რენტგენი ვილჰელმ კონრად
ვილჰელმ კონრად რენტგენი – (გერმ. Wilhelm Conrad Röntgen, 1845 – 1923 წ.), გერმანელი ფიზიკოსი.
ვილჰელმ კონრად რენტგენი დაიბადა ლენეპში, რეინის პროვინციაში. იგი გამოსულია ოჯახიდან, რომელიც ოდითგანვე ქვაბების გამოყვანასა და ფეიქრობას მისდევდა.
1848 წელს მშობლები ემიგრაციაში ჰოლანდიაში გაემგზავრნენ (პოლიტიკური მოსაზრებით) და აპლდურენში დასახლდნენ. სკოლაში ცუდ მოსწავლედ ითვლებოდა, რაც მშობლებს ძალიან აწუხებდა. არაჩვეულებრივად აჯირითებდა ცხენს და სრიალებდა ციგურებით, ყველას უნდოდა მასთან თამაში, გენიალობის არავითარ იმედებს არ იძლეოდა. დაწყებითი ტექნიკური სკოლაც კი არ დაუმთავრებია, რადგანაც თავის მასწავლებელზე კარიკატურის გამოსახვა დააბრალეს, თუმცა ეს არ გაუკეთებია. მიუხედავად იმისა, რომ სკოლა არ დაუმთავრებია, მშობლები მაინც ცდილობდნენ მოეწყოთ უტრეხტის უნივერსიტეტში. ეს ცდები წარმატებით არ დაგვირგვინდა. სწავლა რენტგენმა დაიწყო მხოლოდ 1865 წელს ციურიხის პოლიტექნიკუმში, სადაც გამოცდა ჩააბარა. სამი წლის სწავლის შემდეგ მიიღო ინჟინერ-მექანიკოსის დიპლომი, ხოლო ერთი წლის შემდეგ დაიცვა დისერტაცია ფიზიკური მეცნიერების დოქტორის ხარისხზე. მაშინ იგი მხოლოდ 24 წლის იყო. მუშაობდა პროფესორი კუნდტის ასისტენტად, აქ, დაიწყო თავისი ექსპერიმენტები. რენტგენი საშუალო სკოლაში მიღებული ცოდნით არ არის კმაყოფილი. ავსებს მას, განუწყვეტლივ ატარებს ექსპერიმენტებს. 1874 წელს სტრასბურგში ფიზიკის ინსტიტუტში იღებს დოცენტის თანამდებობას, ხოლო 1876 წელს ადიუნკტის თანამდებობას. მისი შრომები გამოირჩევა საოცარი სიბეჯითითა და სიზუსტით. სწავლობს კუთრ სითბოტევადობას, ელექტრულ განმუხტვებს. იკვლევს აგრეთვე კრისტალებში კაპილარობის მოვლენებს და იზოთერმულ პროცესებს. 1879 წელს ინიშნება ტისენში პროფესორის თანამდებობაზე, შემდეგ გაემგზავრა ვიურცბურგში, სადაც სათავეში ჩაუდგა ცნობილი ფიზიკოსის კოლრაუშის კათედრას.
საუცხოო ნიჭისა და ცოდნის წყალობით დიდი აღიარება მოიპოვა როგორც ექსპერიმენტატორმა. ვიურცბურგში ჩაატარა თავისი გენიალური აღმოჩენა.
სხვადასხვა სხეულებში კათოდური სხივების გავლის გამოკვლევის დროს აღმოაჩინა სხივების ახალი სახე, რომლებსაც X – სხივები უწოდა (ახლა მათ რენტგენის სხივები ეწოდება მათი აღმომჩენის პატივსაცემად). ეს სხივები გულდასმით გამოიკვლია, აღმოაჩინა მათი დიდი განჭოლვის უნარი და სხვა თვისებები თვითონ შეასრულა პირველი რენტგენოგრამები ფოტოგრაფიულ ფირფიტაზე.
ამ აღმოჩენამ უდიდესი ინტერესი გამოიწვია მთელ მსოფლიოში. ეს აღმოჩენა ფიზიკის განვითარების ისტორიაში ახალ ეპოქას ნიშნავდა. რენტგენის მიერ აღმოჩენილი სხივების დახმარებით შესაძლებელი ხდება ნივთიერებათა სტრუქტურის გამოკვლევა (კრისტალთა სტრუქტურის გამოკვლევის ახლა ფართოდ გამოყენებული მეთოდი). ამასთან დაკავშირებით ვითარდება მეცნიერების ახალი დარგი – კრისტალოგია. X – სხივები ფართოდ გამოიყენება მეტალის ნაწარმში დეფექტების გამოკვლევასა და აღმოჩენაში.
რენტგენის სხივები დიდ სიკეთეს წარმოადგენს კაცობრიობისათვის, განსაკუთრებით კი მედიცინაში მისი გამოყენება.
ამ აღმოჩენისათვის რენტგენი დაჯილდოებულ იქნა პრუსიის გვირგვინის ორდენით და მიიღო მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის წოდება. იგი მსოფლიოს ყველა მეცნიერული საზოგადოების საპატიო წევრია. 1990 წელს ინიშნება მიუნხენის უნივერსიტეტში პროფესორის თანამდებობაზე, სადაც მუშაობს 1920 წლამდე. 1901 წელს რენტგენი ფიზიკოსთა შორის პირველი იღებს ნობელის პრემიას.
რენტგენი იყო ძალიან მორიდებული, დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებდა სახელსა და ფულს, აფასებდა მხოლოდ ცოდნასა და მეცნიერულ მუშაობას, რომელიც მას ყველაზე დიდ კმაყოფილებას ანიჭებდა. მიუხედავად ხელსაყრელი წინადადებისა, X – სხივების გამოყენების პატენტის უფლება თავისთვის არ დაიტოვა. აჩუქა ადამიანებს ძვირფასი აღმოჩენა, რომელიც სასარგებლო კვლევის იარაღი გახდა მეცნიერების მრავალრიცხოვან დარგში და ხელს უწყობდა ბევრი ადამიანის ტანჯვის შემსუბუქებას.
იგი გარდაიცვალა 1923 წლის 10 თებერვალს.