ორფიზმი
ორფიზმი – ძველბერძნული რელიგიური მოძრაობა; იშვა მე-6 ს. ძვ. წ. დიონისეს კულტის რეფორმის შედეგად. დიონისური ორგიის ცენტრალური რიტუალი – ომოფაგია (ბაკქური გაშმაგების დროს დაგლეჯილი ცხოველის უმი ხორცის შეჭმა) – იყო გააზრებული როგორც ტიტანების პირველჩადენილი ცოდვა, როცა მათ დაგლიჯეს ბავშვი დიონისე და იგემეს მისი ხორცი. შთამომავლობითი ცოდვის გამოსყიდვა (რაც სინდისზე აწვა მთელ კაცობრიობას), შეეძლო მხოლოდ წმინდანს – მისტერიაში კურთხეულს და ორფიკული ცხოვრების წესის გამტარებელს, რომლის განმასხვავებელი ნიშანი იყო ვეგეტარიანელობა. წმინდა თქმულება ტიტანების ცოდვის შესახებ, საჭიროებდა საკუთარი თეოკოსმოგონიის შექმნას, სულის უკვდავების რწმენას და საიქიოში სამაგიეროს მიზღვევის იმედს, რაც დაფიქსირებული იყო ჰეგზამეტრულ პოემებში. განმწმენდი რიტუალის დამწესებლად და ამ პოემების ავტორად, ახალი რელიგიის შემქმნელებმა, მითიური მომღერალი ორფეოსი აღავლინეს. მათი აზრით, მისი სწავლება უფრო ძველი იყო და ამიტომ ღმერთებთან უფრო ახლომდებარე, მაშასადამე, უფრო ავტორიტეტული, ვიდრე ჰომეროსის და ჰესიოდეს თეოლოგია.