ეპიკური თეატრი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

„ეპიკური თეატრი“ – ცნება დაკავშირებულია ბერტოლტ ბრეხტის სახელთან (1898-1956). გამომდინარე ადამიანის ფსიქიკის დიალექტიკური (დინამიკური, მარადცვლადი) და არა მეტაფიზიკური (ანუ უცვლელი) გააზრებიდან, მან უარი თქვა ხელოვნების მითოლოგიურ საწყისზე და სატურალისტების მსგავსად, ხელოვნება მეცნიერებას გაუთანაბრა. მაგრამ იგი ამით არ დაკმაყოფილებულა. მოდერნისტების მსგავსად, მან უარყო „ბუნების ბაძვის“ მეთოდი (ამიტომაც ჰქვია „ეპიკურ თეატრს” ანტიმიმეტური, ანტიილუზიური) თუმც მოდერნისტებისგან განსხვავებით (რომელთათვის ფორმა იყო მთავარი), უმთავრესი ყურადღება დაუთმო წარმოდგენის მოქალაქეობრივ რეზონანსს. მიუხედავად ამისა, „ეპიკური თეატრი“ მაინც მოიაზრება მოდერნიზმის, კერძოდ ინტელექტუალური დრამის ერთ-ერთ განშტოებად.

აღსანიშნავია ისიც, რომ თავად ტერმინი „ეპიკური“ (ბერძნ. epos – თხრობა) ბრეხტმა ისესხა შილერისა და გოეთესაგან, ხოლო „გართობით დამოძღვრის“ იდეა კი – განმანათლებლებისაგან.

„ეპიკურ თეატრს“ აქვს ისტორიული წანამძღვრებიც. ფუნქციურად იგი ძალზედ ჩამოჰგავს მორალიტეს, მოვლენების ასახვის და გადმოცემის თვალსაზრისით კი ფარსს. თვით სცენური თხრობის მანერა ბრეხტმა აღმოსავლური თეატრისგან გადმოიღო.

თეატრალური ხედვის თვალსაზრისით, ბრეხტს ჰყავს წინამორბედი ერვინ პისკატორის სახით. ამით აიხსნება ის ვითარება, რომ „ეპიკური თეატრი“, ხშირად, პისკატორ-ბრეხტის სახელით მოიხსენიება.

ბრეხტს აუცილებლად არ მიაჩნდა ორიგინალური ფაბულების შექმნა. გამომდინარე იქიდან, რომ მისთვის მთავარი იყო პიესის საზოგადოებრივი ჟღერადობა, იგი თამამად იყენებდა სხვადასხვა სიუჟეტებს როგორც თანამედროვეთა, ისე კლასიკოსთა ნაწარმოებებიდან, თუმც საფუძვლიანად გარდაქმნიდა მათ თავისი მიზნების შესაბამისად. გონებამახვილობას იგი ორიგინალობაზე მაღლა აყენებდა.

იგივე ითქმის ბრეხტის დამოკიდებულებაზე პერსონაჟების მიმართ. ამ მიმართებითაც იგი უფრო ინტერპრეტატორი იყო, ვიდრე ორიგინალების შემოქმედი. ამით აიხსნება ის ფაქტი, რომ მისი პიესების სიუჟეტები და პერსონაჟები სრულიად შეუზღუდავია დროისა და სივრცის თვალსაზრისით; მოქმედება შეიძლება გაშლილი იყოს მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში, პერსონაჟები, როგორც წესი, ზენაციონალურნი არიან. ბრეხტი ამ კუთხითაც ენათესავება მოდერნიზმს.

ბრეხტს ინდივიდუალური მიდგომა ჰქონდა დრამატული პოეტიკის მიმართაც. იგი იცავდა რიტმის, მეტრის და ჰარმონიის პრინციპებს, მაგრამ შეგნებულად გაურბოდა თანაგანცდას, სცენისა და მაყურებელთა დარბაზის გამთლიანებას ერთი სულისკვეთებით. ასეთი გამთლიანების თავიდან ასაცილებლად, მან შემოიღო სამსახიობო შესრულების ხერხი, მის მიერვე „გაუცხოების ეფექტად“ წოდებული. მან ამავე მიზანს დაუქვემდებარა „ზონგები“ – მოვლენების ავტორისეული სიმღერა-კომენტარები, რომელთა განთავსება მოქმედების მსვლელობაში, ხელს უწყობდა მაყურებლის გაუცხოებას სცენაზე ასახული მოვლენების მიმართ.

