ჟინვალი (სოფელი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჟინვალი – ისტორიული სოფელი არაგვის ხეობაში, დუშეთის მუნიციპალიტეტში. ჟინვალის ჰიდროკომპლექსის მშენებლობასთან დაკავშირებით სოფელი ჟინვალი ძველი სამოსახლოდან აიყარა და ორ ახალ პუნქტად დასახლდა.

ტოპონიმი ჟინვალი არაგვის ხეობის ერთ-ერთი უძველესი გეოგრაფიული სახელია. როგორც აქ ჩატარებულმა არქეოლოგიურმა კვლევა-ძიებამ ცხადყო, ჟინვალის ტერიტორიაზე მოსახლეობა უკვე მკვიდრობს ძვ.წ. V-IV საუკუნეებიდან. თვითონ სახელწოდება ჟინვალი (ჟინოვანი) ქართულ საისტორიო წყაროებში შუა საუკუნეებიდან (XI-XII ს.ს.) ჩნდება. ამ ცნობების მიხედვით ჟინოვანი არაგვის ხეობის დასახლებულ პუნქტებს შორის ერთ-ერთი დაწინაურებული და ძლიერი ციხე-ქალაქი ყოფილა: „ხოლო ჟინვანი არს შავისა და თეთრის არაგვის შესაკრებელს შორის ციხე შენი და მაგარი და იყო ქალაქი და აწ უქმ არის.“ ჟინვალს თავისი პოლიტიკური და ეკონომიკური ძლიერება-აყვავებისათვის” XI-XIII საუკუნეებში მიუღწევია. იგი განადგურდა თემურ-ლენგის შემოსევის დროს. ამის შემდეგ ქალაქი ფეხზე ვეღარ დამდგარა და პატარა სოფლად (ნაქალაქარად) ქცეულა. XV საუკუნიდან არაგვის ხეობაში აღმავლობას იწყებს ანანური.

როგორია სახელწოდება ჟინვალის წარმოშობის ისტორია, რა უდევს საფუძვლად ამ უძველეს ქართულ ტოპონიმს? შუა საუკუნეების დროინდელ ქართულ საისტორიო წყაროებში ჟინვალი სხვადასხვაგვარად არის წარმოდგენილი. იგი მოხსენიებულია როგორც ჟინოვანი || ჟინოანი და ჟინვანი || ჟილვანი. კერძოდ, ამირსპასალარ ჭიაბერის მიერ შიომღვიმისადმი მიცემულ შეწირულების სიგელში (1189-1192) ნათქვამია: „ჩემსა ჟინოვ(ა)ნისა ქონებასა შინა ვჰკადრე და მოვახსენე ღმრთის სწორსა მეფეთა მეფესა თამარს მიხითარაის ძენი დავითის შვილნი: ოქროი და მახარაი, ბრაჭი და იოვანე მათითა სახლითა და მამულითა ნასყიდითა და უსყიდელითა“.

„დავით მეფემ (დიმიტრი თავდადებულის შვილი, იგივე დავით VIII გ.მბ.) უბოძა გრიგოლ ქარმაულ ჭაჭნაისშვილს შუანის ხევს ჟინოვანის შესავალი ლაუშა“ და სხვ.

თუ სახელწოდება ჟინოვანს შედგენილობის თვალსაზრისით განვიხილავთ, დავინახავთ, რომ, ტოპონიმის საყრდენი ძირია ჟინ-, რომელსაც -ოვან- სუფიქსი დართვია: ჟინ-ოვან-ი. ყველა დანარჩენი დაწერილობა ამ ტოპონიმისა (ჟინოანი, ჟინვანი, ჟილვანი) ჟინოვანის სახეცვლილი ფორმებია.

ისიც ცნობილია, რომ -ოვან- სუფიქსი უპირატესად მცენარეული საფარის აღმნიშვნელ ტოპონიმებში გვხვდება: ვაშლ-ოვან-ი, მუხრ-ოვან-ი რცხილ-ოვან-იი… თხილ-ოვან-ი ი (მ)სხლ-ოვან-ი, თელ-ოვან-ი, ნარ-ოვან-ი… -ოვან- სუფიქსი -იან- და -ნარ- სუფიქსთა ფარდი ელემენტია, ამიტომაც არის, რომ ამ სუფიქსით წარმოქმნილი ტოპონიმები ქართულში საკმაოდ ბევრია: წაბლ-იან-ი, შვინდ-იან-ი.

მაშასადამე, უნდა ვიფიქროთ, რომ ჩვენთვის საინტერესო ტოპონიმის (ჟინოვანი) საყრდენი ფუძეც მცენარის აღმნიშვნელი სიტყვაა. მაგრამ დღეს ქართლურ ან კახურ დიალექტებში უჟინ- (ჟინა) აღარ ჩანს. ჟინა (ჟინაჸი) დაუცავს თუშურ დიალექტს; ჟინა ახალგაზრდა ნორჩი ფიჭვის ხის აღმნიშვნელი ტერმინია.” თუშეთში ჟინა სიტყვისაგან მიკროტოპონიმებიც წარმოქმნილა. სოფელ დადიკურთაში, მაგალითად, არის ადგილი, რომელსაც ჟინაიან გორი ჰქვია; სოფელ გუდანთაში კი გვხვდება რიტუალურ-საკულტო ადგილი ჯვარჟინა, რაც ნიშნავს „სალოცავი ფიჭვი“, „ადგილი, სადაც ფიჭვის წმინდა ხე დგას“. ამის მიხედვით შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ჟინ-ოვან-ი ადგილობრივ ქართლურ დიალექტზე ძველად გაიაზრებდა როგორც „ფიჭვნარი“, „წიწვოვანი ტყე“, „ადგილი, სადაც ხარობს ფიჭვნარი ტყის კორომი“, მოგვიანებით სიტყვა ჟინა ქართული ენიდან მთლიანად განუდევნია ბერძნულ პიტიუსს („ფიჭვი“), ჟინა სიტყვის ენაში გამოყენების ფაქტი კი ძველთაძველ ტოპონიმ ჟინ-ოვან-ს შემოუნახავს.

ჟინოვან- სახელში მოგვიანებით -ოვან- სუფიქსი გამარტივებულია (ო- ხმოვანი დაკარგულა ვ თანხმოვნის მეზობლობაში) და შედეგად ჟინ-ვან-ი მიგვიღია. ეს ენობრივი ცვლილება (ჟინ-ოვან-ი – ჟინ-ვან-ი) ძველ ქართულ წერილობით ძეგლებში დოკუმენტობრივ არის ასახული. ისიც ითქვა, რომ დღევანდელი ოფიციალური სახელწოდება ჟინ-ვალ-ი უჟინ-ვან- ფორმისაგან მომდინარეობს დისიმილაციური განმსგავსების გზით. ერთი და იმავე ტოპონიმის ფორმათა ამგვარი სიმრავლე უთუოდ იმით არის გამოწვეული, რომ ადგილობრივ მოსახლეობას ოდითგანვე უცდია სახელწოდებაში ჩადებული შინაარსის ამოცნობა, მისი „წაკითხვა“. ხალხში დღესაც გაიგონებთ ასეთ გადმოცემას: ქართველებს მტერზე აქ ჟინიც უყრიათ და ვალიც გადაუხდიათო. ეს გადმოცემა ჩაწერილი და გამოქვეყნებული აქვს ცნობილ დიალექტოლოგს პროფ. გრ.იმნაიშვილს. ამავე მკვლევარს ჩაუწერია სხვაგვარი ხალხური ვერსიაც, თითქოს ჟინვალი სახელწოდება შირვანს უკავშირდებოდეს.

სპეციალისტთა ერთი ნაწილი თვლის, რომ ჟინვალი ზანურენოვანი (მეგრული) წარმოშობის სახელია და ნიშნავს ზემო ციხე (მეგრ. ჟინ „ზემო“ და ვან-ი „ციხე“, „სადგომი“). ამგვარი თვალსაზრისის გაზიარება, ვფიქრობთ, არ შეიძლება, რადგან სიტყვა ვან-ი აქ არაფერ შუაა; როგორც უკვე ვთქვით, ტოპონიმის უძველესი, ამოსავალი ფორმა იყო ჟინოვანი და არა ჟინვანი.

ვაჟა-ფშაველას ნაწერებში მხოლოდ ჟინვანი დასტურდება:

„ჟინვანს მოვიდა ქაღალდი
მოწერილობა მეფისა:
აბა, არაგვო, აჩქარდი
შენი ერეკლე გელისა“.

ან:

„არაგვმა ლახტი აიღო
ამირანისა, რა ხანი...
კართანას ფარი წაართვა
ჟინვანს მოჰგლიჯა ჩაჩქანი“…

ქართული ტოპონიმიის ცნობილი მკვლევარი კ. ჰანი სახელწოდება ჟინვან-ში სიტყვა ჟინის („каприз“) არსებობას ვარაუდობდა, თუმცა თვითონვე გაოცებული წერდა, გაუგებარია, სოფელს ასეთი სახელი რატომ უნდა შერქმეოდაო.

წყარო

ქართულ ტოპონიმთა განმარტებით-ეტიმოლოგიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები