ოფოფი
ოფოფი (ლათ. Upupa epops Linnaeus, 1758) − ფრინველთა გვარი, ფრინველი ოფოფისნაირთა რიგიდან. ამ გვარიდან საქართველოში მოიპოვება ერთი სახეობა − ოფოფი.
- კლასი − ფრინველები (AVES)
- რიგი − ოფოფისნაირნი (Upupiformes)
- ოჯახი − ოფოფისებრნი (Upupidae)
- გვარი − ოფოფი (Upupa)
ოფოფი მომცრო ზომის ფრინველია, ფრთა 135-155 მმ-ია, კუდი 90-115 მმ, ნისკარტი 40-56 მმ, წონა 50-70 გ. სიდიდესა და შეფერილობაში სქესთა შორის განსხვავება არაა ან ძალიან მცირეა. ზრდასრული ოფოფი ადვილი გამოსაცნობია თავზე ჭრელი სავარცხლისებური ქოჩრით და გრძელი, ქვემოთ ოდნავ მოხრილი წვრილი ნისკარტით. საერთო შეფერილობა ჭრელია და წარმოადგენს მოჟანგისფრო-ქარცის, შავისა და თეთრი ფერების ნარევს. მოჟანგისფრო-ქარცი ფერის ქოჩრის წაგრძელებულ ბუმბულებს წვეროები შავი აქვთ, ხოლო ზოგიერთს წვეროს ქვემოთ აქვთ თეთრი ლაქა. ყელი, მკერდი, მუცლის წინა და ზურგის ზემო ნაწილები მოქარცისფროა; კუდის ზემო და ქვემო მფარავები, აგრეთვე მუცლის უკანა ნაწილი − თეთრი. პირველი რიგის მომქნევები შავია, თეთრი განივი ზოლებით. პირველი მომქნევი ხშირად მთლიანად შავია. საჭის შავი ფერის ბუმბულებზე ფართო თეთრი განივი ზოლებია. ნისკარტი შავია, ფეხები − მოშავო.
აღწერილია 8 ქვესახეობა. საქართველოში მოიპოვება ჩვეულებრივი ოფოფი − U. e. epops Linn., 1758.
სარჩევი |
გავრცელება
სახეობის ბუდობის არეალი მეტად ვრცელია. იგი მოიცავს თითქმის მთელ აფრიკას (საჰარის გამოკლებით), მადაგასკარს, ევროპისა და აზიის შუა და სამხრეთ ნაწილებს, ატლანტის ოკეანის სანაპიროებიდან, ოხოტისა და იაპონიის ზღვებამდე (იაპონიაში არაა). ევრაზიაში ჩრდილოეთი საზღვარი დაახლოებით 55-ე პარალელს მიჰყვება, ხოლო სამხრეთით მოიპოვება ყველგან, კუნძულ სუმატრის ჩათვლით და არაბეთის სამხრეთი ნაწილის გამოკლებით. საქართველოში მობუდარია.
ბიოტოპი
ტყე-ველების, ველების ან ნახევარუდაბნოების ღია ადგილები, ტყის ან ბუჩქნარების პატარა კორომებით, ბაღები, ადამიანის სამოსახლოები.
გამრავლება
მონოგამიური ფრინველია. ბუდობს ცალკეულ წყვილებად. ბუდეს იკეთებს ხის ფუღუროში, კლდეების ნაპრალებში, თიხნარების ხვრელებში, სხვა ფრინველების მიერ მიტოვებულ სოროებში. მაისის დასაწყისში დებს ჩვეულებრივად 5-6 კვერცხს. კრუხად ჯდება მხოლოდ დედალი. საინკუბაციო პერიოდი 16-18 დღემდე გრძელდება.
კვება
ენტომოფაგი ფრინველია. ჭამს ხოჭოებს, სწორფრთიანებს, პეპლებს, ორფრთიანებს, კალიებს, კუტკალიებს, სიფრიფანაფრთიანებს და სხვა მწერებს.
მნიშვნელობა
მავნე მწერების მასობრივად განადგურებით დიდი სარგებლობა მოაქვს სახალხო მეურნეობისათვის.