პულენკი ფრანსის
ფრანსის პულენკი – (7 იანვარი 1899, პარიზი – 30 იანვარი 1963, იქვე), ფრანგი კომპოზიტორი. მის შემოქმედებაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ვოკალურ და სცენურ მუსიკას. მნიშვნელოვანი ნაწარმოებებია: ოპერა-ბუფა „ტირესიას კერტები“ (გ. აპოლინერის პიესის მიხედვით, 1947). ტრაგიკული ოპერა „კარმელიტი ქალების დიალოგები“ (ჯ. ბერნანოსის მიხედვით, 1957), მისი შედევრი ლირიკულ-ფსიქოლოგიური მონოოპერა „ადამიანის ხმა“ (ჟ. კოქტოს მიხედვით, 1959), კანტატები, მათ შორის პატრიოტული კანტატა ორმაგი გუნდისათვის თანხლების გარეშე – „ადამიანური იერი“ (პ. ელიუარის ლექსებზე, 1943), გუნდები, რომანსები (აპოლინერის, ელიუარის, რ. დესნოსის, ლ. არაგონის ლექსებზე). მასვე ეკუთვნის ბალეტები, საფორტეპიანო, კამერულ-საკრავიერი ნაწარმოებები, მუსიკა დრამატული თეატრის სპექტაკლებისა და კინოსათვის.