ორფი კარლ
კარლ ორფი – (გერმ. Carl Orff, 1895-1982), გერმანელი კომპოზიტორი, დრამატურგი, მსახიობი. 1913- 14 კომპოზიციას სწავლობდა მიუნხენის მუსიკალური ხელოვნების აკადემიაში. აქვე მუშაობდა კაპელმაისტერად დრამატულ თეატრში.
30-იან წლებში ორფი მუსიკას წერდა ძირითადად მუსიკალური თეატრებისათვის. იგი ავტორია ორიგინალური მუსიკალურ-პედაგოგიური სისტემისა, რომელმაც აღიარება პოვა მთელ მსოფლიოში. მისი შემოწმედების ძირითად ნაწილს შეადგენენ მუსიკსლურ-სცენური ნაწ-ები (15-მდე), რომელთათვის დამახასიათებელია ნეოკლასიციზმის ნიშნები, მელოდიური და ჰარმონიული სისადავე, მუსიკის, ტექსტისა (ორფის მიერ დაწერილის) და სცენური მოძრაობის ერთიანობა, კავშირი თანამედროვე თეატრალურ დრამატურგიასა და ძველებურ ევროპულ თეატრალურ ფორმებთან, ორფის უმთავრესი ნაწარმოებებია: ცნობილი კანტატები „კარმინა ბურანა“ (1937), „კატული კარმინა“ (1943), ზინგშპილები „მთვარე“ (1939) და „გონიერი ქალი“ (1943), მისტერიები, „ანტიკური ტრაგედიები“, ხუთტომეული – „მუსიკა ბავშვებისათვის“. მან შეიმუშავა ბავშვთა მუსიკალური აღზრდის სისტემა, დაფუძნებული შემოქმედებითი საწყისის განვითარებაზე იმპროვიზირების გზით. ზალცბურგში არსებობს „ორფის ინსტიტუტი“.