რამიშვილი ნინო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნინო რამიშვილი

ნინო რამიშვილი − (დ. 19 იანვარი, 1910, თბილისი − გ. 6 სექტემბერი, 2000, თბილისი), ბალეტის მსახიობი, ბალეტმაისტერი, საქართველოს სსრ ხალხური ცეკვების სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის სოლისტი და მხატვრული ხელმძღვანელი ილიკო სუხიშვილთან ერთად, აგრეთვე ანსამბლის დირექტორი, საქართველოს სსრ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, საქართველოს სსრ და სსრ კავშირის სახალხო არტისტი, ლენინის ორდენის, შრომის წითელი დროშის ორდენის, „საპატიო ნიშნის“ ორდენის, რუმინეთის „ოქროს ვარსკვლავის“ ორდენის მფლობელი, სტალინური პრემიის, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის, სხვა პრემიებისა და პრიზების ლაურეატი.

დაიბადა 1910 წელს თბილისში მოსამსახურის ოჯახში; 12 წლის ასაკიდან ხუთი წლის მანძილზე (1922-1927) სწავლობდა მ. ი. პერინის საბალეტო სტუდიაში, რომლის დამთავრებისთანავე თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის კორდებალეტში მიიღეს; აქ მან 12 წელიწადს იცეკვა ქართულ ოპერეტებსა და რუსულსა თუ ევროპულ ბალეტებში (ზ. ფალიაშვილის „დაისი“, მ. ბალანჩივაძის „დარეჯან ცბიერი“, დ. არაყიშვილის „თქმულება შოთა რუსთაველზე“, ჩაიკოვსკის „გედების ტბა“, მოცარტის „დონ-კიხოტი“ და სხვა.).

1936-1945 წლებში ნინო რამიშვილი ქართული ხალხური ცეკვის ანსამბლის სოლისტია და მეუღლესთან, ილიკო სუხიშვილთან ერთად ხშირად მონაწილეობს კონცერტებში; ჯერ კიდევ 1930 წელს საკავშირო ოლიმპიადაზე პირველი პრემია მიენიჭა ორივეს, ხოლო 1939 წელს ნინო რამიშვილი საესტრადო ხელოვანთა საკავშირო კონკურსის ლაურეატი ხდება. ამ დროისთვის ნინო რამიშვილის ხელოვნებისათვის უკვე დამახასიათებელია ქალური მომხიბვლელობა, სისადავე და ლაკონიურობა, ქალთა შორის ქართული ცეკვის ერთ-ერთი საუკეთესო შემსრულებელია.

1945 წელს ნინო რამიშვილი, თავის მეუღლესთან, ილიკო სუხიშვილთან ერთად ქმნის საქართველოს ქართული ხალხური ცეკვის სახელმწიფო ანსამბლს. აქედან იწყება გრძელი გზა ქართული საცეკვაო ხელოვნების მოგზაურობისა მსოფლიოს ქვეყნებში. სათვალავი არ აქვს ქვეყნებს და ხალხებს, რომლებიც ოვაციებს უმართავენ ქართულ საცეკვაო ხელოვნებას.

1949 წელს ნინო რამიშვილი სტალინური პრემიის ლაურეატია; 1952 წელს რუმინეთის ორდენით, „ოქროს ვარსკვლავით“ ჯილდოვდება; მალევე, იმავე 1952 წელს რესპუბლიკის სახალხო არტისტის წოდება ენიჭება; 1953 წელს ახალგაზრდობისა და სტუდენტობის მეოთხე ფესტივალზე ოქროს მედალს და მსოფლიო ლაურეატის წოდებას იმსახურებს; 1963 წელს სსრკ სახალხო არტისტია. მის მიერ შესრულებული ცეკვებია: „ჯეირანი“, „მუხამბაზი“, „მთიულური“, „სამაია“

1973 წელს ახალი ქორეოგრაფიული დადგმებისა და საკონცერტო მოღვაწეობისათვის მიენიჭა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია.


ნინო რამიშვილი გარდაიცვალა 2000 წლის სექტემბერში. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.


წყარო

რუსთაველის პრემიის ლაურეატები‏‎

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები