პალეოგრაფია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პალეოგრაფია – (ბერძნ. παλαιóς – ძველი, γράφω – ეწერ), ისტორიულ-ფილოლოგიური დისციპლინა. სწავლობს წერის ხელოვნებასთან, დამწერლობით კულტურასთან დაკავშირებულ საკითხებს: ანბანის წარმოშობას, ასოთა მოხაზულობის ისტორიულ ცვალებადობას, ნაწერის ესთეტიკურ მხარეს, ტექსტის დანაწევრების აღმნიშვნელ სასვენ და განკვეთილობის ნიშნებს, საწერ მასალასა და იარაღებს, წარწერებისა და ხელნაწერი ძეგლების რაობას (მათ ქრონოლოგიას, შექმნის ადგილს, ისტორიულ გარემოს…) და სხვ. პალეოგრაფია ცალკე დისციპლინად ჩამოყალიბდა ძველი დოკუმენტებისა და წერილობითი წყაროების რეალურ ღირებულებათა განმსაზღვრელი დიპლომატიკისაგან. პალეოგრაფიის ფუძემდებლად და ტერმინის მეცნიერებაში დამამკვიდრებლად ითელება ფრანგი ბ. მონფოკონი, ავტორი შრომისა „ბერძნული პალეოგრაფია“ (1708)

პალეოგრაფიის ძირითადი პრაქტიკული დანიშნულებაა დაუთარიღებელი ხელნაწერების ხელის განსაზღერის საფუძველზე დაადგინოს ავტორი, დრო და ადგილი, ისეთი ხელნაწერებისა, რომლებშიც ამ საკითხებზე პირდაპირი ცნობები არ არის.

პალეოგრაფია ემსახურება ისტორიას, ენათმეცნიერებას, ხელოვნებათმცოდნეობას, ლიტერატურის ისტორიას, საკუთრივ ტექსტოლოგიასა და სხვ. ჰუმანიტარულ დარგებს. პალეოგრაფიის მომიჯნავე დისციპლინებია: ეპიგრაფიკა (წარწერათმცოდნეობა), ჰერალდიკა (გერბთმცოდნეობა), ნუმიზმატიკა (ფულისმცოდნეობა) და სხვ.

ზოგადი პალეოგრაფიის გვერდით არსებობს კერძო პალეოგრაფია რომელიც სწავლობს კონკრეტული დამწერლობის (ქართულ, ბერძნნულ, სლავურ და ა. შ.) საკითხებს.

ქართული პალეოგრაფიის მეცნიერული შესწავლა იწყება XIX ს-ის II ნახ-იდან (ფ. დიუბუა, მ. ბროსე, დ. ბაქრაძე, ა. ცაგარელი, ე. თაყაიშვილი, მ. ჯანაშვილი, დ. კარიჭაშვილი, ნ. მარი…), ხოლო მეცნიერულად ქართული პალეოგრაფიის ძირითადი საკითხები სისტემურად დაამუშავა ი. ჯავახიშვილმა. XX ს. 20-იან წლებში მან პირველმა წაიკითხა ქართული პალეოგრაფიის კურსი ახალდაარსებულ თბილისის უნივერსიტეტში და შექმნა პირველი სახელმძღვანელო – „ქართული დამწერლობათმცოდნეობა ანუ პალეოგრაფია“ (1926). პალეოგრაფიის საკითხებს ინტენსიურად იკვლევენ აკად. კ. კეკელიძის სახელმწიფო ხელნაწერთა ინსტიტუტში.

კ. დანელია


ლიტერატურა

  • ჯავახიშვილი ი. ქართული დამწერლობათმცოდნეობა ანუ პალეოგრაფია, თბ, 1949;
  • აბულაძე ი. ქართული წერის ნიმუშები. პალეოგრაფიული ალბომი, თბ,, 1949;
  • ხაჟომია თ. ნუსხური დამწერლობის გარდამავალი ხელი (XI ს.), თბ., 1954;
  • პალეოგრაფიული ძიებანი, ტ. 1–2, თბ. 1965-69;
  • ქაჯაია ლ. პუნქტუაცია X-XII საუკუნეების ქართულ ხელნაწერებში, თბ., 1969;
  • სურგულაძე მ. ძველი ქართული პალეოგრაფიული ტერმინები, თბ., 1978;
  • მაჭავარიანი ე. ქართული ანბანის გრაფიკული საფუძვლები, თბ. 1982;
  • მისივე, XII-XIV საუკუნეთა ქართული ოთხთავების დეკორატიული მორთულობის სისტემა, თბ. 1987 (სადოქტ. დისერტაცია);
  • გამყრელიძე თ. წერის ანბანური სისტემა და ძველი ქართული დამწერლობა. ანბანური წერის ტიპოლოგია და წარმომავლობა, თბ., 1990;
  • დანელია კ. სარჯველაძე ზ., ქართული პალეოგრაფია, თბ. 997.

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები