პოტსდამის შეთანხმება 1911
პოტსდამის შეთანხმება 1911 – (რუსეთსა და გერმანიას შორის ირანთან და ბაღდადის რკინიგზასთან დაკავშირებით), ხელი მოაწერეს 6 (19). VIII პეტერბურგში და წარმოადგენდა პოტსდამის შეხვედრის (1910) დროს მიღწეულ შეთანხმებათა განვითარებას.
პოტსდამის შეთანხმების მიხედვით გერმანიამ იკისრა, არ მოეთხოვა კონცესიები ჩრდილოეთ ირანში, ხოლო რუსეთი დათანხმდა, ხელი არ შეეშალა გერმანიისათვის ბაღდადის რკინიგზის ერთი შტოს მშენებლობაზე ხანაკისში (პუნქტი ირან-თურქეთის საზღვარზე) და როგორც კი რკინიგზის ეს მონაკვეთი მიაღწევდა ირანის საზღვარს, დახმარებოდა გერმანიას, მიეღო კონცესია რკინიგზის გაგრძელებაზე თეირანამდე. გერმანიის მხარის მცდელობა, შეეტანა შეთანხმებაში პუნქტი იმის თაობაზე, რომ გერმანია და რუსეთი არ მიიღებდნენ მონაწილეობას ერთიმეორისადმი მტრულად განწყობილ დაჯგუფებებში, წარუმატებლად დასრულდა.