რუსეთის ვაკე
რუსეთის ვაკე – ასევე ცნობილია როგორც აღმოსავლეთ ევროპის ვაკე. ვრცელი, სიდიდით მეორე ვაკე ევროპაში. რუსეთის ვაკე ფართობით (დაახლოებით 4 მლნ კმ2) მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესია. მას უკავია აღმოსავლეთ ევროპის ძირითადი და ყველაზე კომპაქტური, სუსტად დანაწევრებული ნაწილი, რომელიც განედურად გადაჭიმულია არქტიკიდან (ყინულოვანი ოკეანის სანაპიროებიდან) სუბტროპიკებამდე – შავ და კასპიის ზღვებამდე და მათ შორის მდებარე კავკასიონამდე. დასავლეთით საზღვარი მეტწილად პირობითია და გასდევს უკრაინის, მოლდოვას, ბელორუსიის და ბალტიისპირა ქვეყნების დასავლეთ საზღვარს. აღმოსავლეთით გრცელდება ურალის მთებამდე და მუგოჯარებამდე. რეგიონის ძირითადი ნაწილი რუსეთის ფარგლებშია.
რეგიონის ბუნების ძირითადი ნიშნები განსაზღვრა მისმა გეოგრაფიულმა მდებარეობამ უმეტესად ზომიერ სარტყელში და ზღვიურიდან კონტინენტურში გარდამავალ სექტორში, აგრეთვე ბუნების განვითარების გეოლოგიურმა პირობებმა, რომელშიც ტექტონიკურ ფაქტორთან ერთად განსაკუთრებული ადგილი უკავია პლეისტოცენურ გამყინვარებას. თანამედროვე ლანდშაფტებს ნათლად ატყვია ადამიანის ხანგრძლივი ბუნებათსარგებლობის გავლენა.
სარჩევი |
ტექტონიკური აგებულება და რელიეფი
რუსეთის ვაკე ბაქნური წარმოშობისაა, რამაც განსაზღვრა მისი ზედაპირის სუსტი დანაწევრება და შეფარდებით სიმაღლეთა უმნიშვნელო ცვალებადობა. ვაკე თითქმის მთლიანად აღმოსავლეთ ევროპის ძველ (კამბრიულისწინა) პლატფორმაზეა განვითარებული. მხოლოდ ვაკე (სტეპურ) ყირიმს და წინა კავკასიის ვაკეს უდევს საფუძვლად ახალგაზრდა (ჰერცინული) ბაქანი. ვაკის საშუალო აბსოლუტური სიმაღლე შეადგენს 170 მ′, ხოლო მაქსიმალური (პოდოლის მაღლობი) – 471 მ. ყველაზე დაბალი ადგილი კასპიისპირა დაბლობზე ოკეანის დონიდან 28 მ-ით დაბლაა. რელიეფის ხასიათში ნათლად ჩანს მისი კავშირი ტექტონიკურ აგებულებასთან. სუსტად დანაწევრებული ვაკე-რელიეფის საერთო ფონზე დამახასიათებელია მეზო და მაკრო ფორმების მნიშვნელოვანი ნაირგვარობა, რაც განსაზღვრულია ბაქნის კრისტალური საძირკვლის დანაწევრების ხასიათით. რეგიონი კომბინირებული ვაკის (ბორცვებიან-სერებიანი მაღლობების და დაბლობების შერწყმით) კლასიკური მაგალითია. რელიეფის ძირითადი ფორმები (დაბლობები, მაღლობები, ჭიუხები) შეესატყვისება პლატფორმის კრისტალური საძირკვლის დადაბლებებს და ამაღლებებს – სინეკლიზებს, ანტეკლიზებს, კრისტალურ ფარებს. ტექტონიკურმა რელიეფმა გარეგანი (ეგზოგენური) ძალების ზემოქმედებით განიცადა მნიშვნელოვანი გართულება-გამრავალფეროვნება მყინვარული, ეროზიული, დენუდაციური, ეოლური და სხვ. ფორმებით.
