პოლიტიკური იდეოლოგია
პოლიტიკური იდეოლოგია − სოციალურ-სამეცნიერო თვალსაზრისით, იდეოლოგია თანმიმდევრულ იდეათა ერთიანობაა, ორგანიზებული პოლიტიკური მოქმედებების საფუძველი − მიუხედავად იმისა, თუ რას ისახავს ეს მოქმედება მიზნად: მართვის არსებული სისტემის შენარჩუნებას, მოდიფიცირებას თუ შეცვლას. ამიტომ ყველა იდეოლოგია გვთავაზობს:
ა) არსებული წყობის ანალიზს, უფრო ხშირად − გარკვეული „მსოფლხედვის“ ფორმით;
ბ) სასურველი მომავლის მოდელს;
გ) პოლიტიკური ცვლილებების განხორციელების კონკრეტულ გზებს.
თუმცა, იდეოლოგია აზროვნების ჰერმეტულად დახურული სისტემა არაა. ის უფრო აზროვნების დინამიკური სისტემაა, რომელიც ხშირ შემთხვევაში, სხვა სისტემებსაც ენათესავება. თეორიულ დონეზე იდეოლოგიები პოლიტიკურ ფილოსოფიებს ემსგავსება, ხოლო პრაქტიკულად - როგორც წესი — პოლიტიკური მოძრაობის ფორმას იძენენ ხოლმე (ზელიგერი, 1976).
„იდეოლოგია“ პოლიტიკური ანალიზის ერთი ყველაზე საკამათო საკითხთაგანია. დღესდღეობით ეს ტერმინი ნეიტრალური მნიშვნელობით იხმარება — ამა თუ იმ სოციალური ფილოსოფიისა და მსოფლმხედველობის აღსანიშნად, მაგრამ იგი უარყოფითი და კნინობითი მნიშვნელობითაც ხშირად გამოუყენებიათ — როგორც პოლიტიკური იარაღი მოწინააღმდეგეთა გასანადგურებლად.
ეს ტერმინი 1796 წლიდან ფრანგმა ფილოსოფოსმა, დე ტრესიმ დაამკვიდრა (Destutt de Tracy, 1754-1836), რომელმაც იდეოლოგიას „მეცნიერება იდეების შესახებ“ უწოდა (სიტყვა-სიტყვით იდეალოგია) და მას იდეებისა და ცნებების წარმომავლობის შესასწავლად იყენებდა. დე ტრესი იმედოვნებდა, რომ საბოლოო ჯამში, მის მიერ შექმნილი ახალი მეცნიერებაც ისეთივე სტატუსს შეიძენდა, როგორიც, ვთქვათ, ზოოლოგიასა და ბიოლოგიას ჰქონდათ. და მაინც, ეს ტერმინი იმ მნიშვნელობით შემოგვრჩა, რაც მას XIX ს-ში კარლ მარქსმა მიანიჭა: მარქსი იდეოლოგიას „მმართველი კლასის“ იმგვარ იდეებთან აიგივებდა, რომელთა ერთობლიობაც, საბოლოოდ, საზოგადოების უცილობელ კლასობრივ დაყოფასა და ექსპლუატაციის გარდაუვალობას ქადაგებდა. თავიანთ ადრეულ ნაშრომში, „გერმანული იდეოლოგია“(1846) მარქსი და ენგელსი წერდნენ:
… ნებისმიერ ეპოქაში, მმართველი იდეები მმართველი კლასის იდეებია — ანუ ის ფენა, რომელიც საზოგადოების ყოფას განაგებს, იმავდროულად წარმმართველ ინტელექტუალურ ძალადაც გვევლინება: ვის ხელშიცაა წარმოების საშუალებები, გონებრივი შრომის ნაყოფსაც ის აკონტროლებს (Marx and Engels, 1846).
მარქსისტული გაგებით, ზოგადად, იდეოლოგია სიყალბეა, და მისი ერთი უმთავრეს მიზანთაგანი ― საზოგადოების ჩაგრული ფენების მოტყუებაა: იმ დაპირისპირებათა შენიღბვის მცდელობა, რაც ნებისმიერი კლასობრივი საზოგადოების საფუძველთა-საფუძველია. კაპიტალისტურ საზოგადოებაში, მესაკუთრე კლასი, ანუ ბურჟუაზია (და მისი იდეოლოგია) პროლეტარიატს „ყალბ ცნობიერებასა“ და ათასგვარ ილუზიებს ახვევს თავს - ჩაგრულ კლასს საშუალებას არ აძლევს საკუთარი ექსპლუატირებული მდგომარეობა გააცნობიეროს. ამასთანავე, მარქსს სულაც არ მიაჩნდა, რომ ყველა პოლიტიკური შეხედულება უეჭველად იდეოლოგიური ხასიათისაა: ასე მაგალითად, კაპიტალიზმის მისეულ კვლევას, თავად „წმინდად მეცნიერულს“ უწოდებდა. მარქსის აზრით, ყოველთვის შეიძლება მეცნიერების — იდეოლოგიისაგან, ხოლო ჭეშმარიტების ― სიყალბისაგან გამიჯვნა. გვიანდელი მარქსისტების ― ლენინისა თუ გრამშის თხზულებებში ეს საკითხი უკვე თავისებურად იქნა გაგებული: ერთიცა და მეორეც უკვე არა მარტო „ბურჟუაზიულ“, არამედ „სოციალისტურ“ და „პროლეტარულ“ იდეოლოგიაზე საუბრობდა — ანუ ისეთ ცნებებზე, რომლებსაც თავად მარქსი ალბათ. აბსურდულად მიიჩნევდა.
