რიტმი (პოეზია)
რიტმი – (ბერძნ. თანაზომიერება), თანაზომიერი მეტყველებითი ერთეულებისა და პაუზების კანონზომიერი მონაცვლეობა (განმეორება). იგი მხატვრული ენის ერთ-ერთ კომპონენტს, ლექსის საფუძველსა და ლირიკული ნაწარმოების შინაგანი წყობის, კომპოზიციის ერთ-ერთ სპეციფიკურ დასაყრდენს წარმოადგენს.
რიტმული ერთეულების – სიტყვის ან სიტყვათა კომპლექსის – თანაზომიერებას საფუძვლად უდევს მარცვალთა გარკვეული ერთობლიობა, რომელიც ლექსწყობის ყოველი სისტემის სფეროში თავისებური ტიპოლოგიური ნიშნებით ხასიათდება, მარცვალთა სხვადასხვა თვისებებს ემყარება.
რიტმი პროზასაც ახასიათებს მაგრამ აქ გამოკვეთილი სახით ვლინდება მხოლოდ ნაწარმოებთა ამა თუ იმ ნაწილში, ხოლო, ზოგჯერ მთელ ნაწარმოებში ან ცალკეულ მწერალთა შემოქმედებაშიც და უპირატესად თხრობის ან აღწერის მხატვრულ-ემოციურ აქცენტირებას, აგრეთვე ნიუანსების ხაზგასმას ემსახურება.
პოეტური რიტმი განსაკუთრებული ესთეტიკურ-ემოციური და გამომსახველობითი მნიშვნელობით ხასიათდება.