პენატები
პენატები – (რომ.) უძველესი, შესაძლოა, რომის წინადროინდელი მფარველი ღვთაებები, რომელთა კულტიც წინაპართა გაღმერთების ტრადიციას უკავშირდება. რომაელები თაყვანს სცემდნენ როგორც საზოგადო, ასევე ოჯახის პენატებს. მათ მიაჩნდათ, რომ ოჯახის პენატები იცავდნენ თავად ოჯახის ერთიანობასა და კეთილდღეობას. ამიტომ მათ ყოველ საოჯახო ზეიმზე მსხვერპლს სწირავდნენ. საზოგადოებრივი პენატები რომაული სახელმწიფოს მთლიანობასა და სიკეთეზე ზრუნავდნენ.
პენატთა თაყვანისცემა სავსებით ერწყმოდა ვესტას კულტს. საზოგადოებრივ პენატთა უმთავრესი პატივსადები ადგილი ვესტას ტაძრის სიღრმეში იყო მოთავსებული. მას რომაელები „პენუს“-ს უწოდებდნენ. ვარაუდობენ, რომ სწორედ ეს სიტყვა დაედო საფუძვლად „პენატებს“, რომლის შინაარსშიც „პენუსის ღმერთები“ მოიაზრება.
რომში ზუსტად არ იყო დადგენილი, თუ რომელი ღმერთები იყვნენ პენატები. ყოველ ოჯახს ჰყავდა რამდენიმე მფარველი ღვთაება და მათ მიიჩნევდნენ სახლის პენატებად. პომპეის ფრესკებზე წარმოდგენილი ეს ღვთაებები მიგვანიშნებენ, რომ ჩვ.წ. I საუკუნეში აღმატებულად პატივდებულ პენატთა შორის იყვნენ: ვესტა, იუპიტერი, ვულკანუსი, ვენუსი და დიოსკურები. ოჯახის პენატთა გამოსახულებებს, ჩვეულებრივ, კერიის მახლობლად ჰქონდათ ადგილი მიჩენილი.
გადატანითი მნიშვნელობით „პენატები“ მშობლიურ სახლს, ოჯახის კერიას აღნიშნავს.