ჟოსკენ დეპრე
ჟოსკენ დეპრე – (Josquin Després, Josquin des Prés, დაახლოებით 1440 პიკარდია – 27. VIII. 1521, კონდე-სიურ-ესკო), ფრანგი და ფლამანდელი კომპოზიტორი. მოღვაწეობდა უმთავრესად იტალიაში. 1474-79 მილანის სამეფო კარის კაპელის, 1486-94 რომის სიქსტეს კაპელის მგალობელი. 1495-99 ხელმძღვანელობდა კამბრეს ტაძრის, 1489-მოდენის ტაძრის კაპელებს. 1500 მსახურობდა პარიზში, ლუი XII-ის კარზე. 1501-03 ფერარის სამეფო კარის კაპელმაისტერი იყო, სიცოცხლის უკანასკნელ წლებში კონდეს ტაძრის-მოძღვარი. ჟოსკენ დეპრე აღორძინების ხანის პოლიფონიური ხელოვნების ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელია. თავის მესებსა და მოტეტებში პოლიფონიურ ტექნიკას უქვემდებარებდა ახალ გამომსახველობით ამოცანებს. მისმა პროგრესულმა, ჰუმანისტურმა ხელოვნებამ ნიადაგი მოუმზადა ახალ შემოქმედებით მიმართულებას XVI ს. ევროპულ მუსიკაში. მისი თხზულებების სრული კრებული გამოდის ლაიფციგში, ამსტერდამში (1968-მდე გამოვიდა 54 კრებული. გამოცემა გრძელდება).