ორდერი (არქიტექტურა)
ორდერი − (ლათ. ordo - მწირივი), ბერძნული არქაიკის პერიოდში ჩამოყალიბდა ერთგვარი არქიტექტურული სისტემა, რომელსაც. მოგვიანებით ძველმა რომაელებმა ორდერი უწოდეს. „Ordo“ ლათინური სიტყვაა და ნიშნავს წესს, რიგს. არქიტექტურული ორდერის სისტემა გულისხმობს ნაგებობის ცალკეული ნაწილების გარკვეული წესის მიხედვით დაკავშირებას, შენობის მზიდი და საზიდი ელემენტების გარკვეულ პროპორციულ ურთიერთშეთანხმებას.
ბერძნული ტაძარი საგანგებოდ ნაგებ საფუძველზე − სტერეობატზე იდგა; მის მზიდ ელემენტს, ანუ იმ არქიტექტურულ ნაწილს, რომელსაც ეყრდნობოდა გადახურვა, წარმოადგენდა სვეტი (და არა კედელი). ხოლო საზიდს კი − ანტაბლემენტი და ორქანობა სახურავი. ამ ნაწილთა განსხვავებული პროპორციული ურთიერთშეთანხმების საფუძველზე არქაულ საბერძნეთში თავდაპირველად ორი ორდერი ჩამოყალიბდა − დორიული და იონიური.
დორიული ორდერი ძვ.წ. VII ს-ის დასაწყისში მატერიკული საბერძნეთის ერთ-ერთ პროვინციაში, დორიაში წარმოიშვა. მის ჩამოყალიბებაში, როგორც ჩანს, გარკვეული როლი შეასრულა როგორც თვით საბერძნეთის ადგილობრივმა, ასევე, კრეტა-მიკენის ხუროთმოძღვრების ტრადიციებმა.
იონიური ორდერი კი ძვ.წ. VI ს-ის შუა ხანებში იონიაში, საბერძნეთის მცირეაზიურ სანაპიროზე შეიქმნა. იგი უფრო მეტად იყო დაკავშირებული მცირეაზიური ხუროთმოძღვრების ტრადიციებთან.
მოგვიანებით, ძვ.წ. V ს-ის II ნახევარში, წარმოიშვა კიდევ ერთი, კორინთული ორდერი, რომელიც იონიურს უახლოვდება, მაგრამ თავისი სიმსუბუქითა და პროპორციების აზიდულობით იონიურზე უფრო დახვეწილი და მოხდენილია. მისი კალათისებური ფორმის კაპიტელი მდიდრულადაა დეკორირებული მცენარეული ორნამენტებით.
არსებობდა კიდევ ერთი – ეოლიური ორდერი, რომელიც მცირე აზიაში წარმოიშვა, მაგრამ ნაკლებად იყო გავრცელებული. ძვ.წ. VII ს-ით დათარიღებული ეოლიური ორდერის მხოლოდ რამდენიმე ნიმუში შემოგვრჩა ნეანდრიაში, ლარისაში, კუნძულ ლესბოსზე. მისთვის დამახასიათებელი იყო ბაზისზე მდგარი წვრილი, გლუვი სვეტი და მცენარეული მოტივებით უხვად შემკული დიდი ვოლუტებიანი კაპიტელი.