კრისტალური საძირკვლის ყველაზე დიდი შვერილები წარმოქმნიან ფარებს, რომელთაგან რუსეთის ვაკეზე ყველაზე მნიშვნელოვანია უკრაინის ფარი (ბალტიის კრისტალური ფარი მის საზღვრებს გარეთ რჩება), სადაც ბალტიის ფარისაგან განსხვავებით, კრისტალური ქანები უმთავრესად მდინარეთა ხეობების გაყოლებით არის გაშიშვლებული. კრისტალურ საძირკველს პლატფორმის ძირითად ნაწილზე გადახურავს პალეოზოური და მეზო-კაინოზოური ასაკის დანალექი ქანების საფარი (ზეწარი), რომლის სისქე მნიშვნელოვან ფარგლებში მერყეობს. ანტეკლიზების (ვორონეჟის, ვოლგა-ურალის, ბელორუსიის, უკრაინის, ლიტვის, ვოლგა-კამის და სხვ.) ფარგლებში იგი 100- 200-დან 1000 მ-მდე იცვლება, ხოლო სინეკლიზებში (კასპიისპირა, მოსკოვის, პეჩორის, უკრაინის, დნეპრ-დონეცის, პრიპიატის, ბალტიის და სხვ.) 2000-3000 მ-დან 10-20 კმ-მდე აღწევს. ანტეკლიზებთან რელიეფში დაკავშირებულია მაღლობები − შუა რუსეთის, ვალდაის, დნეპრისპირა, აზოვისპირა, პოდოლის, ბელორუსიის და ჭიუხები − ტიმანის, დონეცკის და სხვ. სინეკლიზებს, შიდა ბაქნურ და მთისწინა ტექტონიკურ ღრმულებს შეესატყვისება აკუმულაციური ვაკე-დაბლობები − კასპიისპირა, ბალტიისპირა, პოლესიის, დნეპრ-დონეცკის, შავი ზღვისპირა, წინა კავკასიის და სხვ. უკრაინის ფარზე განვითარებულია დნეპრისპირა და აზოვისპირა მაღლობები.
კაინოზოურში და ნაწილობრივ მეზოზოურში ეგზოგენური პროცესების მოქმედებით ტექტონიკურ რელიეფზე დაშენდა სკულპტურული ფორმები − მყინვარული, ეროზიული, დენუდაციური, ეოლური და სხვ., რის შედეგადაც რელიეფი გახდა უფრო რთული და მრავალფეროვანი. გარეგანი ძალებიდან განსაკუთრებით დიდია ქვედა მეოთხეული გამყინვარების როლი. მეტი წილი მკვლევრების აზრით, რუსეთის ვაკეზე ადგილი ჰქონდა ოთს გამყინვარებას. მაქსიმალური (მოსკოვის) გამყინვარების დროს მყინვარები ვრცელდებოდა ვაკის თითქმის სამხრეთ პერიფერიამდე. მყინვარული რელიეფის ფორმებიდან აღსანიშნავია მორენულ-ბორცვიანი და ზანდურული ვაკეები და მაღლობები (მინსკის, ვიტებსკ-ნეველის და სხვ.).
ვინაიდან სკულპტურული რელიეფის წარმოქმნაში მთავარია ჰავის ფაქტორი, მისი ტიპების გავრცელებაში ნათლად არის გამოხატული ზონალურობა. ჩრდილო-ყინულოვანი ოკეანის სანაპირო ზოლში გავრცელებულია ზღვიური და მორენულ-ბორცვიანი ვაკეები, რელიეფის კრიოგენული (ყინვისმიერი) ფორმებით. მისგან სამხრეთით მდებარეობს ეროზიისა და პერიგლაციური პროცესების მიერ გარდაქმნილი მორენულ-ბორცვიანი ვაკეები. მაქსიმალური გამყინვარების სამხრეთი პერიფერიის გაყოლებით წარმოქმნილია ზანდურული ვაკეები, რომელსაც ცვლის ფლუვიალური რელიეფის (ძველი და თანამედროვე) ფორმები — ალუვიური, ალუვიურ-პროლუვიური ვაკეები, ხეობები, ხრამები, ტერასები, გამოზიდვის კონუსები და სხვ. შავი და კასპიის ზღვების სანაპირო ზოლში გავრცელებულია ვაკეები ეროზიული და ეოლური რელიეფის ფორმებით.
რუსეთის ვაკის თანამედროვე რელიეფის ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა უახლოესმა (ნეოგენ-მეოთხეულის) ტექტონიკურმა მოძრაობამ, რომლის ხასიათზე (ეპეიროგენული მოძრაობა) დიდ გავლენას ახდენდა ტერიტორიის მყინვარული დატვირთვა და განტვირთვა, რის გამოც გამყინვარების პერიოდში ვაკის ჩრდილოეთი ნაწილი განიცდიდა დაწევას, ხოლო გამყინვარების გარე სამხრეთი — კომპენსაციურ აზევებას.
გამყინვარების შემდგომ პერიოდში აღინიშნება შებრუნებული პროცესი, ყინულის დაწოლისაგან განთავისუფლებული ჩრდილოეთი განიცდის აზევებას, ხოლო სამხრეთი, კომპენსაციურ დაწევას. თანამედროვე ეპოქაში რუსეთის ვაკის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში აღინიშნება აზევების ტენდენცია მაქსიმალური მაჩვენებლით (11,8 მმ-მდე წელიწადში) პეჩორის ვაკეზე, ხოლო დანარჩენი ტერიტორია ამჟღავნებს დაძირვის ტენდენციას, მაქსიმალური ტემპით (9,5 მმ წელიწადში) დნეპრისპირა მაღლობზე.
რუსეთის ვაკის თანამედროვე რელიეფის მნიშვნელოვანი და სპეციფიკური ელემენტია ანთროპოგენური ფორმები, განსაკუთრებით მსხვილ სამთამადნო რაიონებში (დონბასის, კურსკის მაგნიტური ანომალიის, კრივოი-როგის, მოსკოვის ნახშირის აუზის და სხვ.). სასარგებლო წიაღისეულის ღია კარიერული წესით მოპოვების რაიონებში თანამედროვე ლანდშაფტის ფონს ქმნის რელიეფის ანთროპოგენური ფორმების (ფუჭი ქანების ნაყარისაგან წარმოქმნილი ბორცვები და სერები – ტერიკონები, კარიერული ქვაბულები, ტერასული საფეხურები, ძაბრისებური ფორმები ჭები, ხრამები და ა.შ.) სიხშირე. ტერიკონების კონუსების სიმაღლე ცალკეულ შემთხვევაში 100 მ აღწევს, ხოლო რადიუსი — რამდენიმე კმ-ს. არსებით ცვლილებას განიცდის რელიეფი სარკინიგზო და საავტომობილო მაგისტრალების ხშირი ქსელის ფუნქციონირებით, აგრეთვე მიწათსარგებლობით.
მომავალში ადამიანის სამეურნეო საქმიანობის გაფართოებასთან დაკავშირებით ანთროპოგენური რელიეფის ხვედრითი წილი უფრო და უფრო გაიზრდება.
ჰავა
რუსეთის ვაკის ჰავის ხასიათს უმთავრესად განსაზღვრავს გეოგრაფიული მდებარეობა, ვაკე რელიეფი და ტერიტორიის დიდი განფენილობა. ატლანტის ოკეანე თბილი დინებით ერთ-ერთი მთავარი კლიმატწარმომქმნელი ფაქტორია. მისი გავლენა განსაკუთრებით იგრძნობა ზამთარში, რომელიც მეზობელ ციმბირთან შედარებით ბევრად უფრო ნაკლებ მკაცრია და ზამთრის თვეების იზოთერმებს მერიდიანული და სუბმერიდიანული მიმართულება აქვს, ხოლო ზაფხულს — თითქმის განედური.
რეგიონის ძირითადი ნაწილი ზომიერი სარტყლის ზღვიურიდან კონტინენტურში გარდამავალი ჰავის ოლქშია, სადაც გაბატონებულია ატლანტის ოკეანიდან მონაბერი ციკლონური ქარები, რომელთა ინტენსივობა მაქსიმუმს აღწევს ზამთარში. ვაკის ჩრდილოეთი პერიფერია სუბარქტიკულ სარტყელშია, სადაც ამინდები ყალიბდება არქტიკული და ზომიერი ჰაერის მასების სეზონური ცვლით.
