პისკატორი ერვინ
ერვინ პისკატორი – (გერმ. Erwin Piscator, 1893–1966), გერმანელი რეჟისორი. ერთ-ერთმა პირველმა გერმანიაში წამოაყენა და განახორციელა პოლიტიკური თეატრის იდეა. თავის დადგმებში ცდილობდა გარემოეცვა სოციალური და ისტორიული მოვლენების ფართო წრე. ამ მიზნის მისაღწევად სპექტაკლებში შეჰქონდა სტატისტიკური ცხრილების პროექცია, ლოზუნგები, ფოტომონტაჟი, კინოქრონიკა. ახალი სცენური კონსტრუქციის გამოყენებით, მოქმედებას განფენდა ერთდროულად რამდენიმე მოედანზე. მაყურებელთა დარბაზში მან მოაწყო დისკუსიები სოციალური პრობლემების ირგვლივ და ისინი შეიტანა სპექტაკლის ქსოვილში. მასვე, ბრეხტთან ერთად, ეკუთვნის „ეპიკური თეატრის“ იდეაც. 1939 წლიდან მოღვაწეობს ამერიკის შეერთებულ შტატებში, თეატრში ბროდვეიზე და პარალელურად აარსებს დრამატულ ფაკულტეტს, სადაც ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას. მისი სტუდენტები იყვნენ ისეთი ცნობილი ვარსკვლავები, როგორებიც არიან: მარლონ ბრანდო, ტონი კერტინსი, ჰარი ბელაფონტე (და სხვ.). ერვინ პისკატორი 1951 წელს დაბრუნდა დასავლეთ გერმანიაში, სათავეში ჩაუდგა თეატრალურ საზოგადოებას, სისტემატურად აქვეყნებდა ნაშრომებს თეატრის თეორიაში.