ჟენე ჟან

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჟან ჟენე

ჟენე ჟან - (ფრ.GENET JEAN. 1910 - 1986). ფრანგი მწერალი, პოეტი და დრამატურგი.

ბიოგრაფია

ჟან ჟენე დაიბადა პარიზში 1910 წელს. დედამ ადრეულ ასაკშივე მიატოვა ჩვილი ბავშვი. იგი იზრდებოდა გლეხის ოჯახში უცხო მშობლებთან. ყმაწვილობიდანვე მიტოვებული 40-იანი წლების დასაწყისამდე ხეტიალობდა, პერიოდულად ხვდებოდა ციხეში წვრილი ქურდობისა და საბუთების გადაკეთებისთვის. იმავდროულად წერდა ლექსებს (ელეგია „სიკვდილმისჯილი“ („Condamné à mort“), რომელიც ჟენემ 1939 წელს საკუთარი ხარჯებით გამოსცა).

1942 წელს ჟან ჟენე ციხეში ყოფნისას წერს რომანს -„ფერთა ღვთისმშობელი“ („Notre-Dame des Fleurs“). მოგვიანებით ის ხვდება ჟან კოკტოს, რომელსაც რომანის ხელნაწერს აჩვენებს. თავდაპირველად კოკტო შეძრწუნებულია: სისასტიკე, უხამსობა. ყოველივე ეს, მისი აზრით, სცდებოდა თანამედროვე ფრანგული ლიტერატურის საერთო სურათს. თუმცა კოკტო მალე გადაწყვეტს, რომ საქმე აქვს შედევრთან. კოკტო ხდება ჟენეს მფარველი და თავის მდივანს პოლ მორიანს არწმუნებს, რომ გამოსცეს ეს სკანდალური წიგნი (რომანი გამოიცა 1944 წელს მონტე კარლოში).

1944 წლიდან ჟენეს აქტიური ლიტერატურულ-შემოქმედებითი პერიოდი აქვს. მის ნაწარმოებებში აშკარაა კოკტოს გავლენა. იგი სხვადასხვა ჟანრში მუშაობს, ქმნის რომანებს: „ვარდის სასწაული“ („Miracle de rose“, 1946), „ქერელი ბრესტიდან“ („Querelle de Brest“, 1947). 1982 ამ რომანის მიხედვით რაინერ ფასბინდერმა გადაიღო ფილმი „ქერელი“), „დამკრძალავი ცერემონია“ („Pompes funèbres“, 1948); ავტობიოგრაფიულ ნარკვევს „ქურდის დღიური“ („Journal du voleur“, რომელიც 1947 წელს დაასრულა და 1949 წელს გამოაქვეყნა); პიესებს: „მოახლეები“ („Les Bonnes“, 1947) და „სიფხიზლე“ (დაწერილია „მოახლეებზე“ ადრე, მაგრამ გამოქვეყნებულია 1949 წელს).

ჟან ჟენეს ყველა ეს ნაწარმოები, „ქურდის დღიურის“ ჩათვლით, რომელიც უფრო მეტად მხატვრული გამონაგონია, ვიდრე მოვლენათა ზუსტი ასახვა, ეძღვნება ერთსა და იმავე თემას - ინდივიდის თავისუფლების დამკვიდრებას, თუნდაც ბოროტი და ბილწი ვნების ხარჯზე. აქ აბსურდული არა მხოლოდ გარემოებანი, აბსურდულია თავად გმირიც, რომლის საქციელიც და გადაწყვეტილებებიც თავიდანვეა მოკლებულია რაციონალურ დასაბუთებას.

ჟენეს „მოახლენი“ პირველად დაიდგა თეატრ ამენეიში 1947 წელს რეჟისორ ლუი ჟუვეს მიერ. პიესით გამოწვეული აჟიოტაჟის გამო ჟენე კინაღამ დააპატიმრეს. მიუხედავად იმისა, რომ ამ დროისთვის იგი საკმაოდ ფართო პოპულარობით სარგებლობდა, სამუდამო პატიმრობიდან მხოლოდ სარტრის, კოკტოს, კოლეტისა და სხვათა მიერ ხელმოწერილმა პეტიციამ იხსნა 1948 წელს.

1951 წლიდან გამომცემლობა გალომასში ჟენეს თხზულებათა ტომეული იბეჭდება. ამ გამოცემისთვის სარტრმა დაწერა წინასიტყვაობა, რომელიც გადაიზარდა მსხვილ წიგნში: „წმინდა ჟენე, კომედიანტი და წამებული“ (1952). სარტრი ეგზისტენციალიზმის პოზიციიდან შეეცადა აეხსნა პოეტი-დამნაშავის ფენომენი, რომელიც თავისუფალი არჩევანის სიტუაციიდან გამოდიოდა.

ორმოცდაათიან წლებში ჟენე თავისი პოპულარობის მწვერვალს აღწევს, მაგრამ ამავე დროს შემოქმედებისა და პირადი ცხოვრების ღრმა კრიზისში შედის. იგი წყვეტს წერას, ანადგურებს ადრინდელ ხელნაწერებს, აქვს თვითმკვლელობის მცდელობა, ცივდება ურთიერთობები კოკტოსთან. ჟენე მხოლოდ შვიდი წლის შემდეგ უბრუნდება ლიტერატურულ შემოქმედებას. 1955 წელს წერს პიესას „აივანი“ („Le Balcon“; გამოქვეყნდა 1956 წელს), ერთი წლის შემდეგ პიესას „ზანგები“ („Les Nègres“), ხოლო 1957 წელს - „თეჯირები“ (გამოქვეყნდა 1961 წელს).

1959 წელს „ზანგები“ წარმატებით დაიდგა პარიზში როჟე ბლენის მიერ ლუტეციას თეატრში. გაცილებით უღიმღამოდ ჩაიარა 1960 წელს „აივნის“ პიტერ ბრუკისეულმა პარიზულმა პრემიერამ. მოგვიანებით ჟენესთვის ახალი შემოქმედებითი კრიზისი იწყება. ამას ემატება პირადი უბედურებანიც. 1965 წელს თავს იკლავს ჟენეს საყვარელი მეგობარი მამაკაცი, ბაგირზე მოსიარულე აბდალა, ხოლო 1967 წელს - მისი მეორე უახლოესი მეგობარი ბერნარ ფრეტმანი. ეს კრიზისი ბოლოს უღებს ჟენე-დრამატურგის კარიერას და 1968 წლიდან უმეტესწილად პუბლიცისტურ მოღვაწეობას აგრძელებს. ჟენე ბევრს მოგზაურობს, საჯაროდ გამოდის ყოველგვარი მემარცხენე მოძრაობის მხარდასაჭერად (პალესტინელებისა და „შავი პანტერების“ ჩათვლით).

1983 წელს პეტერ შტაინმა „ზანგები“ შაუბიუნეს თეატრში დადგა. იმავე წელს „თეჯირები“ პატრის შერომ პარიზში დადგა. გერმანიაში ფასბინდერი იღებს ფილმს „ქერელი ბრესტში“. 1984 წელს „მსახურები“ ნაჩვენები იყო საფრანგეთის ტელევიზიით, ხოლო 1985 წელს „აივანი“ დაიდგა კომედი ფრანსეზში.

1986 წელს ჟენე გარდაიცვალა პარიზში. გარდაცვალების შემდეგ გამოიცა რომანი „შეყვარებული ტყვე“ („Le Captif amoureux“), რომელზეც ჟენე ბოლო სამი წლის განმავლობაში მუშაობდა. მის ქაღალდებში ასევე ნაპოვნი იქნა მცირე ზომის პიესის - „ის“ („Elle“) ხელნაწერები.

გამოცემები ქართულ ენაზე

  • ნოტრ-დამ-დე-ფლერი: [რომანი] [თბ.: დიოგენე, 2010]
  • სიკვდილმისჯილი: პოემა. ახალი საუნჯე: ტექსტების და კონტექსტების ჟურნალი თბილისი, 2014. 0134-9848 მარტი, N9, გვ.64-70



წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები