ორაგულების გვარი
ორაგულების გვარი – Salmo L
ტიპი: ქორდიანები
კლასი: სხივფარფლიანი თევზები
რიგი: ორაგულისნაირნი
ოჯახი: ორაგულისებრნი
თევზების გვარი ორაგულისებრთა ოჯახიდან. ზედა ყბის ძვალი გრძელია, ზრდასრულ ინდივიდებში თვალის უკანა კიდემდე აღწევს ან კიდევ შორდება მას (რომელიც ყბების კიდეებს წარმოქმნის და მეტნაკლებად ქვემოთკენაა მოხრილი). თვალბუდის უკანა პატარა ძვლები ლაყუჩის წინა სახურავისაგან დიდი მანძილით არის დაშორებული. შუა ყნოსვის ძვალი დაახლოებით ოთხკუთხიანი ფორმისაა.
ხრტილოვანი ქალას ზურგის მხარეზე ზედა კეფის ძვლიდან დინგამდე მაღალი ტროპი გასდევს. ხრტილოვანი ქალას თხემის არეში არის წყვილი დიდი ხვრელი, რომელიც ქალას ღრუს უკავშირდება. სიგებთან შედარებით, ახალგაზრდებს კბილები მძლავრად აქვს განვითარებული, ხოლო სქესობრივად მომწიფებულ ორაგულებთან (Salmo) შედარებით სუსტად აქვთ განვითარებული. სქესობრივად მომწიფებულ მამალს ქვედა ყბის წინა ბოლოზე შემაერთებელქსოვილოვანი კაკვი აქვს, რომელიც წინა ყბებისა და წინა კიდეებს შორის წარმოქმნილ ნაჭდევში შედის. სახნისის ძვალი წაგრძელებულია, მისი ტარი, ე. ი. უკანა ნაწილი, ახალგაზრდებში ყოველთვის ორ მწკრივად განლაგებული კბილებით არის წარმოდგენილი, მაგრამ ასაკში შესვლისას სახნისი ხშირად უკბილო ხდება ზოლმე. ანალურ ფარფლში 7-10 დატოტვილი სხივია. ქერცლი ზომიერად წვრილია, გვერდით ხაზზე არა ნაკლებ 100-ზე, მაგრამ არა უმეტეს 150 ქერცლია, კვერცხი მსხვილია. მალები 51-62-ია.
ორაგულების გვარი ჩრდილოეთისაა. შავ და კასპიის ზღვებში, გ. ბარაჩის აზრით, ის შემოჭრილია და განსაკუთრებულ ფორმებადაც კი ჩამოყალიბდნენ, მათ შორის აღსანიშნავია კალმახი (S. fario), რომელმაც მთიან საქართველოს მდინარეებში მეტად ფართო გავრცელება მოიპოვა. ატლანტის და წყნარი ოკეანეების ჩრდილოეთ ნაწილის გამსვლელი და მკვიდრი თევზებია. გვხვდება შავი, კასპიის და არალის ზღვებში, ხმელთაშუა ზღვის მდინარეებში: მდინარე ეფრატის დასაწყისში (ირანი) სამხრეთ ფერდობიდან გამომდინარე მდინარეებში. ციმბირში და ჩრდილო- ყინულოვან ოკეანეში არ მოიპოვებიან.