რომის XVII ოლიმპიური თამაშები (1960)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Olimpiada romshi.PNG

რომის XVII ოლიმპიური თამაშები - ზაფხულის XVII ოლიმპიური თამაშები ჩატარდა 1960 წელს (25 აგვისტო - 11 სექტემბერი) იტალიაში, ქალაქ რომში.

  • მონაწილე ქვეყანა 83
  • სპორტსმენი 5,338 / 611 ქალი / 4727 კაცი
  • სპორტის სახეობა 17
  • მედლების კომპლექტი 150

ყველაზე მეტი ოქროს მედალი
კაცებში: ბორის შახლინი (ტანვარჯიში, სსრკ) 4,2,1
ქალებში: ლარისა ლატინინა (ტანვარჯიში, სსრკ) 3,2,1

Romis plakati.PNG

რომს ზაფხულის ოლიმპიური თამაშების მასპინძლობის პატივი ჯერ კიდევ 1908 წელს ერგო, მაგრამ 1906 წელს ვულკან ვეზუვის ამოფრქვევამ და ფინანსურმა პრობლემებმა თამაშებზე უარი ათქმევინა. ამჯერად, უარის სათქმელად მიზეზი აღარ ჰქონიათ, თან 4 წლით ადრე კორტინა დ’ამპეცოში ზამთრის VII ოლიმპიური თამაშების მასპინძლობა მოასწრეს.

მანამდე არასდროს ყოფილა ისე, რომ ანტიკური და თანამედროვე ცივილიზაციები ისე შერწყმოდა ოლიმპიადას, როგორც ეს რომში მოხდა. მართლაც, რომაელებმა საუკეთესო მასპინძლობა გასწიეს - მსოფლიოში პოლიტიკური დაძაბულობის მიუხედავად, ოლიმპიელებს რომაული არდადეგები მოუწყვეს.

იტალიელებმა თავიანთი უძველესი ისტორიის ხაზგასასმელად ყველაფერი იღონეს, სპორტის არაერთ სახეობაში შეჯიბრებები ანტიკური დროის ადგილებში ჩაატარეს. მაგალითად, მოჭიდავეთა არენად მაქსენციას ბაზილიკა, ხოლო ტანმოვარჯიშეთა ასპარეზობებისთვის - კარაკალას თერმები გამოიყენეს და ამით მონაწილეებზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინეს.

რომის ოლიმპიური თამაშების ოქროს მედლის მოპოვებით დაიწყო 18 წლის კასიუს კლეის (მოგვიანებით - მუჰამედ ალი) კაშკაშა კარიერა

ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე პირველად გამოჩნდნენ მაროკოს, სან მარინოს, სუდანის, ტუნისის წარმომადგენლები, ხოლო ბარბადოსი, იამაიკა და ტრინიდადი და ტობაგო ვესტ ინდოეთის ფედერაციის სახელით პირველად და ერთადერთხელ წარდგნენ. ეგვიპტე და სირია, რომელთა ოლიმპიური დებიუტიც, შესაბამისად, 1912 წლის სტოკჰოლმისა და 1948 წლის ლონდონის თამაშებზე შედგა, ამჯერად, გაერთიანებული არაბული რესპუბლიკის სახელით გამოვიდნენ. თუმცა, დღემდე უცნობია, მათ რიგებში ირიცხებოდა თუ არა სირიელი სპორტსმენი. აქვე როდეზიის სახელით პირველად იასპარეზეს ზამბიის წარმომადგენლებმა (1964 წლის თამაშებზე ჩრდილოეთ როდეზიის, 1968 წლიდან კი ზამბიის სახელით წარდგნენ). თამაშებზე პირველად გამოჩნდა სურინამი, მაგრამ მხოლოდ გახსნის ცერემონიას დაესწრო.

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილებით, 1896 წლის პირველი ოლიმპიადისთვის ბერძენი სპიროს სამარასის მიერ შექმნილი ოლიმპიური ჰიმნი ოფიციალურად პირველად შესრულდა ზაფხულის ამ თამაშებზე.

1960 წლის თამაშები პირველი იყო, რომელიც ევროპის ბევრ ქვეყანაში ტელევიზიით პირდაპირი ეთერით გადაიცემოდა, აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში კი - რამდენიმე საათის დაგვიანებით (გადაღებულ მასალას რომსა და პარიზში ამუშავებდნენ და შემდეგ რეაქტიული თვითმფრინავებით გზავნიდნენ ჩრდილოეთ ამერიკაში).

წინა ოლიმპიადებისგან განსხვავებით, სუსტად გამოიყურებოდნენ ამერიკელი მძლეოსნები. აშშ-ის ვაჟთა ნაკრებმა მხოლოდ 9 ოქროს მედალი დაისაკუთრა, რაც წინა თამაშებთან შედარებით ექვსით ნაკლებია. ყველაზე დიდი იმედგაცრუება იყო 100 და 200 მეტრზე ჩაგდებული რბენები და 4X100 მეტრზე ნაწვნევი სრული კრახი.

გამორჩეულია ამერიკელი სპრინტერის ვილმა რუდოლფის შედეგები. ევროპული პრესის მიერ „შავ გაზელად” და „შავ მარგალიტად” შერაცხული გრძელფეხება აფროამერიკელი 100, 200 მეტრზე და 4X100-ზე ესტაფეტაში მოგებული 3 ოქროს მედლით პირველი ამერიკელი ქალი გახდა, რომელმაც ერთ თამაშებზე ასეთ შედეგს მიაღწია. ტელევიზიით გაშუქებული ოლიმპიადის წყალობით, რუდოლფი საერთაშორისო ვარსკვლავად იქცა. ასეთივე პოპულარობა მოიპოვა კრივში რომის ტრიუმფატორმა კასიუს კლეიმ (მოგვიანებით - მუჰამედ ალი). ინდოეთის ნაკრები, რომელსაც ბალახის ჰოკეიში 1928 წლის ოლიმპიადიდან მოყოლებული, ოქროს მედლები არ დაუთმია, ფინალში პაკისტანელებმა შეაჩერეს. საყოველთაო ყურადღების ცენტრში მოექცა ეთიოპიელი აბებე ბიკილა, რომელიც მარათონის სტარტზე ფეხშიშველი წარდგა. ბიკილამ მეტოქეები ერთიმეორეს მიყოლებით ჩამოიშორა, მერე კი ფინიშის ხაზიც პირველმა გადაკვეთა და გახდა პირველი აფრიკელი შავკანიანი ჩემპიონი. რომის ოლიმპიური თამაშები საბედისწერო გამოდგა დანიელი ველომრბოლის კნუდ იენსენისთვის, რომელმაც ასპარეზობისას მზის დარტყმა მიიღო, წაიქცა და თავის ქალა-ტვინის ტრავმით საავადმყოფოში გარდაიცვალა. მოგვიანებით კი, მის ორგანიზმში დოპინგის კვალს მიაგნეს. ამასთან, იენსენის სიკვდილი ერთგვარი ბიძგი იყო სოკ-ისთვის 1968 წლის ოლიმპიადიდან დოპინგ-ტესტირებების დასაწყებად.

პირველ საბედისწერო შემთხვევა 1912 წლის ოლიმპიადაზე მოხდა, როდესაც პორტუგალიელი ფრანსიშკო ლაზარო მარათონული გარბენის 30-ე კილომეტრზე გარდაიცვალა.

წყარო

ოლიმპიური ორტომეული

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები