ჟარი ალფრედ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ალფრედ ჟარი

ჟარი ალფრედ - (ფრ. JARRY ALFRED. 1873 - 1907) ფრანგი პოეტი, პროზაიკოსი და დრამატურგი.

ბიოგრაფია

ალფრედ ჟარი დაიბადა 1873 წელს ლავალში. ჯერ კიდევ ლიცეუმში სწავლისას ჟარი თავის მეგობარ ანრი მორენთან ერთად წერს მრავალრიცხოვან დრამატულ სცენებს, პამფლეტებს, რომელნიც იუმორისტული, ხშირად კი უწმაწური შინაარსის იყო. ამ ნაწარმოებთა მთავარი გმირი უმეტეს შემთხვევაში ტანვარჯიშის მასწავლებელი ბატონი ებერი იყო, რომელიც მამილო უბუს პროტოტიპი გახდა. 1888 წელს ლიცეუმის მოსწავლეები ქმნიან პიესა „პოლონელებს“ (რომელიც თვისობრივად „მეფე უბუს“ - „Ubu roi“ - პირველი ვარიანტია), რომლის ავტორობაც უფრო მეტად ანრი მორენის ძმას, შარლს ეკუთვნოდა. თავად ჟარი „პოლონელების“ სასცენო გაფორმებას საოჯახო თეატრისათვის ამზადებს.

1891 წელს ჟარი დედასთან ერთად პარიზში გადადის, სადაც სწავლას აგრძელებს ანრი IV-ის ლიცეუმში აქ მას ფილოსოფიას უკითხავს ანრი ბერგსონი. ჟარის მეგობრების რიცხვში არიან ლეონ-პოლ ფარგი და რემი დე გურმონი, ასევე მალარმეც. ჟარის პირველი პუბლიკაციები 1893 წლიდან იბეჭდება პარიზის ლიტერატურულ გაზეთებში.

1896 წელს იგი ბეჭდავს „მეფე უბუს“, რომელიც ახალგაზრდობის წლებში ანრისთან და შარლთან ერთად შექმნილი მისივე სავარჯიშოების გადამუშავებას წარმოადგენს. ეს ფარსი ემილ ვერჰარნის ბრწყინვალე რეცენზიას იმსახურებს. იმავდროულად მერკიურ დე ფრანსში გამოდის ჟარის სტატია: „თეატრის უსარგებლობის შესახებ თეატრისათვის“. ლიოვრის თეატრის დირექტორი ლიუნე-პო, სადაც ჩვეულებრივ სიმბოლისტთა პიესები იდგმებოდა, თანხმდება „მეფე უბუს“ ჩვენებაზე. 1896 წლის დეკემბერში სპექტაკლი ორჯერ იქნა ნაჩვენები - გენერალურ რეპეტიციასა და პრემიერაზე, ყველაფერი კი გრანდიოზული სკანდალითა და მაყურებლის აღშფოთებით დამთავრდა. შემდგომში ჟარი და მისი მეგობრები მცდელობას არ აკლებენ ფარსის დასადგმელად (ერთ-ერთი იღბლიანი დადგმა აღმოჩნდა პიერ ბონარის ესკიზების მიხედვით თოჯინების თეატრში, სადაც უბუს ერთადერთი მსახიობი თავად ჟარი თამაშობდა).

1898 წელს აქვეყნებს თავისი რომანის „პატოფიზიოლოგ დოქტორ ფაუსტროლის მოქმედება და შეხედულების“ („Geste et opinions du docteur Faustroll pataphysicien“) დიდ ნაწილს. ამავე წელს იგი ეცნობა ოსკარ უაილდს, რომელიც ახალი გამოსული იყო ციხიდან. ფარსული ციკლის შემდეგ 1899 წელს იგი ასრულებს პიესას „მიჯაჭვული უბუ“ („Ubu enchaîné“), ხოლო 1901 წელს გინიოლის თეატრში იდგმება „უბუ გორაკზე“ („Ubu sur la butte“) - „მეფე უბუს“ შემოკლებული ვარიანტი. ჟარი თამაშობს თეატრში, თარგმნის რ. ლ. სტივენსონს, წერს სტატიებსა და მხატვრულ ნაწარმოებებს (მათ შორის ისტორიულ რომანს „მესალინას“). მის ახალ მეგობართა შორის არიან გიიომ აპოლინერი, ანდრე სალმონი, პაბლო პიკასო, მაქს ჟაკობი, კოლეტი. 1904 წელს იბეჭდება მისი უკანასკნელი სტატია. ჟარის ჯანმრთელობა უფრო და უფრო უარესდება. იგი 1907 წლის ნოემბერს გარდაიცვალა საავადმყოფოში ტუბერკულოზური მინინგიტით. „რქიანი უბუ“ („Ubu cocu“) და სხვა ნაწარმოებები მისი გარდაცვალების შემდეგ გამოქვეყნდა.

ჟარიმ დიდი გავლენა იქონია შედგომი პერიოდის ფრანგული დრამატურგიის განვითარებაზე. მრავალი თეატრალური მკვლევარი თვლის, რომ სწორედ „მეფე უბუ“ წარმოადგენს აბსურდის თეატრის ერთ-ერთ წინამორბედს.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები