ოცდაერთი მოთხოვნა იაპონიისა ჩინეთისადმი
ოცდაერთი მოთხოვნა იაპონიისა ჩინეთისადმი – იაპონიის მიერ 18.1.1915 ჩინეთის მთავრობისადმი წაყენებული მოთხოვნები იაპონიისათვის ჩინეთში განსაკუთრებული ეკონომიკური და პოლიტიკური უფლებების მინიჭების თაობაზე.
იაპონია მოითხოვდა მისთვის გერმანული ქვანახშირის კონცესიების და ყველა იმ უფლებისა ღა პრივილეგიის გადაცემას, რომლითაც სარგებლობდნენ გერმანელი მოქალაქეები შანდუნში: რკინიგზების მშენებლობის უფლებას, ასევე დამატებითი პუნქტებისა და პორტების გახსნას იაპონური საქონლით ვაჭრობისათვის, იაპონია ცდილობდა მიეღწია კვანტუნის ოლქის, მათ შორის პორტ-არტურის (ლუიშუნის) და დალნის (დალიანის), ასევე სამხრეთ მანჯურიის და მუკდენ (შენიანი)-ანდუნის რკინიგზის იჯარის ვადების გახანგრძლივებისათვის (25 წლიდან 99 წლამდე), ამ რაიონებში იაპონიის ქვეშევრდომებისათვის სამრეწველო და კომერციული საქმიანობის უფლების მინიჭებას და სხვ. იაპონია ჩინეთისაგან მოითხოვდა, სხვა სახელმწიფოებისათვის იჯარით არ გადაეცა პორტები, კუნძულები და ტერიტორიები ჩინეთის ტერიტორიაზე. იაპონიის მხარე დაჟინებით მოითხოვდა ჩინეთის მთავრობაში იაპონელი პოლიტიკური, ფინანსური, ეკონომიკური და სამხედრო მრჩევლების დანიშვნას, ჩინეთის პოლიციაზე კონტროლს, ჩინეთის მიერ იაპონური იარაღის შესყიდვას.
საიდუმლო მოლაპარაკებები იაპონიისა და ჩინეთის მთავრობებს შორის 4 თვის მანძილზე მიმდინარეობდა პეკინში. 27.IV.1915 იაპონიის მოთხოვნები ულტიმატუმის ფორმით გადაეცა ჩინეთის მთავრობას, ხოლო 9.V აშშ-ის და ინგლისის რჩევით მან მიიღო ულტიმატუმი. 25.V ხელი მოაწერეს იაპონია-ჩინეთის საიდუმლო ხელშეკრულებას, რომელიც აკმაყოფილებდა იაპონიის ძირითად მოთხოვნებს.