პალმერი მაიკლ
მაიკლ პალმერი – (დ. 1943), პოეტი, ქორეოგრაფი, რადიოპიესების ოსტატი და კალიფორნიის ახალი კოლეჯის საპოეტო განყოფილების მასწავლებელი. მისი პოეზია, ძირითადად, „შავი მთის სკოლის“ ესთეტიკას იზიარებს და „მაპროეცირებელი ლექსის“ ტრადიციას ავითარებს. ავტორი თავისებურად გაიაზრებს ოლსონის თვალსაზრისს, რომ ფორმა შინაარსის პროექცია უნდა იყოს. მის ლექსებში განცდის უშუალობა მთლიანად სიტყვებს შორის წარმოქმნილი დაძაბულობითაა გაშუალებული და შემოქმედებითი სუბიექტივიზმი განსაზღვრავს ემოციების თანმიმდევრობის ლოგიკას. მიუხედავად მისი პოეზიის ანალიტიკური ბუნებისა, იგი ითვლება უაღრესად ლირიკული ხედვის ავტორად, რომლის გავლენაც გერტრუდა სტაინის ტრადიციის გამგრძელებელ ამერიკულ ექსპერიმენტულ ლიტერატურაში განსაკუთრებულია. პალმერი იკვლევს ენის როგორც პროცესის ბუნებას, თუნდაც იმ სინტაქსურ ცვლილებებს, რომელსაც ენა ნებისმიერი საგნის აღწერის დროს გადის. პალმერი თარგმნის, ამავე დროს, რუს და ბრაზილიელ პოეტებს, აქვეყნებს ნაშრომებს ცეკვის თეორიის პრობლემებზე.