რაიხშტადტის შეთანხმება 1876
რაიხშტადტის შეთანხმება 1876 – (საიდუმლო შეთანხმება რუსეთსა და ავსტრია-უნგრეთს შორის ბალკანეთის საკითხზე), დაიდო 26.VI(8.VII) ალექსანდრე II-სა და თავად ა.მ. გორჩაკოვის შეხვედრისას ფრანც-იოზეფთან და დ. ანდრაშისთან რაიხშტადტის ციხესიმაგრეში (ჩეხეთი).
ბალკანეთზე ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლის განვითარებამ აიძულა რუსეთი, შეთანხმება დაედო ავსტრია-უნგრეთთან, ამ რეგიონში პოლიტიკური ვითარების გამწვავების შემთხვევაში. შეთანხმება დაფიქსირდა არა ერთიანი დოკუმენტის, არამედ გორჩაკოვისა და ანდრაშის დავალებით გაკეთებული ჩანაწერების სახით, რომლებიც, როგორც შემდგომში გამოირკვა, რიგ პუნქტებში ერთმანეთისაგან განსხვავდებოდა. ის პუნქტები, რომლებიც ემთხვეოდა ერთმანეთს, ითვალისწინებდა, რომ ორივე სახელმწიფო დაიცავდა ჩაურევლობის პრინცის და კვლავ დაიწყებდნენ მოლაპარაკებებს, თუ ამას ვითარება მოითხოვდა. თურქეთის წარმატების შემთხვევაში მათ იკისრეს, მოეთხოვათ, ომამდელი მდგომარეობის აღდგენა სერბეთში, ჩერნოგორიის დამოუკიდებლობის აღიარება, ასევე ადმინისტრაციული რეფორმების გატარება ბოსნიასა და ჰერცეგოვინაში. მხარეები შეთანხმდნენ, ხელი არ შეეწყოთ დიდი სლავური სახელმწიფოს შექმნისათვის. ანდრაში დათანხმდა ზოგიერთ ტერიტორიულ დათმობაზე.
რუსული ჩანაწერების შესაბამისად გათვალისწინებული იყო, რომ „ჩერნოგორიას საშუალება მიეცემოდა, მოეხდინა ჰერცეგოვინისა და ადრიატიკის ზღვაზე პორტ სპიცის ანექსია, ხოლო სერბეთს – ძველი სერბეთის ზოგიერთი ნაწილისა და ბოსნიის ანექსია. ავსტრია-უნგრეთს ამ შემთხვევაში ექნებოდა „თურქეთის ხორვატიისა და მისი მოსაზღვრე ბოსნიის ნაწილების შეძენის“ უფლება.
ანდრაშის ჩანაწერების მიხედვით, სერბეთსა და ჩერნოგორიას უნდა მიეღოთ ბოსნიისა და ჰერცეგოვინის მხოლოდ მოსაზღვრე რაიონები. ჰერცეგოვინის დანარჩენი ნაწილის და ბოსნიის ნაწილის ანექსია უნდა მოეხდინა ავსტრია–უნგრეთს. რუსეთმა მიიღო უფლება, დაებრუნებინა სამხრეთ-დასავლეთი ბესარაბია, რომელიც ჩამოსცილდა მას პარიზის ხელშეკრულებით 1856 და შეეერთებინა ბათუმი. ავსტრიული ჩანაფიქრი ითვალისწინებდა, რომ ბულგარეთი, რუმინეთი და ალბანეთი გახდებოდა ოსმალთა იმპერიის ავტონომიური პროვინციები. გათვალისწინებული იყო ეპირის, თესალიისა და კრეტის გადაცემა საბერძნეთისათვის. კონსტანტინოპოლი (სტამბოლი) თავისუფალი ქალაქი უნდა გამხდარიყო. შემდგომში ავსტრია-უნგრეთმა გერმანიის მხარდაჭერით წამოაყენა პრეტენზიები არა მხოლოდ მთელი ბოსნიის, არამედ ჰერცეგოვინის ანექსიაზე.
1877 წლის დასაწყისში ავსტრია-უნგრეთისა და რუსეთს შორის დაიდო ბუდაპეშტის კონვენცია, რომელსაც, რაიხშტადტის შეთანხმებასთან ერთად, ავსტრია იყენებდა სან-სტეფანოს საზავო ხელშეკრულების 1878 გადასინჯვის და ბოსნიისა და ჰერცეგოვინის ჯერ ოკუპაციის (1878), შემდეგ კი ანექსიის (1908) ფორმალურ საფუძვლად.