პაპავა ვლადიმერ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Papa.PNG

პაპავა ვლადიმერი - (დაიბ. 1955) (Papava Vladimer) - საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1997), ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1990), პროფესორი (1995), საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობათა კვლევის ფონდის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო-ეკონომიკური ფაკულტეტი ეკონომიკური კიბერნეტიკის სპეციალობით (1977), სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ცენტრალური ეკონომიკურ-მათემატიკური ინსტიტუტის ასპირანტურა (მოსკოვი, რუსეთი, 1982).

იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი (1977-1978); სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ცენტრალური ეკონომიკურ-მათემატიკური ინსტიტუტის სტაჟიორიმკვლევარი (1978-1979); საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტის უმცროსი (1982), უფროსი (1982-1987), წამყვანი (1987-1989), მთავარი (1989- 1991) მეცნიერ-თანამშრომელი; საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის დირექტორი (1991-1996); საქართველოს ეკონომიკის მინისტრი (1994-2000); საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის მოადგილე (2000-2001); ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაკროეკონომიკის კათედრის გამგე (2003-2005); ჯონს ჰოპკინსის სახელობის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა სკოლის, ცენტრალური აზიისა და კავკასიის ინსტიტუტის მიწვეული მკვლევარი (2005-2006); საქართველოს პარლამენტის წევრი და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე (2004-2008). 2001 წლიდან საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობათა კვლევის ფონდის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი. დაცული აქვს საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „რეგიონის სამშენებლო კომპლექსის მოდელირება სახალხო მეურნეობის განვითარების ერთიან ეკონომიკურ-მათემატიკურ მოდელთა სისტემაში” (1982), სადოქტორო - „საზოგადოებრივი წარმოების პროდუქტიულობა და მისი დარგთაშორისი ანალიზი” (1989).

ვ. პაპავა არის 200-მდე სამეცნიერო ნაშრომის - მონოგრაფიების, სახელმძღვანელოებისა და სტატიების ავტორი, მათ შორის:

  1. „საზოგადოებრივი წარმოების პროდუქტიულობა და დარგთაშორისი ბალანსის მოდელები” (რუსულ ენაზე, თბილისი, „მეცნიერება”, 1989);
  2. „საქართველო საბაზრო ეკონომიკის გზაზე” (ქართულ და რუსულ ენებზე, თბილისი, „მეცნიერება”, 1995);
  3. „საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოში: მიღწევები და შეცდომები” (რუსულ ენაზე, თბილისი, „იმპერიალი”, 2000);
  4. „პოსტკომუნისტური კაპიტალიზმის პოლიტიკური ეკონომია და საქართველოს ეკონომიკა” (ქართულ ენაზე, თბილისი, „პდპ”, 2002);
  5. „საერთაშორისო სავალუტო ფონდის ბრწყინვალება და სიღატაკე პოსტკომუნისტურ საქართველოში” (ინგლისურ ენაზე, ლარედო (აშშ), „ვიპაბლიშკომი”, 2003);
  6. „საფინანსო გლობალიზაცია და პოსტკომუნისტური საქართველო” (თანაავტორი ვეფხია ჩოხელი, ინგლისურ ენაზე, ნიუ-იორკი, „აიუნივერსი”, 2003);
  7. „მაკროეკონომიკური რეგულირების მეთოდები და მოდელები” (თანაავტორები იური ანანიაშვილი, იაკობ მესხია, ავთანდილ სილაგაძე, გიორგი წერეთელი. ქართულ ენაზე, თბილისი, „მეცნიერება”, 2003);
  8. „ცენტრალური კავკასია და საქართველოს ეკონომიკა” (თანაავტორები თეიმურაზ ბერიძე და ელდარ ისმაილოვი, რუსულ ენაზე, ბაქო (აზერბაიჯანი), „ნურლანი”, 2004); «
  9. „პოსტკომუნისტური გარდამავალი პერიოდის მაკროეკონომიკა” (ქართულ ენაზე, თბილისი, „თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა”, 2005);
  10. „პოსტკომუნისტური კაპიტალიზმის პოლიტიკური ეკონომიის ნარკვევები” (თანაავტორი თეიმურაზ ბერიძე, რუსულ ენაზე, მოსკოვი (რუსეთი), „დელო ი სერვის”, 2004);
  11. „ნეკროეკონომიკა: პოსტკომუნისტური კაპიტალიზმის პოლიტიკური ეკონომია” (ინგლისურ ენაზე, ნიუ-იორკი, „აიუნივერსი”, 2005);
  12. „ცენტრალური კავკასია: გეოპოლიტიკიდან გეოეკონომიკამდე” (თანაავტორი ელდარ ისმაილოვი, რუსულ ენაზე, სტოკჰოლმი, „საისპრესი”, 2006);
  13. „ცენტრალური კავკასია: გეოპოლიტეკონომიკური ნარკვევები” (თანაავტორი ელდარ ისმაილოვი, ინგლისურ ენაზე, სტოკჰოლმი, „საისპრესი”, 2006);
  14. „ცენტრალური კავკასია: ისტორია, პოლიტიკა, ეკონომია” (თანაავტორი ელდარ ისმაილოვი, რუსულ ენაზე, მოსკოვი (რუსეთი), „მისლი”, 2007);
  15. „გადასახადები, მოთხოვნა და მიწოდება: ლაფერ-კეინზიანური სინთეზი” (თანაავტორი იური ანანიაშვილი, თბილისი, „სიახლე”, 2009);
  16. „ცენტრალური კავკაზია (გეოპოლიტეკონომიური ნარკვევი”) (თბილისი, „სიახლე”, 2009);
  17. „შავი ზღვის რეგიონის კომპლექსური ეკონომიკური განვითარება: გლობალური ფინანსური და ეკონომიკური კრიზისის ზეგავლენა” (ინგლისურ ენაზე, ათენი, შავი ზღვის შემსწავლელი საერთაშორისო ცენტრი, 2010);
  18. „ცენტრალური ევრაზიის ახლებული გეოპოლიტიკური გააზრება” (თანაავტორი ელდარ ისმაილოვი, ინგლისურ ენაზე, ვაშინგტონი, ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტი, 2010; რუსულ ენაზე, სტოკჰოლმი, „საისპრესი”, 2010);
  19. „ლაფერ-კეინზიანური სინთეზი და მაკროეკონომიკური წონასწორობა” (თანაავტორი იური ანანიაშვილი, რუსულ ენაზე, სტოკჰოლმი, „საისპრესი”, 2010);
  20. „ნეკროეკონომიკის ზომბირება (გლობალური ფინანსურ-ეკონომიკური კრიზისის ზეგავლენა შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებზე)” (თბილისი, პაატა გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტის გამომცემლობა, 2010);
  21. „არატრადიციული ეკონომიკსი” (თბილისი, პაატა გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტის გამომცემლობა, 2011) და სხვ.

