რკინიგზის დომკრატი
რკინიგზის დომკრატი − მექანიზმი, რომელსაც იყენებენ მძიმე საცალო ტვირთის, სატრანსპორტო საშუალების (ავტომობილის, ვაგონის) და სხვათა ასაწევად სარემონტო, სამონტაჟო ან დატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოების შესრულებლად. რკინიგზის დომკრატი მცირე ზომისა და მცირე მასისაა (არ აღემატება თავისი ტვირთამწეობის 1%-ს). აწევის სიჩქარეა 0,01-0,25 მ/წმ, აწევის სიმაღლე – 0,15 მ. სპეციალური დანიშნულების დომკრატების ტვირთამწეობა რამდენიმე ასეულ ტონას აღწევს, ხოლო ტვირთის აწევის სიმაღლე – რამდენიმე მეტრს. დომკრატი უზრუნველყოფს ტვირთის მდორედ აწევას, მის ზუსტ ფიქსაციას და განსაზღვრულ სიმაღლეზე გაჩერებას. ამძრავის ტიპის მიხედვით განასხვავებენ ხელისა და ელექტროამძრავიან დომკრატებს, ხოლო მოქმედების პრინციპისა და კონსტრუქციული თავისებურებების მიხედვით – ლარტყულს, ხრახნულსა და ჰიდრავლიკურს.