რომმელი დიტრიხ-კრისტოფ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დიტრიხ-კრისტოფ რომმელი

დიტრიხ-კრისტოფ რომმელი – (გერმ. Dietrich Christoph von Rommel; დ. 17 აპრილი 1781, კასელი — გ. 21 იანვარი 1859, კასელი), გერმანელი ისტორიკოსი, ეთნოგრაფი და ფილოლოგი.

ნაპოლეონ I-ის წინააღმდეგ გამოსვლებში მონაწილეობისათვის იძულებული იყო დაეტოვებინა გერმანია. 1811-14 ხარკოვის უნივერსიტეტის მიწვევით მუშაობდა ლათინური სიტყვიერებისა და სიძველეთა კათედრის პროფესორად, სამშობლოში დაბრუნების შემდეგ შექმნა თავისი მთავარი ნაშრომი „ჰესენის ისტორია“ (ტ. 1-10, 1620-58). რომმელის პირველი სამეცნიერო ნაშრომი, რომელმაც მას სახელი გაუთქვა როგორც აღმოსავლეთმცოდნეს, იყო „აბუ ლფიდას არაბეთის აღწერა“ (1802). 1803 გამოქვეყნდა მისი „კავკასიის რეგიონებისა და ხალხების სტრაბონისეული აღწერილობის კომენტარები“, ხოლო 1808 – „კავკასიის ხალხები მოგზაურობის აღმწერთა ცნობების მიხედვით“. კავკასიის ბუნების, მის ბინადართა ყოფა-ცხოვრების, პოლიტიკური ვითარებისა და ისტორიული წარსულის გადმოცემისას რომმელი ეყრდნობოდა მოგზაურთა და მკვლევართა ფართო წრეს (სტრაბონიდან – კონსტანტინე პორფიროგენეტემდე, ბარბაროდან – ტურნეფორამდე, ლე ბრიუნიდან – ვიტსენამდე), თუმცა ზოგჯერ მათ შეცდომებსაც იმეორებს. ნაშრომში დიდი ადგილი ეთმობა საქართველოს, მის ცალკეულ კუთხეებსა და ტომებს. რომმელი დადებითად ახასიათებს ქართველებს, საგანგებოდ აღნიშნავს, რომ საქართველოში სხვა ხალხებთან ერთად ებრაელებიც ყოველგვარი შევიწროების გარეშე ცხოვრობენ. გულისტკივილით აღწერს საქართველოს სავალალო მდგომარეობას, რომელიც დააქუცმაცეს და მთიელთა სათარეშოდ აქციეს გარეშე თუ შინაურმა მტრებმა. ეკონომიკის დაცემის, მრეწველობისა და მწარმოებელი კლასის უქონლობის პირობებში მას მხოლოდსასწაულის იმედი აქვს ქართველი ერის აღორძინებისა. იგი წერს: „ …თუ რუსეთი საქართველოს არ გამოიყენებს როგორც საშუალებას საკუთარი ზრდის მიზნისათვის, ან უცხო მოსაზრებით, არამედ პატივს სცემს მას როგორც ერს, ასეთ შემთხვევაში შეიძლება დადგეს დრო, როდესაც კავკასიის ყელი წარმოგვიდგება მეორე ელადად“, ნაშრომში წარმოდგენილია საინტერესო ისტორიული წიაღსვლები და იდეები ცალკეული ხალხების ეთნოგენეზის შესახებ. დანართში მოცემულია კავკასიის ისტორიის პერიოდიზაციის ცდა, ცალკე თავები ეძღვნება კოლხებს, ამორძალებს, ალბანელებს, კავკასიის ებრაელებს, აგრეთვე ჰუნებსა და ფინურ-უგრულ ტომებს.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები