ჟაჭეჟი
ჟაჭეჟ-ი (ადიღ. ЖакIэжъ – „ბებერი წვერი“) – ადიღური ნართული თქმულებების ჯუჯათა ტომის – ისფების, წინამძღოლი. ცხოვრობს უფსკრულის პირას მდებარე ძნელად მისადგომ ციხე-სიმაგრეში, რომელთანაც მისასვლელ ერთადერთ ბილიკს ისფების უთვალავი ლაშქარი იცავს. ჟაჭეჟს ნართი მზეთუნახავის – სათანაის, ცოლად შერთვა ეწადა, მაგრამ ნართების შიშით მის გატაცებას ვერ ბედავდა. ერთხელ, როდესაც სახელოვანი ნართი ვაჟკაცები ერთწლიან ლაშქრობაში იმყოფებოდნენ, ფში-ჟაჭეჟმა სათანაი ძალდატანებით წაიყვანა. მრავალგზის ეცადნენ ნართები, შეეღწიათ მოძალადის ციხე-სიმაგრეში, საამისოდ მრავალი ისფი დახოცეს, მაგრამ უშედეგოდ, ვერა და ვერ მოახერხეს სათანაის დახსნა. მაშინ ახალგაზრდა ნართებმა, ნათელმხილველ უსარეჟის რჩევით, ისფების წინააღმდეგ საბრძოლველად ვაჟკაცობით განთქმული, აწ უკვე დაბერებული ორზამესი და ნართების ღორების მწყემსი, გოლიათური ძალ-ღონით გამორჩეული გორგონიჟიც იახლეს და მისი მეშვეობით სასურველი შედეგიც მიიღეს.
ლიტერატურა
Нартхэр. Адыгэ эпос. Т. 1. Мыекъуапэ, 1969.