ჟანა დ’არკი კოცონზე (ორატორია)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჟანა დ’არკი კოცონზე – ფრანგი კომპოზიტორის არტურ ონეგერის ორატორია.

ონეგერის შემოქმედებითი ევოლუციის მნიშვნელოვანი ეტაპია 30-იანი წლები და ამ პერიოდში დაწერილი ცენტრალური ნაწარმოები „ჟანა დ'არკი კოცონზე“.

30-იანი წლების საფრანგეთის საზოგადოებაში გაჩნდა ინტერესი შუა საუკუნეების ხელოვნების მიმართ. განსაკუთრებული აქტივობით ამ სფეროში გამოირჩეოდნენ სორბონას უნივერსიტეტის სტუდენტები, რომელთაც რამდენიმე დადგმა განახორციელეს, მათ შორის იყო „ადამის და ევას ამბავი“. ამ სპექტაკლს 1934 წელს დაესწრო ცნობილი მოცეკვავე ქალი იდა რუბინშტეინი, რომელსაც დაებადა იდეა მსგავსი მისტერიული დრამა დადგმულიყო საფრანგეთის გმირზე ჟანა დ'არკზე, სადაც ის შეასრულებდა მთავარ როლს. ამ ჩანაფიქრის განსახორციელებლად მსახიობმა მიმართა დრამატურგ პოლ კლოდელს და არტურ ონეგერს. ნაწარმოების პრემიერა შედგა 1938 წელს ბაზელში.

„ჟანა დ’არკი“ „მეფე დავითი“-ს და „ანტიგონე“-ს მსგავსად სინთეტური ჟანრის ნაწარმოებია. თავად კომპოზიტორი აღნიშნავდა, რომ ეს სცენური ნაწარმოებია, მაგრამ არა ოპერა, არამედ ყველა თეატრალური ჟანრის სინთეზი სამეტყველო ტექსტით. ნაწარმოების მთავარი პერსონაჟები – ჟანა და ბერი, ძმა დომინიკი მხოლოდ საუბრობენ, მაგრამ დრამატული დიალოგის როლის დიდი მნიშვნელობის მიუხედავად, მთავარი ნაწარმოებში მუსიკა, გრანდიოზული საგუნდო სცენებია.

„ჟანა დ’არკის“ დრამატურგია ორიგინალურობით გამოირჩევა: ჟანას ცხოვრების შესახებ თხრობა სარკისებური თანმიმდევრობით ხდება – ეშაფოტზე მყოფი ჟანა ძმა დომინიკთან საუბარში წარსულს იხსენებს, ჯერ ახლო წარსულს, შემდეგ კი შორეულს. ეშაფოტზე მიბმული ჟანა მთელი ნაწარმოების თავისებური რეფრენია, რადგან ყოველი ახალი ეპიზოდის, მოგონების შემდეგ კვლავ მას ვუბრუნდებით. აღსანიშნავია ისიც, რომ თავად ჟანა დ’არკი მოქმედებაში არ მონაწილეობს, ის თითქოს შორიდან აკვირდება საკუთარ ცხოვრებას, რომელიც საფრანგეთის ისტორიის მნიშვნელოვან პერიოდთანაა დაკავშირებული. ამგვარ რეტროსპექტიულ დრამატურგიულ პრინციპთან ერთად გამოიყენება კინოდრამატურგიისთვის დამახასიათებელი „კადრების“ ერთმანეთზე ზედდების, წაფენის ხერხიც.

ოპერა-ორატორიაში, მთავარი გმირების გარდა, სხვა პერსონაჟებიც იღებენ მონაწილეობას: მეფეები, მოსამართლეები, ალეგორიული პერსონაჟები (სისულელე, პატივმოყვარეობა, გარყვნილობა, სიხარბე), წმინდანები, ჟანას მფარველები – ღვთისმშობელი, წმინდა მარგარიტა და წმინდა კატერინა. გარდა ამისა, არის კრებითი პერსონაჟიც, ხალხი („ჩემი ხალხი“, როგორც მას ჟანა მოიხსენიებს), რომელიც არაერთგვაროვნადაა დახასიათებული – ერთი მხრივ, როგორც მისი ერთგული თანამებრძოლი, რომელიც თავს გაწირავს სამშობლოს, მეფის და ჟანასთვის, ხოლო მეორე მხრივ, როგორც ბრბო, რომელმაც დაიჯერა ჟანას ღალატი და მზადაა კოცონზე დასაწვავად გაწიროს იგი. სწორედ ეს დრამატურგიული ხაზი – ჟანა და ხალხი ღებულობს ნაწარმოებში ყველაზე რელიეფურ, მდიდარ და მრავალფეროვან განვითარებას.

„ჟანა დ’არკის“ კიდევ ერთი, მეტად კოლორიტული, პაროდიული დრამატურგიული პლანი უკავშირდება მოსამართლეებს, რომლებიც დახასიათებულია, როგორც ალეგორიული სამხეცე – მთავარი მოსამართლე, ეპისკოპოსი კოშონი (ღორი), სასამართლოს მდივანი – ვირი, ნაფიცი მსაჯულები – ცხვრის ფარა. პაროდიული ტექსტის გარდა, აქ ხაზგასმით უნდა აღინიშნოს ონეგერის მიერ შექმნილი ოსტატური კარიკატურული მუსიკალური დახასიათება.

„ჟანა დ’არკის“ მუსიკალური მასალა დიდი მრავალფეროვნებით გამოირჩევა. კომპოზიტორი იყენებს სტილური თვალსაზრისით სხვადასხვაგვარ ელემენტებს და მათ ერთიან, მთლიან მუსიკალურ ენად გარდაქმნის. კერძოდ, გრიგორისეული ქორალისთვის ტიპურ ფსალმოდიებს და იუბილაციებს, საგუნდო პოლიფონიის სხვადასხვა ფორმებს, რეალურ ხალხურ თემებს (მათ შორის, ყველაზე აქტიურად გამოყენებულია საბავშვო სიმღერა ტრიმაზო, რომელიც ჟანას ბავშვობასთან ასოცირდება) და კომპოზიტორის მიერ შექმნილ სტილიზაციებს, პაროდიას საოპერო არიოზულ სტილზე და ჯაზურ რიტმებს. აქედან გამომდინარე, გამჭვირვალე დიატონიკა ერწყმის რთულ ბგერით კომპლექსებს, ხშირად პოლიტონალურს.

პოლ კლოდელის პოემის მსგავსად ოპერა-ორატორიის მუსიკის საერთო ტონი თხრობის – ეპიკურის, დრამატულის, ლირიკულის – ხასიათს ატარებს. განსაკუთრებით მკაფიოდ ეპიკური საწყისი ვლინდება პროლოგში და ფინალურ, მეთერთმეტე სცენაში, ხოლო მათ შორის განთავსებულ ეპიზოდებში წამყვანი ლირიკული და ჟანრული საწყისებია. ნაწარმოების ყოველ სცენას აქვს ქვესათაური, რომელიც მის არსს განსაზღვრავს: პირველი – ზეციური ხმები, მეორე – წიგნი, მესამე – მიწის ხმები, მეოთხე – მხეცების ხელში ჩავარდნილი ჟანა, მეხუთე – ჟანა სამარცხვინო სვეტთან, მეექვსე – მეფენი, ანუ ბანქოს თამაში, მეშვიდე – კატერინა და მარგარიტა, მერვე – მეფე მიემართება რეიმსში, მეცხრე – ჟანას ხმალი, მეათე – ტრიმაზო, მეთერთმეტე – ალმოდებული ჟანა. ნაწარმოების თერთმეტი სცენა შემდეგნაირადაა დაჯგუფებული: პროლოგი და ფინალი ნაწარმოების თავისებურ ეპიკურ ჩარჩოს ქმნიან, პირველი ორი სცენა ექსპოზიციაა, მომდევნო ოთხ სცენაში წარმოდგენილია ჟანასთან დაპირისპირებული ძალები, მეშვიდე და მერვე სცენები – ჟანას გმირობის ეტაპებია, ხოლო მეცხრე და მეათე მისი გმირობის მორალურ-ფსიქოლოგიურ მოტივაციას წარმოაჩენენ. თითოეულ ამ ჯგუფს საკუთარი კულმინაცია აქვს – ბოროტების ძალთა კულმინაციაა სასამართლოს სცენა, ნათელი ძალების – მერვე ნაწილი (მეფე მიემართება რეიმსში), საფრანგეთის სამხრეთის და ჩრდილოეთის გაერთიანების საზეიმო სურათი. ნაწარმოებში არის, აგრეთვე, „ჩუმი“, ლირიკული კულმინაცია მეათე ნაწილში ტრიმაზო, სადაც თავად ჟანა მღერის ამ ხალხურ სიმღერას და ბოლოს, ნაწარმოებს აგვირგვინებს გენერალური კულმინაცია ფინალში.

ოპერა-ორატორიაში მთავარი გმირის, ჟანა დ'არკის სახე, სხვადასხვა ტიპის მუსიკალური თემებითაა დახასიათებული, რომელთაგან რამდენიმე თავისებურ თემა-სიმბოლოდ იქცევა, მათ შორისაა ძაღლის ყმუილის თემა, რომელიც ტანჯვის და ფიზიკური ტკივილის სიმბოლოცაა, სიკვდილის თემა, ბუნების თემა, რომელსაც ფლეიტის სოლო ასრულებს და ბულბულის გალობას მოგვაგონებს, ამ თემასთან ინტონაციურად ახლოს მყოფი ტრიმაზოს თემა და სხვ. აღნიშნული თემები მუსიკალური მასალის განვითარების პროცესში თანდათან ყალიბდება და ამთლიანებს ამ გრანდიოზულ ვოკალურ-სიმფონიურ ტილოს.

ონეგერის ოპერა-ორატორიას ჟ„ანა დ'არკი კოცონზე“ თემის გახსნის და მხატვრული ჩანაფიქრის სიღრმით მნიშვნელოვანი ადგილი უკავია არა მხოლოდ კომპოზიტორის შემოქმედებაში, არამედ XX საუკუნის პირველი ნახევრის დასავლეთის მუსიკალურ კულტურაში.

წყარო

XX საუკუნის მუსიკის ისტორია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები