ხარდარი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ხარდარ-ი / ხურალი ელდერეჲ (ბალყ. Хардар; ყარაჩ. Хураллы Элдерей) – ნაყოფიერების, პურეული კულტურის მფარველი ზოომორფული ღვთაება ბალყარულ-ყარაჩულ მითოლოგიაში (განსაკუთრებით დიდ ბალყარეთში ეთაყვანებოდნენ; მისი სახელით იფიცებდნენ). წარმოდგენილი ჰყავდათ ოქროს საწმისიანი ცხვრის სახით. აქედან მომდინარეობს მისი მეორე სახელი „ოქროს ხარდარი“/ „ოქროს ცხვარი“ (Алтын Хардар/Алтын Къочхар). ხარდარს პირველი ხნულის გავლების დღეობაზე მოსავლის ბარაქას, ხორბლის ისეთი სიხშირით გაზრდას შეთსხოვდნენ, რომ პურეულში გველიც კი ვერ გამძვრალიყო. დღეობაზე ხარდარს ხარს სწირავდნენ, ცეკვავდნენ ე. წ. „ხარდარს“ (იხ. „საბან თოჲ“). ყარაჩში პირველი საწესო ხნულის გავლების რიტუალის ძირითადი მონაწილეები ქალიშვილები იყვნენ, რომელთაგან ერთს იმიტირებულად მიწაში მარხავდნენ. მის ახლოს კერპს აღმართავდნენ, ზედ სასმელს (хамлыкъ-бура) დაასხამდნენ და ღვთაებას უხვი მოსავლის გამოგზავნას შეთხოვდნენ. ბალყარულ ენაში სიტყვა „ხარდარი“ „სიუხვის“ სინონიმია (ბალყარელი, მიუთითებს რა გაწყობილ სუფრაზე, არცთუ იშვიათად, ამბობს: Ма бу хардар бла ант этеме – „ვფიცავ ამ ხარდარს (სიუხვეს)“. ხარდარის სახელით წარმოთქვამდნენ ფიცს:

დაიჯერეთ ჩემი ფიცი –
ხარდარის სული!
ჩვენი ბატონი – ოქროს ხარდარი!
ჩვენი ბატონი (ხარდარის სახელი)
ოქროს ცხვარია!
მიწის გამგებელი – ოქროს ხარდარი!
მიწის სიმდიდრე – ოქროს ხარდარი!
მიწის დამცველი – ოქროს ხარდარი!
ხალხის რჩეული – ოქროს ხარდარი!
უსაზღვროდ თაყვანსაცემი – ოქროს
ცხვარი!
უსაზღვროდ თაყვანსაცემი – ოქროს
ცხვარი!
თეონიმი „ხარდარი“ ოსური „ხორალდარის“
ბალყარული ადაპტაციაა. როგორც ჩანს, ბალყარელებში
ხარდარის კულტის დამკვიდრება
ოსური გავლენის შედეგია („ხორალდარი“).


ლიტერატურა

  • Миллер В., Ковалевский М. Языческие обряды балкарцев // Карачаево-балкарский фольклор. Нальчик, 1983;
  • Малкондуев Х. Мифология балкарцев и карачаевцев // Фольклор Народов Карачаево-Черкесии. Черкесск. 1988;
  • Хаджиева Т. Эстетическая и утилитарно-магическая функции календарных песен балкарцев и карачаевцев (весенне-летный цикл) // Календарно-обрядовая поэзия народов Северного Кавказа. Махачкала, 1988;
  • Джуртубаев М. Древние верования балкарцев и карачаевцев. Нальчик, 1991;
  • Каракетов М. Д. Из традиционной обрядово-культовой жизни карачаевцев. М., 1995;
  • Кудаев М. Ч. Древние танцы балкарцев и карачаевцев. Нальчик, 1997.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები