ორთოეპია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ორთოეპია – (ბერძნ. orthoèpeia < orthós – სწორი, èpos – მეტყველება), მართლმეტყველება.

1. საწარმოთქმო ნორმათა ერთობლიობა, რომელიც სალიტერატურო მეტყველების მთლიანობასა და ერთგვაროვნებას განაპირობებს. ორთოეპია ეხება როგორც მეტყველების სეგმენტურ ერთეულებს (ბგერებს, ბგერათმიმდევრობებს), ისე ზესეგმენტურ ერთეულებსაც (მახვილს, ინტონაციას…).

2. საწარმოთქმო ნორმების შემსწავლელი სამეცნიერო დარგი. ორთოეპიის ობიექტია სალიტერატურო ზეპირმეტყველების ნებისმიერი ასპექტი. ამ გაგებით იგი რიტორიკის ცნებას ენათესავება.

საზოგადოდ, ზეპირმეტყველება როგორც ისტორიულად, ისე ყოველჟამიერად წინ უსწრებს წერით მეტყველებას. ამდენად, ორთოეპია წინ უსწრებს ორთოგრაფიას. ამასთანავე, ეს უკანასკნელი ორთოეპიის მოთხოვნების გათვალისწინებით ყალიბდება: ბევრი რამ, რაც ორთოგრაფიის მოსაგვარებელია, ორთოეპიაში იღებს სათავეს. ორთოგრაფიის დამოკიდებულება ორთოეპიაზე განსაკუთრებით აქტუალურია ქართულისათვის – მწიგნობრული ტრადიციის მქონე ენისათვის, რომელსაც ტრადიციულად ახასიათებს ზეპირი და წერითი მეტყველების მაქსიმალური სიახლოვე. შესაბამისად, ორთოეპიის ამოცანაც ნათელია: სიტყვის (ფრაზის) წარმოთქმა მაქსიმალური ბგერითი სისრულით.

ორთოეპიული ნორმები ხანგრძლივად, საუკუნეთა განმავლობაში ყალიბდება და მკვიდრდება. ამ პროცესისათვის მეტი სტიქიურობა და ბუნებრიობაა დამახასიათებელი, ვიდრე მართლწერისათვის. ორთოეპია მკვიდრდება საერთო-ეროვნული ენის ჩამოყალიბების კვალდაკვალ, მაშინ, როდესაც თანდათან ფართოვდება ზეპირმეტყველების მოქმედების სფეროები, როცა მეტად ვითარდება ოფიციალური, საქმიანი, პუბლიცისტური მეტყველების ფორმები.

ორთოეპია ბევრად უფრო სწრაფად ექცევა ცოცხალი ენობრივი პროცესების გავლენის სფეროში, ვიდრე ორთოგრაფიის ნორმები. ეს გავლენა შეიძლება მომდინარეობდეს როგორც კუთხური მეტყველებიდან, ისე უცხოენოვანი გარემოდან. თუ ტრადიციულად ქართულ მეტყველებაში უფრო ნიშანდობლივი იყო კილოური მინარევების არსებობა, ბოლო დროს მეტად გამოიკვეთა უცხო ენებიდან მომდინარე სამეტყველო ნორმები და მანერები, რამაც ქართული მართლმეტყველება არა ერთი ახალი პრობლემის წინაშე დააყენა.

ზოგჯერ ორთოეპიის მნიშვნელობით იხმარება ტერმინი ორთოფონია, მაგრამ უფრო ხშირად იგი აღნიშნავს მხატვრული წარმოთქმის ხელოვნებას.

ა. არაბული


წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები