პეტერბურგის კონვენცია 1810
პეტერბურგის კონვენცია 1810 – რუსეთსა და საფრანგეთს შორის, ხელმოწერილ იქნა 16.I კანცლერის, გრაფ ნ. პ. რუმიანცევისა და საფრანგეთის ელჩის ა. კოლენკურის მიერ.
შენბრუნის 1809 სამშვიდობო ხელშეკრულების თანახმად, ნაპოლეონ I-მა მის მიერ 1807 შექმნილ ვარშავის საჰერცოგოს შეუერთა ე.წ. დასავლეთ გალიცია ქ. კრაკოვთან ერთად, ე.ი. ტერიტორია, რომელიც ავსტრიამ მიიღო რეჩ პოსპოლიტას მესამე გაყოფის შედეგად, ამან პეტერბურგში სერიოზული შეშფოთება გამოიწვია. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, რუმიანცევის განცხადებით, ორი მილიონი მცხოვრებით დასახლებული ტერიტორიის ვარშავის საჰერცოგოსთან მიერთებას პოლონელებში შეეძლო გაეცოცხლებინა პოლონეთის სამეფოს ძველ საზღვრებში აღდგენის იმედი. ამასთან დაკავშირებით, რუსეთის მთავრობამ მტკიცედ მოსთხოვა საფრანგეთსა და რუსეთს შორის ხელშეკრულების დადება, რომლითაც საფრანგეთის უნდა მიეცა გარანტია რუსეთისათვის იმ უკრაინული და ბელორუსული მიწების მფლობელობისა, რომლებიც ადრე რეჩ პოსპოლიტას ეკუთვნოდა.
საკუთარი დინასტიის განმტკიცებისათვის მზრუნველმა ნაპოლეონმა, რომელიც აპირებდა დაქორწინებულიყო ევროპის ერთი რომელიმე დიდი სამეფო ოჯახის წარმომადგენელზე, თავისი არჩევანი რუსეთის დიდი თავადის ასულ ელენე პავლეს ასულზე შეაჩერა. ამით ის აპირებდა საფრანგეთისა და რუსეთის კავშირის განმტკიცებას. ამ საკითხის გარშემო ალექსანდრე I-თან წარმოებული საიდუმლო მოლაპარაკებისას ნაპოლეონმა გადაწყვიტა, დამთმობი ყოფილიყო პოლონეთის საკითხში. კოლენკურმა მიიღო უფლებამოსილება, ხელი მოეწერა კონვენციისათვის რუსეთის მიერ წაყენებულ პოლონურ მოთხოვნებზე თანხმობით.
პეტერბურგის კონვენცია ხელმოწერილ იქნა პეტერბურგში 16.I.1810. I მუხლში ნათქვამი იყო, რომ პოლონეთის სამეფო არასოდეს აღდგებოდა და რუსეთი და საფრანგეთი შეთანხმდნენ, გამოეყენებინათ ყველა საშუალება ამისათვის, რომ სახელწოდება „პოლონეთი“ მასში შემავალ არც ერთ ყოფილ ოლქს არ მინიჭებოდა და საერთოდ გამქრალიყო სახელმწიფო დოკუმენტებიდან. საფრანგეთი ვალდებულებას იღებდა შემდგომში აღარ გაეფართოებინა ვარშავის საჰერცოგო პოლონეთში ადრე შემავალი ტერიტორიების ხარჯზე. ალექსანდრე I-მა ხელმოწერის დღესვე გაუკეთა რატიფიცირება პეტერბურგის კონვენციას. ნაპოლეონი აყოვნებდა რატიფიკაციას, რადგან ელოდა პასუხს თავის საქორწინო წინადადებაზე. ალექსანდრესაგან უარის მიღების შემდეგ მან გადაწყვიტა, არ მოეხდინა პეტერბურგის კონვენციის რატიფიცირება.
1810 წლის ივნისში კოლენკურმა რუსეთის მთავრობას წარუდგინა კონვენციის კონტრპროექტი, რომლის მიხედვითაც, პეტერბურგის კონვენციისაგან განსხვავებით, ნაპოლეონი ვალდებული იყო „არასოდეს შეეწყო ხელი იმ ღონისძიებებისათვის, რომლებსაც შედეგად პოლონეთის აღდგენა შეიძლება მოჰყოლოდა“. ამგვარად, ნაპოლეონი არ იძლეოდა გარანტიას, რომ პოლონეთი არ აღდგებოდა. ამის გარდა მან რუსეთისაგან მოითხოვა შემდგომში პოლონური მიწების მიერთების პერსპექტივის ფორმალური უარყოფა. ნაპოლეონის ეს შემხვედრი წინადადებები რუსეთის მთავრობამ არ მიიღო. ნაპოლეონის მიერ პეტერბურგის კონვენციის რატიფიცირების შეჩერება მოწმობდა რუსულ-ფრანგული ურთიერთობების შემდგომ გაუარესებას.