„გაუცხოების ეფექტს“ სხვა დანიშნულებაც ჰქონდა. მისი შემწეობით შესაძლებელი გახდა ცნობილი მოვლენების ახალი კუთხიდან დანახვა.

მცდარია მოსაზრება, რომ ბრეხტი, თითქოსდა, გარდასახვის წინააღმდეგი იყო. ის ეწინააღმდეგებოდა არა გარდასახვას, არამედ მსახიობის მეობის გაიგივებას პერსონაჟთან. იგი მსახიობისგან მოითხოვდა როლის არა ავტომატურ შესრულებას, არამედ პერსონაჟის გააზრებას ისტორიულ და სოციალურ ჭრილში. იგი თვლიდა, რომ მსახიობმა უნდა „მოგვითხროს“ პერსონაჟის შესახებ, და არა თავს მოგვახვიოს საკუთარი ფიქრები და განცდები. იგი უნდა მოგვევლინოს ისეთ მოწმედ სასამართლოში, რომელიც დაინტერესებულია დაადგინოს ჭეშმარიტება. სწორედ ასეთმა მიდგომამ წარმოშვა ე.წ. თამაშის დისტანციური სტილი, როცა მსახიობი კი არ „განზავდება“ როლში, არამედ გარედან მეთვალყურეობს მას. ბრეხტის აზრით, მსახიობის მთავარი ამოცანაა მოქალაქეობრივი მრწამსის დაფიქსირება არა განცდის, არამედ გმირის მხილების, გამოაშკარავების გზით.

სარეპეტიციო პერიოდში ბრეხტს დასაშვებად მიაჩნდა როლში მსახიობის სრული გარდასახვა პერსონაჟის სულიერი სამყაროს ღრმად წვდომის მიზნით.

ბრეხტის თეატრალურ მრწამსს მოჰყვა მის რეჟისურაში თამაშის ელემენტების გაბატონება. ბრეხტი თვლიდა, რომ მიზანსცენები უნდა იყოს არა ზოგადად გამომსახველი, არამედ სცენაზე მიმდინარე მოვლენების შიდააზრის ხაზგასმით და მკაფიოდ გამომხატველი. ამ მიზნის მისაღწევად, მას დასაშვებად მიაჩნდა მეტაფორის და სიმბოლოს გამოყენება, სცენების აგება კინოკადრის პრინციპზე, ეტალონის, მოდელის მეთოდის გამოყენება.

ბრეხტს დაუშვებლად მიაჩნდა სცენურ გაფორმებაში სინამდვილის ილუზიის რაიმე სახით შექმნაც კი. იგი ასევე უარყოფდა მუსიკის და სინათლის ეფექტებით მანიპულირება მაყურებლის გრძნობებზე ზემოქმედების მიზნით. მას საკმარისად მიაჩნდა დეკორაციის დაყვანა მოქმედების ადგილის უბრალო მონიშვნამდე.

„ეპიკური თეატრის“ წარმოშობას ჰქონდა თავისი პოლიტიკური მიზეზიც. იგი იშვა მძვინვარე ფაშიზმის პირობებში. ბრეხტი თავად იყო იმის მოწმე, თუ რა ძალა აქვს ადამიანის გრძნობებზე თამაშს. ფაშიზმი, როგორც უაღრესად თეატრალიზებული პოლიტიკური მოძრაობა, ადამიანებზე ჰიპნოტურად მოქმედებდა, მათდა შეუმჩნევლად ითრევდა მათ ყოველგვარ აზრს მოკლებულ პოლიტიკურ თამაშებში.

დააფიქრო ადამიანი საზოგადოების განვითარების კანონებზე, დააფიქრო იგი საკუთარი თავის და საზოგადოებრივი ცხოვრების გარდაქმნაზე – ასეთ მიზანს ისახავს „ეპიკური თეატრი“.

მ. გეგია


წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები