პოტსდამის დეკლარაცია 1945
პოტსდამის დეკლარაცია 1945 – გამოქვეყნდა აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის და ჩინეთის მთავრობათა მეთაურების სახელით 26. VII ბერლინის (პოტსდამის) კონფერენციის მუშაობის პერიოდში.
დეკლარაციაში 3 სახელმწიფო იაპონიის მთავრობისგან მოითხოვდა უსიტყვო კაპიტულაციას მისთვის წაყენებული პირობებით, რომლებიც ითვალისწინებდა მილიტარისტების ჩამოცილებას ხელისუფლებიდან, მოკავშირეთა მიერ მითითებული პუნქტების ოკუპაციას იაპონიის ტერიტორიაზე, სამხედრო დამნაშავეთა დასჯას. აღნიშნული იყო. რომ იაპონიის სუვერენიტეტი შემოფარგლული იქნებოდა მხოლოდ კუნძულების: ჰონსიუ, ჰოკაიდო, კიუსიუ, სიკოკუ და შედარებით მცირე კუნძულებით რომლებსაც მოკავშირეები მიუთითებდნენ. იაპონიას ნებას რთავდნენ, ჰქონოდა ისეთი მრეწველობა, რომელიც შეინარჩუნებდა მის მეურნეობას და შეძლებდა რეპარაციის გადახდას ნატურით, მაგრამ არა მრეწველობის ის დარგები, რომლებიც საჭირო იყო შეიარაღებისათვის და ომის საწარმოებლად. იაპონიისგან მოითხოვდნენ დემოკრატიული ტრადიციების აღდგენას და განმტკიცებას, სიტყვის, რელიგიისა და აზროვნების თავისუფლებას, ადამიანის უფლებების პატივისცემას. მოკავშირეებმა იკისრეს, გამოეყვანათ იაპონიიდან საოკუპაციო ჯარები, „როგორც კი ეს მიზნები მიღწეული იქნება და შეიქმნებოდა სამშვიდობოდ განწყობილი და პასუხისმგებელი მთავრობა იაპონელი ხალხის თავისუფლად გამოხატული ნების საფუძველზე“.
28. VII იაპონიის მთავრობამ დეკლარაციის პირობები უარყო. 8.VIII საბჭოთა მთავრობა ოფიციალურად შეუერთდა დეკლარაციას და განაცხადა, რომ 9. VIII-დან საბჭოთა კავშირი ომის მდგომარეობაში იქნებოდა იაპონიასთან. საბჭოთა ჯარების მძლავრი შეტევითი ოპერაციების შედეგად იაპონური მილიტარიზმის დამარცხება უმოკლეს ვადაში მოხერხდა. 10. VII. 1945 იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოკავშირე სახელმწიფოებს აცნობა, რომ იაპონიის მთავრობა მზად არის, მიიღოს დეკლარაციის პირობები.
14.VII იაპონიის უმაღლესი ხელმძღვანელობის თათბირზე მიიღეს გადაწყვეტილება კაპიტულაციის გამოცხადების შესახებ, თუმცა იაპონიის ჯარების საბრძოლო მოქმედებათა შეწყვეტის ბრძანება არავის გაუცია და ისინი განაგრძობდნენ წინააღმდეგობას, საბჭოთა შეიარაღებული ჯარების მიერ კვანტუნის არმიის განადგურებამ, ასევე ამერიკა-ინგლისის ჯარების გადასხმამ იაპონიის კუნძულებზე იაპონიის შემდგომი წინააღმდეგობა უაზრობად აქცია.
2.IX. ჩატარდა იაპონიის კაპიტულაციის აქტის ხელმოწერის ცერემონია. მოკავშირეთა მხრიდან აქტს ხელი მოაწერეს აშშ-ის, ჩინეთის, ნიდერლანდის, ახალი ზელანდიის წარმომადგენლებმა. კაპიტულაციის აქტი შეიცავდა იაპონიის მთავრობის ვალდებულებას, „პატიოსნად შეესრულებინათ პოტსდამის დეკლარაციის პირობები“.