პეიზაჟი ლიტერატურაში

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პეიზაჟი – (ფრანგ. paysage – ადგილმდებარეობა), ბუნების წარმოსახვა ლიტერატურულ ნაწარმოებში. მასში გადმოცემულია მწერლის ემოციურ-ესთეტიკური დამოკიდებულება ბუნებისადმი, მშობლიური ქვეყნისადმი, მისთვის საინტერესო და მიმზიდველი ადგილმდებარეობისადმი.

უფრო ხშირად პეიზაჟი მოცემული გვაქვს არა მთელი ნაწარმოების სახით, არამედ როგორც მისი (ნაწარმოების) ერთ-ერთი მოტივი, შემადგენელი ნაწილი, რომელსაც გარკვეული საგანგებო ფუნქცია აქვს დაკისრებული. კერძოდ, ზოგჯერ იგი გვევლინება ნაწარმოების ექსპოზიციის მოქმედების გაშლის ფონის სახით. მაგ. ასეთია ი. ჭავჭავაძის პოემა „კაკო ყაჩაღის", ვაჟა-ფშაველას პოემების „ბახტრიონისა“ და „სტუმარ-მასპინძლის დასაწყისი. აღნიშნული პოემების შესავალში ბუნების უშესანიშნავესი მხატვრული სურათი ისეა წარმოდგენილი, რომ იგი მკითხველს ამზადებს, გარკვეულ განწყობილებას უქმნის ნაწარმოებში განვითარებული მოქმედებისა და განწყობილების აღქმისათვის, გაგებისათვის.

უმეტესად კი პეიზაჟს მწერალი პირადი ან ნაწარმოების პერსონაჟთა განწყობილების გამოსახატავად იყენებს. ასეთ შემთხვევაში ბუნების სურათი განწყობილებას შეესატყვისება, ან მის სრულ კონტრასტს წარმოადგენს. მაგ., ნ. ბარათაშვილის ლექსებში: „შემოღამება მთაწმინდაზე“ და „ფიქრნი მტკვრის პირას“ მთაწმინდაც და მტკვრის ნაპირებიც ისევე მოწყენილი, მწუხარე და სევდიანია, როგორც თვით პოეტი.

კონტრასტული პეიზაჟებია მოცემული ა. წერეთლის პოემაში „თორნიკე ერისთავი“. აქ მგოსანი ბუნების უმშვენიერესი სურათის ფონზე გადმოსცემს ომის საშინელებას. ასეთივე ხასიათისაა ი. ჭავჭავაძის „გაზაფხული“, სადაც გაზაფხულის მომხიბლავ ფონზე კიდევ უფრო მკვეთრად ჩანს მამულის უბედობა.

ბუნების სურათების წარმოსახვა, მათი ფუნქციისა და ხასიათის სხვადასხვაობის მიუხედავად, ყოველთვის აძლიერებს ნაწარმოების მხატვრულ-ემოციურ მხარეს. ამასთან იგი ავითარებს ადამიანის ბუნებასთან ესთეტიკურ-ემოციურ დამოკიდებულებასა და მის უნარს მშვენიერებით დატკბობისა.


წყარო

ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები