რაშელი ელიზა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ელიზა რაშელი

ელიზა რაშელი – (Elisa Rachel Felix, Mademoiselle Rache, ნამდვილი გვარი – ელიზა რაშელ ფელიქსი, 1821-1858), ფრანგი მსახიობი ქალი.

ღარიბ ებრაულ ოჯახში დაიბადა. მისი მშობლები მოხეტიალე მსახიობები და ვაჭრები იყვნენ. უსახსრობის გამო რაშელი და მისი უფროსი და ხშირად ქუჩებსა და კაფეებში მღეროდნენ. სწორედ ასეთ დროს რაშელის სიმღერა მოისმინა პარიზის კონსერვატორიის დამფუძნებელმა ეტიენ შორონმა. იგი მოიხიბლა გოგონას სიმღერით და რაშელი მის ოჯახთან ერთად პარიზში წაიყვანა. შორონმა რაშელი თავის კლასში ჩარიცხა. პარიზში რაშელის ოჯახი ებრაელთა უბანში დასახლდა.

მალე რაშელი დრამატული ხელოვნების შესწავლას იწყებს კერძო სკოლაში, პარალელურად დამატებით გაკვეთილებს იღებს ცნობილ პედაგოგ ჟ. სამსონთან. სწორედ მან აღმოაჩინა რაშელში ტრაგიკული მსახიობის ნიჭი. 1837 წელს, თეატრალური სკოლის დამთავრების შემდეგ, რაშელის დებიუტი ვოდევილის თეატრის სცენაზე შედგა. თავდაპირველად იგი ეპიზოდურ როლებს ასრულებდა. 1838 წელს რაშელი გამოდის „კომედი ფრანსეზის“ სცენაზე, სადაც უაღრესად დიდ წარმატებას აღწევს. რაშელის მამა მისი იმპრესარიო იყო და ხშირად ძალიან დიდ ჰონორარს ითხოვდა, რის გამოც საზოგადოება ნეგატიურად იყო განწყობილი რაშელის მიმართ. რაშელს საკუთარი სალონი ჰქონდა და მაღალი საზოგადოებისათვის ჩვეული ცხოვრებით ცხოვრობდა. მას ჰყავდა ორი ვაჟიშვილი, მაგრამ გათხოვილი არასოდეს ყოფილა. მისი მრავალრიცხოვანი სასიყვარულო ურთიერთობები ხშირად ხდებოდა პარიზის საზოგადოების განხილვის საგანი.

რაშელი ძალზე ვნებიანი და ემოციური მსახიობი იყო. შესახედაობით არ გამოირჩეოდა, იყო საშუალო სიმაღლის და გამხდარი. მას მეტად გამომსახველი და მდიდარი ხმის ტემბრი ჰქონდა. სცენაზე იგი საოცრებებს ახდენდა, რადგან ძალზე მომნუსხველი ძალა ჰქონდა. მისი სცენური პერსონაჟები ტირანიის, დესპოტიზმის წინააღმდეგ პიროვნების თავისუფლებისათვის მებრძოლი გმირები იყვნენ. რაშელმა, როგორც ნიჭიერმა და თვითმყოფადმა მსახიობმა, ძალზე დიდი პოპულარობა მოიპოვა.

ფრანგული თეატრის სცენაზე რაშელმა ააღორძინა კლასიცისტური ტრაგედია. კორნელის და რასინის დრამატურგიას სწორედ მან შთაბერა ახალი სუნთქვა და თანამედროვე ჟღერადობა შესძინა. მის მიერ შესრულებული როლები გამოირჩეოდა ფსიქოლოგიური სიღრმით, უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლის პათოსით, მაღალი ადამიანური და სულიერი ღირსებებით. ბუნებრივია, ყოველივე ეს მის პერსონაჟებს მასშტაბურობას ანიჭებდა. მაყურებელთა თვალწინ იშლებოდა რაშელის მიერ შესრულებული გმირების რთული, ტრაგიკული სამყარო: კამილა (კორნელის „ჰორაციუსი“), ფედრა (რასინის „ფედრა“), გოფოლია (რასინის „გოფოლია“).

რაშელის გმირული პათოსი განსაკუთრებით გააქტიურდა რევოლუციის დღეებში, როდესაც მან საოცარი, მისთვის ჩვეული ემოციურობით და გზნებით შეასრულა „მარსელიეზა“, რომელიც ჟღერდა როგორც მოწოდება.

1848 წლის შემდგომ პერიოდში, ფრანგული თეატრის სცენიდან აღარ გაისმის გმირული პათეტიკა. თანდათანობით სცენაზე მკვიდრდება ბურჟუაზიული კომედია და ყოფითი დრამა, რომლებიც ესთეტიკური თვალსაზრისით, მსახიობის შემოქმედებითი ხელწერისთვის სრულიად მიუღებელი იყო. ამის გამო რაშელის შემოქმედება ღრმა კრიზისს განიცდის. მის შესრულებას მოაკლდა ცოცხალი ემოცია, უშუალობა, გმირული პათოსი, თითქოს გაფერმკრთალდა მსახიობის ნიჭი, გაცივდა და დაკარგა თავისებური ხიბლი. დემოკრატიულად განწყობილი მაყურებლის ინტერესიც თანდათან განელდა რაშელის მიმართ, რამაც იგი მიიყვანა სულიერ და შემოქმედებით დაცარიელებამდე. ამ პერიოდში შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია ადრიანა ლეკუვრერი - სკრიბის და ლეგუვეს ამავე სახელწოდების პიესიდან.

1940 წლიდან რაშელი ევროპის ქვეყნებში გასტროლით მიემგზავრება. იგი ინგლისის დედოფლის - ვიქტორიასა და პრუსიის მეფის წინაშე გამოდის. 1853-54 წლებში რაშელი ჩამოდის რუსეთში და იმპერატორის წინაშე წარსდგება. ჩრდილოეთში მოგზაურობის შემდეგ, რაშელი მძიმედ დაავადდება. პარიზში დაბრუნების შემდეგ, მას ტუბერკულოზი აღმოაჩნდება. აშშ-ში მძიმე გასტროლისა და პარიზში დაბრუნების შემდეგ, რაშელის ავადმყოფობა გართულდა და 1858 წელს იგი გარდაიცვალა.

რაშელი XIX საუკუნის ფრანგული თეატრის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი იყო. მან თავისი პროფესიონალიზმით, თვითმყოფადობითა და მოქალაქეობრივი თვითშეგნებით უდიდესი კვალი დატოვა თეატრალურ ხელოვნებაში.


წყარო

მსოფლიო თეატრის ისტორია წიგნი III

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები