ონოფრიშვილი ირაკლი
ირაკლი ონოფრიშვილი − (დ. 12 სექტემბერი, 1935, თბილისი – გ. 13 მარტი, 2006, თბილისი), კინოოპერატოოი, საქართველოს სსრ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, „ღირსების ორდენის“ კავალერი (1995), ჩეხოსლოვაკიის საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზიორი, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1979).
დაიბადა 1935 წელს თბილისში, აქვე მიიღო საშუალო განათლება, გაიარა სამხედრო-სავალდებულო სამსახური, რის შემდეგ, 1995 წელს, მუშაობა დაიწყო კინოსტუდია „ქართულ ფილმში“ ოპერატორის ასისტენტად; 1964 წელს მიიღო ოპერატორის წოდება და 1967 წლამდე, როგორც ერთ-ერთ ოპერატორს, მუშაობა მოუხდა მიხეილ ჭიაურელის ფილმზე „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“ და რევაზ ჩხეიძის ფილმებზე — „ჩვენი ეზო“ და „მაია წყნეთელი“.
1967 წლიდან ირაკლი ონოფრიშვილი საქართველოს სატელევიზიო ფილმების სტუდიაში გადადის, სადაც უკვე როგორც დამდგმელი ოპერატორი იღებს ფილმებს: „მღერის პეტრე ამირანაშვილი“ (რეჟ. გურამ პატარაია, 1969), „ძველი ქართული საგალობლები“ (რეჟ. სოსო ჩხაიძე, 1971), „რეკორდი“ (რეჟ. გურამ პატარაია, 1973); გურამ პატარაიასთან ერთად იღებს დოკუმენტური ფილმების მთელ ციკლს: „შორია გურჯისტანამდე (1970), „ათონის მთის პეტრე იბერის მონასტრის მატიანე“ (1978), „ტაო-კლარჯეთის მიწის მატიანე“ (1981) და სხვ.
ირაკლი ონოფრიშვილის მთავარ შემოქმედებით წარმატებად სამართლიანად ითვლება მის მიერ სამ სერიად გადაღებული სატელევიზიო მხატვრული ფილმი „თუში მეცხვარეები“, რომელმაც პირადად მას, როგორც დამდგმელ ოპერატორს, ჩეხოსლოვაკიის საერთაშორისო კინოფესტივალზე „გრან-პრი“ არგუნა (1984), ხოლო უფრო ადრე, ლენინგრადის სატელევიზიო ფილმების ფესტივალზე — I ხარისხის დიპლომი „ოპერატორის საუკეთესო ნამუშევრისათვის“.
1979 წელს ირაკლი ივანეს ძე ონოფრიშვილს, სატელევიზიო მხატვრული ფილმის „თუში მეცხვარეების“ დამდგმელ ოპერატორს, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია მიენიჭა.
ფილმოგრაფია
- ერთი მოთხრობის ფინალი (1963), სატელევიზიო − დამდგმელი ოპერატორი
- მზის ჩასვლის წინ (1968), სატელევიზიო - დამდგმელი ოპერატორი
- უსახელო უფლისციხელი (1968), სატელევიზიო − დამდგმელი ოპერატორი
- ქერათმიანი ქალიშვილი (1968), სატელევიზიო − დამდგმელი ოპერატორი
- ძველი ქართული საგალობლები (1970), დოკუმენტური − ოპერატორი
- შორია გურჯისტანამდე (1970), დოკუმენტური − დამდგმელი ოპერატორი
- ლაზარეს თავგადასავალი (1973), სატელევიზიო − დამდგმელი ოპერატორი
- რეკორდი (1973) - დამდგმელი ოპერატორი
- თუში მეცხვარე (1976), სატელევიზიო − დამდგმელი ოპერატორი
- სიყვარული, ხანძარი და პომპიერო (1976) , სატელევიზიო - დამდგმელი ოპერატორი
- კუჩხი ბედინერი (1978), სატელევიზიო − დამდგმელი ოპერატორი
- ჯიხასკარი (1982), დოკუმენტური − დამდგმელი ოპერატორი
- ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები (1982), დოკუმენტური − სცენარის ავტორი, რეჟისორი, დამდგმელი ოპერატორი
- მეშვიდე მოგზაურობა (დოკუმენტური, 1987) − რეჟისორი, დამდგმელი ოპერატორი
- შვიდკაცა (1992), სატელევიზიო, მხატვრულ–დოკუმენტური − დამდგმელი ოპერატორი
- ფერეიდნელი ქართველები 24 წლის შემდეგ (1994), დოკუმენტური − სცენარის ავტორი, რეჟისორი, დამდგმელი ოპერატორი
- რაინდები (1996), დოკუმენტური – სცენარის ავტორი, რეჟისორი
- ჩემი ძვირფასი, საყვარელი ბაბუ (1998) − დამდგმელი ოპერატორი
- ათონის ქართველთა სავანე (2000), დოკუმენტური − რეჟისორი, დამდგმელი ოპერატორი
- ჩვენ პირველი ევროპელები ვართ (ანუ ამბავი ზეზვასი და მზიასი) (2001), დოკუმენტური − დამდგმელი ოპერატორი
- ფრაგმენტები ტაო-კლარჯეთის ისტორიიდან (2006), დოკუმენტური − დამდგმელი ოპერატორი
- მისიით საქართველოში (2007), დოკუმენტური − დამდგმელი ოპერატორი