ვაკე რელიეფი ხელს უწყობს სხვადასხვა ტიპის ჰაერის (ზომიერი ზღვიური, არქტიკული, კონტინენტური ციმბირის, აგრეთვე ტროპიკული) გაცვლას და ურთიერთშეღწევას, რაც განსაზღვრავს ამინდების არამდგრადობას. არქტიკიდან შემოჭრილი ჰაერის ცივ ტალღას ვაკის სამხრეთ საზღვრამდე შეუძლია მკვეთრად დასცეს ჰაერის ტემპერატურა, ხოლო ზაფხულში კონტინენტური ტროპიკული ჰაერი დროდა - დრო ჩრდილოეთისაკენ არხანგელსკის განედებამდე აღწევს. ზამთრის ამინდებზე მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს ციმბირის ანტიციკლონი.
მზის ჯამური რადიაციის წლიური მაჩვენებელი ჩრდილო-აღმოსავლეთიდან სამხრეთ-დასავლეთისაკენ მატულობს 70-დან 130 კილოკალორიამდე. ზამთარში რადიაციის 60% მეტი აირეკლება თოვლის საფარის მიერ და მისი მაჩვენებელი უკიდურესი სამხრეთის გამოკლებით უარყოფითია. ზამთარში სითბოს მთავარ წყაროს წარმოადგენს ატლანტის ოკეანიდან მონაბერი ჰაერი, რის გამოც თერმული კონტრასტები დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის უფრო მეტია, ვიდრე განედის მიხედვით. უცივესი თვის (იანვარი) საშუალო ტემპერატურა სამხრეთ-დასავლეთიდან ჩრდილო-აღმოსავლეთისაკენ კლებულობს მინუს 4-5-დან 20-მდე. აბსოლუტური მინიმუმი ჩრდილო-აღმოსავლეთში შეიძლება დაეცეს მინუს 50°-მდე. არქტიკული ჰაერის შემოჭრისას ყაზანში დაფიქსირებულია მინუს 40°. ზაფხული ჩრდილოეთში ხანმოკლე და გრილია, ძირითად ნაწილზე თბილი, ხოლო უკიდურეს სამხრეთ-აღმოსავლეთში — ცხელი. ზაფხულის სითბო უმთავრესად დამოკიდებულია მზის რადიაციაზე, ამიტომ ზამთრისაგან განსხვავებით იზოთერმები განედის თანხვედრილად იცვლება. უკიდურეს ჩრდილოეთში იანვრის საშუალო ტემპერატურა შეადგენს პლუს 8-94, სამხრეთისაკენ მატულობს და კასპიისპირა დაბლობზე პლუს 25° აღწევს (აქვე ტემპერატურის მაქსიმუმი პლუს 40°-ზე მაღლა აიწევს).
ნალექების ძირითად წყაროს წარმოადგენს ატლანტის ოკეანიდან მონაბერი ციკლონური ქარები, რომლის ეფექტი ჩრდილო-დასავლეთიდან — სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ კლებულობს და მასთან დაკავშირებით ამავე მიმართულებით კლებულობს ნალექების წლიური რაოდენობა 600-800-დან, კასპიისპირა დაბლობზე 200 მმ-მდე და მატულობს ჰავის კონტინენტურობა.
ზომიერად კონტინენტური ჰავის ფონზე რელიეფის მეზოფორმების (მალღლლობების და დაბლობების) ნაირგვარობა განსაზღვრავს ჰავის პირობების საგრძნობ შიდატერიტორიულ დიფერენცირებას. ზაფხული მაღლობებზე უფრო გრილი და ნალექიანია, ვიდრე დაბლობებზე. სამხრეთში, მაღლობებზე გვალვიანი ამინდების განმეორებადობა გაცილებით ნაკლებია, ვიდრე დაბლობებზე. ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ რუსეთის ვაკის დიდ განფენილობასთან დაკავშირებით ზომიერად კონტინენტური ჰავის ოლქის ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილში ჰავა მკვეთრად განსხვავებულია და გამოიყოფა ორი კლიმატური ქვეოლქი — ჩრდილოეთი და სამხრეთი.
კლიმატური პირობების განსხვავება ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის ნათლად ჩანს ფენოლოგიური ფაზების რიტმში. ასე, მაგ., არყის შეფოთვლა სამხრეთში საშუალოდ იწყება 10 აპრილიდან, ხოლო ჩრდილოეთში იგი იგვიანებს საშუალოდ 10 ივნისამდე.
