ორაყაღა ჩიღიუ
ორაყაღა ჩიღიუ (ბალყ.-ყარაჩ. Оракъагъа чыгъыу – „ნამგალზე გასვლა“) – საშემოდგომო ციკლის ბალყარულ-ყარაჩული აგრარული დღესასწაული, დაკავშირებული პურეულის დაბინავებასთან. სამკალში მასიურ გასვლამდე პირველი ძნა აულის ყველაზე ახალგაზრდა რძალს უნდა შეეკრა და თვალსაჩინო ადგილას ხისთვის უნდა მიება, რაც საშემოდგომო სამუშაოების დაწყების ნიშანი იყო. ბალყარელები და ყარაჩელები მარცვლეულის ლეწვას მზის ჩასვლისთანავე იწყებდნენ. მუშაობის პროცესში მარცვლეულის ლეწვის მფარველ სულს – ერირეჲს – უმღეროდნენ. ლოცვის დროს ხალხი ერირეჲსა და პურეულის ღვთაება ხარდარს მოსავლის უდანაკარგოდ აღებას პირდებოდა და შრომის დაფასებისთვის მადლობას სწირავდა. მოსავლის დაბინავების რიტუალური მხარე საწესო ვახშმით მეზობელთა გამასპინძლებას გულისხმობდა. ვახშმის შემდეგ სტუმრები დაილოცებოდნენ, რათა ახალი მოსავალი ოჯახის ბედნიერებასა და კეთილდღეობას მოხმარებოდა.
ლიტერატურა
- Ортобаева Р. А. Карачаево-балкарские народные песни. Традиционное наследие. Черкесск, 1977;
- Шаманов И. М. Календарь и календарная обрядность // Карачаевцы. Балкарцы. М.,2014.