ოფოფისნაირნი
ოფოფისნაირნი (ლათ. Upupiformes) − ფრინველთა რიგი. რიგი აერთიანებს პატარა და საშუალო სიდიდის ფრინველებს. მათ შორის ყველაზე დიდია კალაო, რომლის სხეულის სიგრძე 1200 მმ-მდე აღწევს, ხოლო ფრთებისა − 500-520 მმ-მდე. რიგში გამოყოფენ 2 ქვერიგს:
1. რქაცხვირიანებს (Bucerotes) − ერთი ოჯახით, 12 გვარითა და 46 სახეობით. ისინი გავრცელებულია აფრიკის, აზიისა და ინდო-ავსტრალიის კუნძულების ტროპიკულ ნაწილებში;
2. ოფოფები (Epopes) − 2 ოჯახით, 3 გვარითა და 7 სახეობით.
ამ ორი ჯგუფის ფრინველებს მხოლოდ რამდენიმე ანატომიური და ბიოლოგიური ნიშანი აქვთ საერთო. მათ არა აქვთ ჩიჩახვი, ბრმა ნაწლავი, კონტურული ბუმბულების დამატებითი ღეროები, ღინღლი და სხვ. ყველასათვის დამახასიათებელია კისრის 14 მალა, 10 პირველი რიგის მომქნევი, 10 საჭის ბუმბული, შემოსილი აქვთ კუდუსუნის ჯირკვალი, მსგავსია თავის ქალას აგებულება და ხორხი. ამავე დროს, ფრინველების ეს ორი ჯგუფი გარეგნულად და მრავალი ბიოლოგიური თავისებურებით, იმდენად განსხვავდებიან ერთმანეთისაგან, რომ ზოგიერთი სისტემატიკოსი მათ ცალკე რიგებადაც კი მიიჩნევს. საქართველოს ორნითოფაუნაში მხოლოდ ოფოფების ქვერიგია წარმოდგენილი.
ოფოფების ქვერიგის წარმომადგენლები შედარებით უფრო პატარა ზომის ფრინველებია, აქვთ გრძელი და წვრილი, ქვემოთ ოდნავ მოხრილი ნისკარტი, მაგარი ფეხები. გალოს უკანა ზედაპირი განივი ფირფიტებითაა დაფარული. შიგნითა და შუა თითი ძირში ერთმანეთთან შეზრდილია. ბუმბულსაფარველი ხშირია და რბილი. შეფერილობა ჭრელია ან მუქი, მეტალური ელვარებით. სქესობრივი და ასაკობრივი დიმორფიზმი შეფერილობაში არაა ან სუსტადაა გამოხატული. ფრთები შედარებით მოკლე და ფართოა. ფრინავენ საკმაოდ ცუდად, მაგრამ დადიან კარგად. ზოგიერთი მათგანი მეხეური ფრინველია (ოჯახი Phoeniculidae), ხოლო ზოგიერთი − სიცოცხლის უმეტეს ნაწილს მიწაზე ატარებს (ოჯახი Upupidae).
გამრავლება მონოგამიური აქვთ. ბუდობენ ფუღუროებში, სოროებში, კლდეთა ნაპრალებში, შენობების სახურავების ქვეშ. დებენ 3-7 კვერცხს. კრუხად სხდებიან მხოლოდ დედლები. მამლები ამ დროს კვებავენ დედლებს, შემდეგში კი ბარტყებსაც. ბარტყები იჩეკებიან პტერილიებზე ღინღლით შემოსილი. კვების დროს საკვებს პირში უდებენ. ამიტომ პირის ღრუ ბარტყებს მკვეთრი შეფერილობისა აქვთ, ხოლო პირის კუთხეებთან ე. წ. მგრძნობიარე ბორცვებია.
ოფოფების წარმომადგენლებს განგური წელიწადში ერთხელ აქვთ. ზომიერი განედების ფორმებისათვის დამახასიათებელია სეზონური მიგრაციები, ხოლო ტროპიკული ქვეყნების სახეობები მობინადრენია. ამ ქვერიგის ფრინველები ძირითადად ენტომოფაგებია. ჭამენ რბილსაფარველიან ყოველნაირ მწერს და მათ მატლებს, რომლებსაც წვრილი და გრძელი ნისკარტის დახმარებით პოულობენ რბილ გრუნტში, ნაკელში და ა. შ.
საქართველოში წარმოდგენილია ამ ქვერიგის ერთი ოჯახი.