იდეოლოგიის ცნების განსხვავებული ხედვა ლიბერალებმა და კონსერვატორებმაც შეიმუშავეს. ტოტალიტარული დიქტატურების აღმოცენებამ ორ მსოფლიო ომს შუა პერიოდში, იდეოლოგიის ახლებური ინტერპრეტაციის პირობები შექმნა: ლიბერალური ორიენტაციის ისეთი ავტორები, როგორებიც კარლ პოპერი (Karl Popper, 1902-1994), ჯ.ლ. თალმონი (J.L. Talmon) და ჰანა არენდტი იყვნენ, იდეოლოგიას სოციალური კონტროლის, საზოგადოებაში თანხმობისა და მორჩილების უზრუნველყოფის იარაღად თვლიდნენ. ამ ტერმინის „ცივი ომის“ დროინდელი ლიბერალური გაგება — ფაშისტური და კომუნისტური რეჟიმების მაგალითზე — იდეოლოგიას საბოლოო ჭეშმარიტების ფლობის პრეტენზიის მქონე, აზროვნების „ჩაკეტილ“ სისტემად მიიჩნევდა, განსხვავებულ აზრსა თუ საპირისპირო მოსაზრებას ვერანაირად რომ ვერ ეგუება. ამ ფონზე ლიბერალიზმი, რომლის უმთავრესი პრინციპი პიროვნების თავისუფლების აღიარებაა, და ლიბერალიზმითვე ნასაზრდოები კონსერვატიზმიცა და დემოკრატიული სოციალიზმიც, აშკარად არ წარმოადგენენ იდეოლოგიებს. ისინი პირიქით — „ღია“ მოძღვრებებია, ვინაიდან არათუ დასაშვებად მიიჩნევენ, „მოითხოვენ“ კიდეც განსხვავებული აზრის არსებობას, საჯარო კამათს, რჩევასა თუ შენიშვნას.
„იდეოლოგიის“ მკვეთრად კონსერვატული გაგება მაიკლ ოუკშოტის (Michael Oakeshott) სახელს უკავშირდება და რაციონალიზმისადმი ტრადიციულ კონსერვატულ სკეპტიციზმს ასახავს. მისი აზრით, სამყაროს სირთულე მიუწვდომელია ადამიანის გონებისათვის და პოლიტიკაში მოღვაწეობაც, თავისთავად, „უკიდეგანო ოკეანეში ცურვას წააგავს“. ამ თვალსახრისით, იდეოლოგიები „აზროვნების აბსტრაქტული სისტემებია“: იდეების გროვა, რომლებიც პოლიტიკურ რეალობას ამახინჯებენ, რადგანაც ერთთავად აუხსნელის ამოხსნა სურთ. ამიტომაც ამტკიცებდნენ კონსერვატორები — ჩვენი მრწამსი იდეოლოგია კი არა, უფრო „გონების განწყობაა“ და ჩვენის მხრივ, პრაგმატიზმს, ტრადიციასა და ისტორიულ გამოცდილებას დავენდობითო.
იდეოლოგიისადმი ზემოჩამოთვლილ მიდგომათა ნაკლი ისაა, რომ ნებისმიერი მათგანი უცილობლად ნეგატიურ შინაარსს ანიჭებს მას და ამდენად, თავად ცნების გამოყენების სფეროსაც ზღუდავს. მეტიც, ყოველი ნახსენები შეხედულება ამა თუ იმ პოლიტიკური დოქტრინის ნიშნითაა დაღდასმული. არადა, გავიხსენოთ რომ მარქსი დაჟინებით ამტკიცებდა ჩემი იდეები მეცნიერული ხასიათისაა, და არა იდეოლოგიურიო; არც ლიბერალებს სიამოვნებდათ მათი ფილოსოფიის იდეოლოგიად მოხსენიება და კონსერვატორებიც ჯიუტად იჩემებენ პოლიტიკის პრაგმატული და არაიდეოლოგიზირებული სტილისადმი ერთგულებას. „იდეოლოგიის“ მეტ-ნაკლებად მისაღები განმარტება (ყველა პოლიტიკურ ტრადიციას რომ მიესადაგებოდეს) მიუკერძოებელი უნდა იყოს: არც უნდა იფიქროს, რომ ესა თუ ის იდეოლოგია თავისთავად „კარგია“ ან „ცუდი“ , „ჭეშმარიტ“ ან „ყალბი“, განმათავისუფლებელი ან დამთრგუნველი. სწორედ ესაა იდეოლოგიის, როგორც ტერმინის, თანამედროვე გაგების ღირსება — იგი ურთიერთდაკავშირებულ იდეათა ერთობლიობაა, მრწამსზე მორგებული იმგვარი სისტემა, სადაც უმთავრესად ქმედება მიიჩნევა და რაც, თავის მხრივ, უკვე პოლიტიკური აქტივობისაკენ გვიბიძგებს.