რომანოვული ცხვარი
რომანოვული ცხვარი - ცხვრის ჯიში. გავრცელებულია იაროსლავის, ივანოვოსტსა კალინინის, კოსტრომის, ვოლოგდისა და კიდევ რამდენიმე სხვა ოლქში. საქურქო-სატყაპუჭო მიმართულებისაა და მსოფლიოში საუკეთესო ნედლეულს იძლევა ქურქისა და ტყაპუჭისათვის. ეს იმითაა გამოწვეული, რომ ცხოველებს ნაზი კანი აქვთ და გარეთმაში მატყლის ბეწვთა სხვადასხვა ფრაქციის თავისებური შეფარდება: ყოველ ერთ მქისე ბეწვზე 4 -5 თივთიკი მოდის. ამასთანავე, თივთიკი უფრო გრძელია, ვიდრე მქისე ბეწვი, რასაც ადგილი არა აქვს მქისემატყლიან სხვა ჯიშებში. ამიტომ არის, რომ რომანოვული ჯიშის მატყლი რბილია, ბეჭდისებრ დახვეული ბეწვის ბოლოებით. მქისე ბეწვი შავია, ხოლო თივთიკი — თეთრი, მათი შეხამება მთელ გარეთმას მოლურჯო-მოფოლადო იერს აძლევს. ყოველივე ამის გამო, რომანოვული ჯიშის ტყავისაგან შეკერილი ქურქი მსუბუქია, თბილი და ლამაზი.
რომანოვული ჯიში გამოირჩევა დიდი ნაყოფიერებით. ყოველ 100 ნერბზე, ერთი დოლის განმავლობაში, 200 -250 კრავი მოდის; ხშირია, რომ ერთი ნერბი 3 - 4 ბატკანს იძლევა. დაბადებისას კრავი შავი ფერისაა, მაგრამ უფროს ასაკში თანდათან უფრო ღია ფერს იძენს და ზემოაღწერილს უახლოვდება. ნერბების ცოცხალი წონა 40 -50 კილოგრამია, ყოჩებისა 60 -70 კილოგრამი. ნერბების კანძის წონა წელიწადში 1,5 - 2,0 კილოგრამია, ხოლო ყოჩებისა 2,5 – 3,0 კილოგრამი.