდა გაირჩეს: ა) საკუთრივ ხმაბაძვა – ფორმაუცვლელი (არაბრუნებადი და არაუღლებადი) ბგერათკომპლექსით ხმიანობის მიახლოებითი გადმოცემა: ყიყლიყო! გუ-გუ! ტკაც!-;
ბ) ხმაბაძვის საფუძველზე ამა თუ იმ ხმიანობის აღნიშვნა ფორმაცვალებადი სიტყვებით: შრიალი, ტკაცუნი, ხარხარი-;
გ) ხმაბაძვის საფუძველზე ამა თუ იმ ხმიანობის გამომცემი მოვლენებისა და არსებების აღნიშვნა ფორმაცვალებადი სიტყვებით: გუგული, ჭრიჭინა, ტკაცუნა. ქართულ სიტყვებში ხმაბაძვითი ბგერათკომპლექსი გაორმაგებითა და ზოგი ბგერის შეცვლით გამოიყენება: შდრ. ჭახ-ჭახანი – ჭახჭახი, ტკაც-ტკაცუნი –– ტკაცატკუცი, თუმცა ამ რიგის ლექსიკური ერთეულები ყოველთვის არა გვაქვს.
ერთი და იგივე ხმიანობა სხვადასხვა ენაში სხვადასხვაგვარად ფასდება და გადმოიცემა, რაც დამოკიდებულია ამ ენათა ფონემურ წყობასა და შესაბამისი ფონემების სმენით აღქმაზე (შდრ. ქართული ყიყლიყო –– რუს. кукареку).
ზ. ჯაფარიძე