ვ. პაპავა არის შემდეგი აკადემიების, საზოგადოებებისა და ასოციაციების წევრი: ეკონომიკური თეორიის მიღწევების საზოგადოება (აშშ, 1990), დანახარჯები-გამოშვების საერთაშორისო ასოციაცია (ავსტრია, 1992), ინფორმატიზაციის საერთაშორისო აკადემია (გაერო, 1994), საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემია (საქართველო, 1994), ნიუ-იორკის მეცნიერებათა აკადემია (აშშ, 1995), დასავლეთის საერთაშორისო ეკონომიკური ასოციაცია (აშშ, 1996), მეცნიერების, განათლების, მრეწველობისა და ხელოვნების საერთაშორისო აკადემია (აშშ, 1997), სამეფო ეკონომიკური საზოგადოება (დიდი ბრიტანეთი, 1997), საერთაშორისო ატლანტიკური ეკონომიკური საზოგადოება (აშშ, 1998), ლუდვიგ ფონ მიზესის ინსტიტუტი (აშშ, 2006), ამერიკის ეკონომიკური ასოციაცია (აშშ, 2006), ცენტრალური ევრაზიის შემსწავლელი საზოგადოება (აშშ, 2006), შედარებითი ეკონომიკური კვლევების ევროპული ასოციაცია (იტალია, 2006), ამერიკის პოლიტიკურ მეცნიერებათა ასოციაცია (აშშ, 2006), პოლიტიკურ და სოციალურ მეცნიერებათა ამერიკის აკადემია (აშშ, 2006).

სხვა საქმიანობა:

ჟურნალ „საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მაცნე” – ეკონომიკის სერია, მთავარი რედაქტორი (1992- 2005),
საქართველოს სწავლულ ექსპერტთა საბჭოს ეკონომიკის სექციის თავმჯდომარე (1992- 2003),
საქართველოს პრეზიდენტის ეკონომიკური საბჭოს წევრი (1993-2003, 2005 წლიდან დღემდე),
მსოფლიო ბანკის ალტერნატიული მმართველი (აშშ, 1994- 2000),
ჟურნალ „გარდამავალი ეკონომიკის პრობლემების” რედკოლეგიის წევრი (აშშ, 1997 წლიდან დღემდე),
ჟურნალ „საზოგადოება და ეკონომიკის” რედკოლეგიის წევრი (რუსეთი, 1998 წლიდან დღემდე),
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სამეცნიერო ეკონომიკური საბჭოს თავმჯდომარე (2002 წლიდან დღემდე),
ჟურნალ „კავკასია და გლობალიზაციის” რედკოლეგიის წევრი (შვედეთი, 2006 წლიდან დღემდე),
დემოკრატიული გარდაქმნების პროექტის ტრანსატლანტიკური მმართველი ჯგუფის წევრი, (აშშ, 2006 წლიდან დღემდე),
ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის ცენტრალური აზიისა და კავკასიის ინსტიტუტის და სტოკჰოლმის უსაფრთხოებისა და განვითარების პოლიტიკის ინსტიტუტის, აბრეშუმის გზის შემსწავლელი პროგრამის ერთობლივი ტრანსატლანტიკური სამეცნიერო ცენტრის ასოცირებული უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი (აშშ-შვედეთი, 2006 წლიდან დღემდე),
სოციალური და ეკონომიკური კვლევების ცენტრის მრჩეველთა საბჭოს წევრი (პოლონეთი, 2007 წლიდან დღემდე).

ჯილდოები:
საქართველოს განათლების სამინისტროს რესპუბლიკური პრემიის ლაურეატი წიგნისათვის „სამრეწველო საწარმოს ორგანიზაცია და დაგეგმვა” (თანაავტორი გიორგი პაპავა, 1987),
მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი ნაშრომთა ციკლისათვის „მაკროეკონომიკური რეგულირების მეთოდები და მოდელები” (თანაავტორობით, 2004),
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ფილიპე გოგიჩაიშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი მონოგრაფიისთვის „ნეკროეკონომიკა: პოსტკომუნისტური კაპიტალიზმის პოლიტიკური ეკონომია” (2008).


წყარო

თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები