პარიზის სამშვიდობო ხელშეკრულებები XVIII-XIX საუკუნეებში

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პარიზის სამშვიდობო ხელშეკრულებები XVIII-XIX საუკუნეებში

სარჩევი

I ხელშეკრულება 1763

ხელი მოაწერეს 10.II ვერსალში, დაიდო, ერთი მხრივ, დიდ ბრიტანეთსა და მეორე მხრივ, საფრანგეთსა და ესპანეთს შორის, პეტერბურგის ხელშეკრულებასთან (1761) ერთად დაასრულა შვიდწლიანი ომი 1756-63. მოგვიანებით ხელშეკრულებას შეუერთდა პორტუგალია. ხელშეკრულების თანახმად, დიდმა ბრიტანეთმა საფრანგეთისგან მიიღო: ჩრდილოეთ ამერიკაში – კანადა, კუნძული კეიჰ-ბრეტონი და მდ. მისისიპის აღმოსავლეთით მდებარე მიწები (აღმოსავლეთი ლუიზიანა) ახალი ორლეანის გამოკლებით; ვესტინდოეთში – კუნძულები დომინიკა, სენტ-ვინსენტი, გრენადა და ტობაგო; აფრიკაში – სენეგალის თითქმის მთელი ტერიტორია; ინდოეთში – თითქმის ყველა საფრანგეთის სამფლობელო, 5 ქალაქის გარდა; კუნძული მენორკა, რომელიც ფრანგებმა დაიპყრეს 1756 წელს, დაუბრუნდა დიდ ბრიტანეთს. ბრიტანეთმა საფრანგეთს გადასცა კუნძულები სენ-პიერი და მიკელოსნი. ესპანეთმა ბრიტანეთს გადასცა ფლორიდა, ხოლო კომპენსაციის სახით საფრანგეთისგან მიიღო დასავლეთი ლუიზიანა და ფულადი ანაზღაურება. ხელშეკრულება ადასტურებდა ვესტფალიის ზავის 1648 შემდეგ ევროპაში დადებულ ყველა ხელშეკრულებას და ითვალისწინებდა სამხედრო ტყვეების გაცვლას, ასევე საფრანგეთს და ესპანეთს აკისრებდა ჯარების ევაკუაციას პორტუგალიიდან და მისი კოლონიებიდან, ხოლო საფრანგეთს – ჰანოვერიდან.

II ხელშეკრულება 1801

ხელი მოაწერეს 26.IX (8.X) პარიზში, დაიდო რუსეთსა და საფრანგეთს შორის, რომელიც ცდილობდა რუსეთის სახით შეეძინა მოკავშირე დიდი ბრიტანეთის წინააღმდეგ. ხელშეკრულება აცხადებდა მშვიდობასა და მეგობრობას საფრანგეთსა და რუსეთს შორის, რომლებმაც ორმხრივად იკისრეს, არ დახმარებოდნენ ერთმანეთის მტრებს, ორ ქვეყანას შორის აღდგა დიპლომატიური და სავაჭრო ურთიერთობები. საიდუმლო კონვენციით (რომელსაც ხელი მოაწერეს 28 1X (10.X) და ერთოდა ხელშეკრულებას), რუსეთმა და საფრანგეთმა იკისრეს, შეთანხმებულად ემოქმედათ გერმანიაში ჩამოყალიბებული სახელმწიფოებრივი მოწყობის შენარჩუნებისათვის, „ავსტრიისა და ბრანდენბურგის სამეფო სახლებს შორის წონასწორობის“ დაცვის მეშვეობით. ორივე სახელმწიფო შეთანხმდა ასევე, რომ ერთობლივად ემოქმედათ იტალიისა და პაპის ტახტის მომავალი ბედის საკითხის მოწესრიგებისათვის. საფრანგეთმა იკისრა, დაუყოვნებლივ დაეწყო მოლაპარაკებები რუსეთის შუამავლობით თურქეთთან მშვიდობის აღდგენის მიზნით, ხოლო რუსეთმა იკისრა შუამავლობა თურქეთთან, ფრანგი სამხედრო ტყვეების განთავისუფლებისათვის. ორივე სახელმწიფომ ცნო შვიდი შეერთებული კუნძულის (იონიის კუნძულების) დამოუკიდებლობა და კონსტიტუცია. რუსეთმა იკისრა ჯარების გამოყვანა ამ ტერიტორიიდან. საფრანგეთმა იკისრა, შეენარჩუნებინა ორივე სიცილიის სამეფოს მთლიანობა, ხოლო ეგვიპტის მომავალი ბედის გარკვევის შემდეგ – ეღიარებინა მისი ნეიტრალიტეტი და გაეყვანა მისი ტერიტორიიდან საფრანგეთის ჯარები. კონვენცია რუსეთსა და საფრანგეთს აკისრებდა, ემოქმედათ ერთობლივად მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში „წონასწორობის აღდგენის“ მიზნით და უზრუნველეყოთ ზღვაოსნობის თავისუფლება, რაც, არსებითად, დიდი ბრიტანეთის წინააღმდეგ იყო მიმართული. ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ საფრანგეთის მთავრობამ თავი აარიდა მისი ზოგიერთი პირობის შესრულებას. ამას მოჰყვა რუსეთ-საფრანგეთის ურთიერთობების გაუარესება, 1804 დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტა, ხოლო 1805 მე-3 ანტიფრანგული კოალიციის შექმნა.

