პარიზის კონგრესი 1856
პარიზის კონგრესი 1856 – მიმდინარეობდა 13.25.II – 18.(30).III, დაასრულა ყირიმის ომი 1853-56. კონგრესში მონაწილეობდნენ რუსეთის და მასთან საომარ მდგომარეობაში მყოფი დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, თურქეთის და სარდინიის, ასევე ავსტრიის და პრუსიის წარმომადგენლები (ეს ქვეყნები ომის პერიოდში მტრულ პოლიტიკას აწარმოებდნენ რუსეთის მიმართ). მოლაპარაკებებს საფუძვლად დაედო საზავო ხელშეკრულების (რომელიც შეიმუშავა ანტირუსულმა კოალიციამ 1854 წლის ზაფხულში და განიხილებოდა ვენის კონფერენციაზე 1855 რუსეთის მონაწილეობით) ე.წ. „ოთხი პირობა“, ასევე სევასტოპოლის დაცემის (27.VIII.8.IX.1855) შემდეგ წამოყენებული მოთხოვნა შავი ზღვის ნეიტრალიზაციის შესახებ. კონგრესზე რუსეთმა გამოიყენა გამარჯვებულებს შორის უთანხმოება და საფრანგეთთან დაახლოების გზით მიაღწია ზავის პირობების შემსუბუქებას. კონგრესის დასკვნით სხდომაზე ხელმოწერილი პარიზის საზავო ხელშეკრულება ითვალისწინებდა: რუსეთის მიერ თურქეთისათვის ქ. ყარსის გადაცემას, სევასტოპოლისა და თურქეთის მოკავშირეების მიერ დაკავებული ყირიმის სხვა ქალაქების სანაცვლოდ; შავი ზღვის ნეიტრალურად გამოცხადებას და იქ რუსეთისა და თურქეთის სამხედრო ფლოტებისა და არსენალების აკრძალვას, დუნაიზე თავისუფალი ნაოსნობის გამოცხადებას ორი საერთაშორისო კომისიის კონტროლქვეშ: რუსეთის მიერ მოლდავეთისთვის დუნაის შესართავისა და მასთან მიმდებარე სამხრეთ ბესარაბიის ნაწილის გადაცემას; ხელშეკრულებას ერთოდა 3 კონვენცია (პირველი ადასტურებდა 1841 ლონდონის კონვენციას სამხედრო ხომალდებისათვის შავი ზღვის სრუტეების დახურვის შესახებ, მეორე ადგენდა შავ ზღვაზე რუსეთის და ოსმალეთის მსუბუქი საგუშაგო ხომალდების რიცხვს, მესამე უკრძალავდა რუსეთს ალანდის კუნძულებზე (ბალტიის ზღვა) სამხედრო სიმაგრეთა მშენებლობასა); თურქეთის ქრისტიან ქვეშევრდომთა გადაცემა ევროპულ სახელმწიფოთა მმართველობაში ნებადართული გახდა სულთნის რესკრიპტით 18.II,1856, რომლითაც გამოცხადდა ყველა ქრისტიანული სარწმუნოების თავისუფლება.
პარიზის საზავო ხელშეკრულებამ სათავე დაუდო რუსეთის საგარეო პოლიტიკის ახალ კურსს. საღვთო კავშირის დაშლის, რუსეთ-თურქეთის დაძაბული ურთიერთობის და რუსეთის მიმართ ბრიტანეთის მტრული კურსის პირობებში, რუსეთის დიპლომატიური ღონისძიებები ძირითადად მიმართული იყო საფრანგეთთან დაახლოებისკენ. რუსეთის საერთაშორისო მდგომარეობის განმტკიცებამ საშუალება მისცა მას 19(31)X-1870, გაეუქმებინა მისი სუვერენიტეტის შემლახველი პარიზის საზავო ხელშეკრულების დებულებები შავი ზღვის ნეიტრალიზაციის შესახებ. კონგრესის გადაწყვეტილებით ბალკანეთზე შექმნილ საერთაშორისო ურთიერთობათა სისტემაში სერიოზული ცვლილებები შეიტანა სან-სტეფანოს საზავო ხელშეკრულებამ 1878 და ბერლინის კონგრესმა 1878. რომელთაც დაასრულეს რუსეთ-თურქეთის ომი 1877-78.