შიდა წყლები
რუსეთის ვაკის ჰიდროგრაფიული ქსელის სიხშირე და წყლიანობა, მდინარეთა ხეობების განვითარების ხასიათი ნათლად გამოხატავს ბუნების განვითარების პალეოგეოგრაფიულ პირობებს და თანამედროვე ჰავის ხასიათს. ჰიდროგრაფიული ქსელის სიხშირე და წყლიანობა ჩრდილო-დასავლეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ ჰავის კონტინენტურობის ზრდის შესატყვისად თანდათან კლებულობს. ჰიდროგრაფიული ქსელის ხასიათში, განსაკუთრებით ვაკის ჩრდილო და ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში ნათლად ჩანს ძველი (პლეისტოცენური) გამყინვარების გავლენა. ამასთან დაკავშირებით მდინარეთა ქსელი გამოირჩევა სიახალგაზრდავით, ხეობები სუსტად (არასრულად) გამომუშავებული პროფილებით. მდინარეების და ტბების კალაპოტები ხშირად გამომუშავებულია ტექტონიკურ-მყინვარული წარმოშობის რელიეფის უარყოფით ფორმებში. სამხრეთისაკენ და სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ ეროზიული პროცესები უფრო და უფრო ხანდაზმულია და მდინარეებს გამომუშავებული აქვთ ფართო ტერასირებული ხეობები. ზედაპირის ოროგრაფიული დანაწევრების შესატყვისად რუსეთის ვაკის მდინარეები ორი ძირითადი დახრის მიმართულებით (ჩრდილოეთის და სამხრეთის) გაედინებიან. მთავარი წყალგამყოფი გასდევს პოლესიის ჭაობებს, ბელორუსიის სერს, ვალდაის მაღლობს, ჩრდილოეთის ბექობს (უვალებს). ყველაზე მნიშვნელოვან წყალგამყოფს ქმნის ვალდაის მაღლობი, რომლის ფარგლებში უშუალო სიახლოვესაა რეგიონის მთავარი მდინარეების — ვოლგის, დნეპრის და დასავლეთ დვინის სათავეები. ჩრდილო კალთის მდინარეები ჩაედინებიან ბარენცის ზღვაში (პეჩორა), თეთრ ზღვაში (ჩრდილოეთის დვინა, მეზენი) და ბალტიის ზღვაში (დასავლეთის დვინა, ნევა). სამხრეთი კალთის მდინარეები კი — კასპიის ზღვაში (ვოლგა, ურალი), შავ ზღვაში (დნეპრი) და აზოვის ზღვაში (დონი).
რუსეთის ვაკის მდინარეთა საზრდოობაში მთავარ როლს ასრულებს თოვლის ნადნობი წყალი, რის გამოც წყალდიდობა გაზაფხულზეა. მდინარეთა ჰიდროლოგიური რეჟიმის მიხედვით არსებითად განსხვავებულია ჩრდილო და სამხრეთი კალთის (დახრის) მდინარეები. ჩრდილოეთ კალთაზე, სინოტივის დადებითი ბალანსის პირობებში ზედაპირული ჩამონადენის ფენა მნიშვნელოვანი სიდიდისაა (300-400 მმ) და მდინარეები ხშირი და უხვწყლიანია, დონეების მეტნაკლები თანაბარი განაწილებით, ვინაიდან ჩრდილოეთის ტყეებში და ტუნდრაში თოვლი ნელა დნება, თანაც საზრდოობაში მნიშვნელოვანი წილი აქვს წვიმის და მიწისქვეშა წყლებს.
სამხრეთ კალთაზე მდინარეთა ჰიდროლოგიური რეჟიმი ყალიბდება შედარებით მშრალი და კონტინენტური ჰავის პირობებში, რომლის დროსაც სინოტივის ბალანსი უმეტეს ნაწილზე უარყოფითია და ზედაპირული ჩამონადენის ფენა ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ კლებულობს 200-დან 10 მმ-მდე და მდინარეები მცირეწყლიანია, დო– ნეების მკვეთრი რყევადობით, ვინაიდან საზრდოობაში მკვეთრად მატულობს თოვლის ნადნობი წყლის წილი (სამხრეთ-აღმოსავლეთში 80%-მდე და უფრო მეტად). ზაფხულში თვით დიდი მდინარეებიც ძლიერ წყალმარჩხდებიან.
ტბები რუსეთის ვაკეზე მრავალრიცხოვანია, მაგრამ ძლიერ უთანაბროდ განაწილებული. მათი სიმრავლით განსაკუთრებით გამოირჩევა ჩრდილო-დასავლეთი ნაწილი, სადაც ხელსაყრელია ჰავაც და რელიეფიც (ტექტონიკურ-მყინვარული წარმოშობის ქვაბულები). სამხრეთ- აღმოსავლეთი ნაწილი მშრალი კონტინენტური ჰავის და მომწიფებული ეროზიული რელიეფის პირობებში ტბებს თითქმის მოკლებულია. ტბები წარმოშობით სხვადასხვა ტიპისაა — ტექტონიკურ-მყინვარული, მყინვარული (მორენული), ჭალის, კარსტული, ლიმანური. დიდი ტბებიდან აღსანიშნავია ჩუდის (3350 კმ2, მაქსიმალური სიღრმე 15 მ), ფსკოვის (710 კმ2, სიღრმე 6-8 მ), ილმენის (982 კმ2, სიღრმე 10 მ-მდე). სამივე მყინვარული წარმოშობისაა. ილმენის ტბის ფართობი წლიდან წლამდე ძლიერ ცვალებადია, მასში 50-ზე მეტი მდინარე ჩაედინება და უხვწვიმიან წლებში იგი მატულობს 2100 კმ2-მდე. ხოლო გვალვიან წლებში კლებულობს 610 კმ2-მდე, მაქსიმალური სიღრმე კი 10-დან 2,5 მ-მდე.
ლიმანური ტბები დამახასიათებელია შავი ზღვისპირა და კასპიის ზღვისპირა დაბლობებისათვის. კასპიისპირა დაბლობზე, ქვემო ვოლგისპირეთში ხშირია მცირე სიდიდის მლაშე ტბები.
მიწისქვეშა წყლები შიდა წყლების მნიშვნელოვანი ელემენტია. მისი გავრცელება დამოკიდებულია გეოლოგიურ აგებულებაზე, ქანების ლითოლოგიურ შედგენილობაზე, რელიეფზე და ჰავის პირობებზე. მიწისქვეშა (უპირველესად კი გრუნტის) წყლების შევსება ხდება ატმოსფერული ნალექებით, მდინარეთა და ტბების წყლებით, რაშიც განმსაზღვრელია ჰავის ფაქტორი, რის გამოც მათ გავრცელებაში ნათლად არის გამოხატული განედური ზონალურობა. ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ მატულობს გრუნტის წყლების განლაგების სიღრმე, მინერალიზაცია, ტემპერატურა. მრავალწლიანი მზრალობის არეში წარმოიქმნება სიმზრალსზედა წყალშემცველი ჰორიზონტი უმნიშვნელო მინერალიზაციით, ორგანული ნაერთებით შედარებით მდიდარი. ტყის ზონაში მიწისქვეშა წყლები ასევე მცირედ მინერალიზებულია. ტყესტეპის და სტეპის ზონებში მინერალიზაცია მატულობს, მშრალ სტეპებში და კასპიისპირა დაბლობის ნახევარუდაბნოში წყალი ძლიერ მინერალიზებულია.
ნიადაგ-მცენარეული საფარი და ცხოველთა სამყარო
ვრცელი ვაკე რელიეფის პირობებში ნათლად არის გამოხატული ორგანული სამყაროს, ნიადაგების და მთლიანად ტიპოლოგიური ბუნებრივი კომპლექსების განედური ცვლა (განედური ზონალურობა). ამ მხრივ რუსეთის ვაკე დედამიწის ლანდშაფტური გარსის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე კლასიკური რეგიონია. მის ტერიტორიაზე გამოხატულია ზომიერი და სუბარქტიკული სარტყლების განედური ბუნებრივი ზონების სრული სპექტრი (გარდა ფართოფოთლოვანი ტყეების ბუნებრივი ზონისა) დაწყებული ტუნდრით და დამთავრებული უდაბნოებისა და ნახევარუდაბნოების ზონით. ზონებს, გარდა უდაბნოების და ნახევარუდაბნოებისა, რუსეთის ვაკეზე გააჩნიათ გავრცელების უწყვეტი არეალი. ტუნდრისა და ტყეტუნდრის ზონებს უკავია ვაკის ჩრდილოეთი, ბარენცის ზღვის მიმდებარე ტერიტორია. რეგიონის ძირითადი ნაწილი ზომიერ სარტყელშია, რომლის უმეტესი ნაწილი ტყეების ეკოსისტემებს უკავია. ბუნებრივ ზონებს შორის ყველაზე ფართო არეალი გააჩნია წიწვოვანი ტყეების — ტაიგის ზონას, რომელიც მოიცავს რუსეთის ვაკის ჩრდილოეთ ნახევარს (გარდა სუბარქტიკული პერიფერიისა). ტაიგას სამხრეთით ცელის შერეული ტყეების ზონა, რომელიც აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ თანდათან ვიწროვდება, განსაკუთრებით მკვეთრად მოსკოვის მერიდიანიდან. ტყეების სამხრეთით გავრცელების ფართო ზოლს ქმნიან ტყესტეპები და სტეპები (შავიზღვისპირა და აზოვისპირა ვაკეები, ცენტრალური რუსეთის სამხრეთი, შუა ვოლგისპირეთი, სამხრეთი ურალისპირეთი და სხვ.), რომელთა ფარგლებშიც დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ თანდათანობით მატულობს არიდულობა. ტყესტეპებს, გარდა საკუთრივ განედური ზონისა, კუნძულოვანი გავრცელება აქვს სტეპის ზონის მაღლობებზე (მოლდავეთის, დნეპრისპირა, სტავროპოლის და სხვ.).
უდაბნოებსა და ნახევარუდაბნოებს უკავია მხოლოდ რუსეთის ვაკის უკიდურესი სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილი – კასპიისპირა დაბლობი მდინარე ემბამდე (თერგ-ყუმის ვაკე, ქვემო ვოლგისპირეთი და მდინარე ურალის ქვემო დინების მიმდებარე ვაკე).
ბუნებრივი ლანდშაფტების რეგიონული კონტრასტები ცალკეული განედური ბუნებრივი ზონების ფარგლებში ყალიბდება ძირითადი ოროგრაფიული ერთეულების — მაღლობების და დაბლობების მიხედვით.
ბუნებრივი რესურსები
რუსეთის ვაკე მდიდარია ყველა სახის ბუნებრივი რესურსებით. პირველ რიგში აღსანიშნავია მისი წიაღის სიმდიდრე: რკინის მადანი (კრივოი-როგის, კურსკის მაგნიტური ანომალიის, ლიპეცკის და სხვ. საბადოები), ქვანახშირი და მურა ნახშირი (დონეცკის, პეჩორის, მოსკოვის, დნეპროპეტროვსკის და სხვ. საბადოები), ნავთობი და გაზი (ვოლგა-ურალი), მარგანეცი (უკრაინა-ნიკოპოლი), ბოქსიტები (სანკტ-პეტერბურგის ოლქი), მარილების პრაქტიკულად გამოულეველი მარაგი (ქვემო ვოლგისპირეთი, კამისპირა დაბლობი, ბელორუსია და სხვ.), საწვავი ფიქლები (ბალტიისპირეთი), სამკურნალო მინერალური წყლები და სხვ.
რეგიონი მდიდარია აგროკლიმატური რესურსებით, რაც თანამედროვე აგროტექნიკის გამოყენების საფუძველზე შესაძლებლობას იძლევა განვითარდეს სოფლის მეურნეობა კულტურათა ფართო სპექტრით.
რეგიონის მნიშვნელოვანი სიმდიდრეა ხე-ტყე სარეწაო ნადირით. ტყის ეკოსისტემებმა არაგეგმაზომიერი ექსპლოატაციის შედეგად განიცადა დეგრადაცია. ბოლო პერიოდში მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა ბუნების დაცული ტერიტორიების და ხელოვნური ტყე-ბუჩქნარის გაფართოებას.