III ხელშეკრულება 1806

ხელი მოაწერეს 8(20).VII პარიზში, დაიდო რუსეთსა და საფრანგეთს შორის, აუსტერლიცთან ბრძოლის შემდეგ ჩატარებული მოლაპარაკებების შედეგად. ხელი მოაწერა რუსეთის წარმომადგენელმა ჰ.ი. უბრიმ მისთვის მიცემული ინსტრუქციების საწინააღმდეგოდ, ხელშეკრულებამ გამოაცხადა მშვიდობა და მეგობრობა ორ ქვეყანას შორის. რუსეთმა იკისრა ჯარების გამოყვანა საბრძოლი მოქმედებების დროს მის მიერ დაკავებული აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის ტერიტორიებიდან. მასვე დაეკისრა ვალდებულება, ეცნო ჟოზეფ ბონაპარტი ორივე სიცილიის მეფედ, ამასთან, ნეაპოლელ ბურბონებს უნდა მიეღოთ კომპენსაცია ბალეარის კუნძულების სანაცვლოდ, რომელიც ესპანეთს ეკუთვნოდა, საფრანგეთმა იკისრა, სამი თვის შემდეგ გაეყვანა ჯარები გერმანული სამთავროებიდან და აღედგინა რაგუზის რესპუბლიკის დამოუკიდებლობა, ორივე სახელმწიფომ ცნო შვიდი შეერთებული კუნძულის და თურქეთის დამოუკიდებლობა. საფრანგეთმა აიღო ვალდებულება, დაეკისრებინა პრუსიისათვის შვედეთთან ზავის დადება, ხოლო რუსეთმა – დაეკისრებინა შვედეთისთვის ზავის დადება საფრანგეთთან და პრუსიასთან, შედეთის მიერ პოშერანიის შენარჩუნების შემთხვევაში. ამ გარემოებებს უნდა მოჰყოლოდა ინგლის-რუსეთის კავშირის გაწყვეტა და რუსეთის იზოლაციაში მოქცევა. ამიტომ რუსეთის იმპერიის სახელმწიფო საბჭომ, სადაც ხელშეკრულება განსახილველად წარადგინეს ერთხმად უარყო იგი.

IV ხელშეკრულება 1814

ხელი მოაწერეს 18(30).V. პარიზში საფრანგეთის და რუსეთის წარმომადგენლებმა. დაიდო საფრანგეთსა და მე-6 ანტიფრანგული კოალიციის მონაწილეებს – რუსეთს, დიდ ბრიტანეთს, ავსტრიასა და პრუსიას შორის. შემდგომში ხელშეკრულებას შეუერთდნენ შვედეთი, ესპანეთი და პორტუგალია. მოკავშირე სახელმწიფოთა ჩანაფიქრით, ხელშეკრულება უნდა გამხდარიყო ევროპის ახალი პოლიტიკური მოწყობის ფუნდამენტი საფრანგეთის რევოლუციისა და ნაპოლეონ I-ის იმპერიის ეპოქის მოვლენების შემდეგ. ხელშეკრულების მიხედვით, საფრანგეთს დაუტოვეს ტერიტორია 1792 წლის საზღვრებში, აღდგა ნიდერლანდის დამოუკიდებლობა ორანელთა სამეფო სახლის მმართველობით, ასევე შვეიცარიის, გერმანული სამთავროებისა და იტალიურ სახელმწიფოთა დამოუკიდებლობა იმ მიწების გარდა, რომლებიც ავსტრიას გადაეცა. დიდმა ბრიტანეთმა შეინარჩუნა კუნძული მალტა და იკისრა, დაებრუნებინა საფრანგეთისთვის ყველა მიტაცებული კოლონია, რომელიც ამ უკანასკნელს ეკუთვნოდა 1792 წლისათვის, კუნძულების; ტობაგოს, სენტ-ლუსიას და ინდოეთის ოკეანის ფრანგული კუნძულების, რომლებიც ბრიტანეთის მფლობელობაში დარჩა, და კუნძულ ჰაიტის ესპანური ნაწილის გარდა, რომელიც ესპანეთს დაუბრუნდა. შვედეთს და პორტუგალიას საფრანგეთისთვის უნდა დაებრუნებინა შესაბამისად, კუნძული გვადელუპა და საფრანგეთის გვიანა. საფრანგეთმა დაიბრუნა ასევე თავისი სამფლობელოები ინდოეთში მათი გაფართოების უფლების გარეშე. გამოცხადდა ნაოსნობის თავისუფლება მდ. რაინზე. იმ მიწების სტატუსი, რომლებზეც საფრანგეთმა უარი თქვა, დათანხმდა რა 1792 წლის საზღვრებზე, უნდა განესაზღვრა ვენაში მოწვეულ სამშვიდობო კონგრესს ხელშეკრულების საიდუმლო მუხლების თანახმად, საფრანგეთს, გერმანულ (თანამედ. ჩრდილოეთის ზღვასა და მდინარე მაასს (ბელგია) შორის მდებარე მიწები უნდა შესულიყო ჰოლანდიის შემადგენლობაში, ხოლო მდ. რაინის მარცხენა სანაპიროს გერმანული მიწები, რომლებიც საფრანგეთს შეუერთდა 1794 წლის შემდეგ. განკუთვნილი იყო ნიდერლანდის გაფართოების, ასევე პრუსიისა და სხვა გერმანული სახელმწიფოებისათვის გადასაცემად, სარდინია აღდგა უწინდელ საზღვრებში, შამპერისა და ანესის გამოკლებით, რომლებიც საფრანგეთს გადაეცა, სამაგიეროდ მას (სარდინიამ) კომპენსაციის სახით მიიღო გენუა. ჩრდილოეთ იტალიის ნაწილი, რომელსაც სამხრეთით ესაზღვრებოდა მდინარეები პო და ტესინი, ასევე ტბა ლაგო-მაჯორე, გადაეცა ავსტრიას. ამრიგად, ხელშეკრულებამ საფრანგეთის ირგვლივ შექმნა მისადმი მტრულად განწყობილ სახელმწიფოთა რკალი, რომლებიც დაუპირისპირდებოდნენ მომავალში შესაძლო ფრანგულ ექსპანსიას, ამავე დროს ხელშეკრულებამ საფრანგეთს შეუნარჩუნა მნიშვნელოვანი ტერიტორია; ნაპოლეონ I-ის „ასი დღის“ შემდეგ მოკავშირეებმა აიძულეს საფრანგეთი, მიეღო ზავის უფრო მძიმე პირობები, რომლებიც განმტკიცდა პარიზის საზავო ხელშეკრულებით 1815.

V ხელშეკრულება 1815

ხელი მოაწერეს 8(20).XI პარიზში, რუსეთისა და საფრანგეთის წარმომადგენლებმა, დაიდო საფრანგეთსა და მე-7 ანტიფრანგული კოალიციის მონაწილეებს – რუსეთს, დიდ ბრიტანეთს, ავსტრიასა და პრუსიას შორის. ხელშეკრულების პირობები შემუშავდა მოკავშირეთა კონფერენციაზე, რომლის გაიხსნა პარიზში ნაპოლეონის ვატერლოოსთან დამარცხების შემდეგ (1815, ივნისი). დიდი ბრიტანეთი და პრუსია მოითხოვდნენ საფრანგეთისათვის უკიდურესად მძიმე პირობების წაყენებას, კერძოდ, გერმანული სახელმწიფოებისათვის მდ. რაინის მთელი მარცხენა სანაპიროს გადაცემას და საფრანგეთის მიერ 1200 მილიონი ფრანკი კონტრიბუციის გადახდას. ეს პირობები უარყო რუსეთმა, რომელსაც არ სურდა საფრანგეთის მეტისმეტად დასუსტება. მისი მტკიცე პოზიციის გამო, დიდი ბრიტანეთი და პრუსია დათანხმდნენ, რამდენადმე შეემცირებინათ თავისი მოთხოვნები. ხელშეკრულების თანახმად, საფრანგეთისათვის დადგინდა 1790 წლის საზღვრები. შეტანილი ცვლილებების შედეგად, მან დაკარგა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პუნქტები: ფილიპვილი, მარიენბურგი, ბუიონის, ზაარბრიუკენის და საარლუის, ასევე ლანდაუს საჰერცოგოები. მოკავშირეთა 150-ათასიან არმიას უნდა დაეკავებინა მთელი რიგი ფრანგული სიმაგრეები ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთით. მათი შენახვა დაეკისრა საფრანგეთს, ხოლო ოკუპაციის ვადა განისაზღვრა 3-5 წლით. საფრანგეთმა იკისრა 700 მლნ ფრანკი კონტრიბუციის გადახდა, და გარდა ამისა, კერძო პირთა ფინანსური პრეტენზიების დაკმაყოფილება, რამაც საკმაოდ გაზარდა ეს თანხა. ხელშეკრულების მონაწილეებმა დაადასტურეს პარიზის საზავო ხელშეკრულების 1814 და ვენის კონგრესის 1814-15 დასკვნითი აქტის (28.V (9.VI).1815) ყველა პირობა. შემდგომ წლებში ფრანგულმა დიპლომატიამ მოახერხა რუსეთის მხარდაჭერით მიეღწია ხელშეკრულების პირობების შემსუბუქებისათვის კონტრიბუციის თანხისა და ოკუპაციის ვადების საკითხში (მოკავშირეთა ჯარები საფრანგეთიდან გაიყვანეს 1818).

VI ხელშეკრულება 1898

ხელი მოაწერეს 10-XII პარიზში. დაიდო აშშ-სა და ესპანეთს შორის. დაასრულა ესპანეთ-ამერიკის ომი 1898. ხელშეკრულების თანახმად, ესპანეთმა უარი თქვა ყველა უფლებასა და პრეტენზიაზე კუნძულ კუბის მიმართ, რომლის ოკუპაცია უნდა მოეხდინა აშშ-ის ჯარებს. პუერტო-რიკო და ანტილიის არქიპელაგის სხვა ესპანური კუნძულები, ასევე გუამი,– ყველაზე დიდი კუნძული მარიანას კუნძულების ჯგუფში, გადაეცა აშშ-ს. 20 მლნ დოლარად ესპანეთმა აშშ-ს დაუთმო ფილიპინები (ამერიკის ჯარებმა ამ კუნძულების დაპყრობა შეძლეს ხოლო 1901 განმათავისუფლებელი მოძრაობის ჩახშობის შემდეგ.

VII დამატებითი ხელშეკრულება 1900 ესპანეთსა და აშშ-ს შორის

დაიდო ნოემბერში (ვაშინგტონის ოქმი 1900), რომლის თანახმად, ესპანეთმა უარი თქვა ფილიპინების არქიპელაგთან მიმდებარე კუნძულებზე, კერძოდ, კაგაიანის კუნძულებზე და სულუს არქიპელაგზე კუნძულ სიბუეტუსთან ერთად. კომპენსაციის სასით აშშ-მა იკისრა ესპანეთისათვის 100 ათასი დოლარის გადახდა.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები