პიროვნების აშლილობა დისოციალური
ანტისოციალური (დისოციალური) პიროვნული აშლილობა - (F60.2), (personality disorder, dissocial), განსაკუთრებული თავისებურებაა სოციალური მოვალეობებისადმი უპატივცემულობა, რასაც სხვების მიმართ ნაკლები თანაგრძნობა და გულგრილობა მოჰყვება.
აღინიშნება ქცევის გამოხატული შეუსაბამობა მიღებული სოციალური ნორმების მიმართ. ქცევა ცუდად კორეგირდება პირადი გამოცდილებით, დასჯის ჩათვლით. აღინიშნება დაბალი ფრუსტრაციული ტოლერანტობა და აგრესიული რეაქციების, ძალადობის ჩათვლით, დაბალი ზღურბლი. ჭარბობს სხვებზე გადაბრალების ტენდენცია ან ქცევის შესაძლო რაციონალური ახსნის შემოთავაზება, რომელიც იწვევს საზოგადოებისა და ინდივიდის კონფლიქტს. მოიცავს ამორალურ, ფსიქოპათიურ და სოციოპათიურ პიროვნებებს (პიროვნების აშლილობა). (მჯო-ს ფსიქიატრიის ლექსიკონები)
ტერმინი „ანტისოციალური“ გამოიყენება DSM-IV-ში, ხოლო ტერმინი „დისოციალური“ - ICD-10-ში. ამ აშლილობის მქონე ადამიანებს ნაკლებად ანაღვლებთ სხვების განცდები და უგრძნობნი არიან მათ მიმართ. ისინი არ ითვალისწინებენ სხვების უფლებებს, იქცევიან იმპულსურად და არ ახასიათებთ დანაშაულის განცდა, ხოლო უარყოფითი გამოცდილება მათ არაფერს ასწავლის (ცხრილი). ხშირად მათი ანომალიური ქცევა ალკოჰოლისა და ნარკოტიკების ზემოქმედებითაა დამძიმებული. 1941 წელს, კლეკლიმ საფუძვლიანად აღწერა ეს აშლილობა თავის ნაშრომში (Cleckley, The mask of insanity, 1964).
ამ ორ კლასიფიკაციაში ოდნავ განსხვავებული დიაგნოსტიკური კრიტერიუმებია გამოყენებული. ქვემოთ მოტანილი აღწერა ICD-10-ში გამოყენებულ აღწერას შეესაბამება.DSM-IV-ის კრიტერიუმების მიხედვით, პიროვნებას 15 წლამდე ასაკში ქცევითი აშლილობა უნდა ახასიათებდეს.
ასეთი აშლილობის მქონე ადამიანები სხვების მიმართ გულქვა და გულგრილები არიან. მათი სექსუალური აქტივობა დაცლილია ნაზი გრძნობებისგან. ისინი შეიძლება სასტიკად და დამამცირებლად ექცეოდნენ სხვა ადამინებს, სექსუალური პარტნიორებისა და ბავშვების ჩათვლით, და მათზე სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობას ახორციელებდნენ. მათი ურთიერთობები ზედაპირული და ხანმოკლეა, მიუხედავად იმისა, რომ მათ ზედაპირული ხიბლი ახასიათებთ. ეს ადამიანები უპასუხისმგებლონი არიან და არ იცავენ სოციალურ ნორმებს. ისინი არ ექვემდებარებიან საზოგადოებრივი ცხოვრების წესებს და შეიძლება რეგულარულად არღვევდნენ კანონს და ხშირად სერიოზულ კანონდარღვევას ახორციელებენ. მათი არაკანონიერი ქცევა, ჩვეულებრივ, მოზარდობის ასაკში იწყება.
ასეთი ადამიანები იმპულსურები არიან. ისინი არ ისახავენ მიზნებს, წინასწარ არაფერს გეგმავენ, ჩვეულებრივ აქვთ არასტაბილური სამუშაო და ხშირად აცდენენ მას. ისინი მიდიან რისკზე, არ ითვალისწინებენ საკუთარ ან სხვათა უსაფრთხოებას. ადვილად ბრაზდებიან და ღიზიანდებიან და შეურაცხყოფას აყენებენ სხვებს. ამ თვისებებს თან ახლავს ის, რომ ისინი იშვიათად განიცდიან სინანულსა და დანაშაულს და ვერ ცვლიან საკუთარ ქცევას დასჯის ან რაიმე უარყოფითი შედეგების საპასუხოდ. ისინი იცილებენ პასუხისმგებლობას, მიმართავენ გადაბრალებას და ახდენენ საკუთარი მარცხის რაციონალიზაციას. გარდა ამისა, ისინი უპატიოსნო და უპასუხისმგებლონი არიან ფინანსურ საკითხებში. (ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში)
ანტისოციალური პიროვნული აშლილობის ნიშნები უგრძნობია ამყარებს დროებით ურთიერთობებს უპასუხისმგებლოა იმპულსურია და ადვილად ღიზიანდება არ ახასიათებს დანაშაულისა და სინანულის განცდა უჭირს პასუხისმგებლობის აღება