რუსეთის ნაციონალურ ბიბლიოთეკაში დაცული ქართული ხელნაწერები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

რუსეთის ნაციონალურ ბიბლიოთეკაში დაცული ქართული ხელნაწერებირუსეთის ეროვნული ბიბლიოთეკაში დაცულ სხვადასხვაენოვან ხელნაწერებს შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქართული ხელნაწერების კოლექციაა, რომლის თანამედროვე სტანდარტებით შესრულებული აღწერილობა დღემდე არ არის გაკეთებული. დღეისათვის ბიბლი- ოთეკის ფონდებში არსებული მონაცემებით, დაცულია 283 ქართული ხელნაწერი წიგნი და 150 ერთეული დოკუმენტი. ბიბლიოთეკაში ქართული ხელნაწერების შესვლა და ქართული ფონდის ჩამოყალიბება ძირითადად ხელნაწერების შეძენის გზით ხდებოდა. რუსეთის ეროვნული ბიბლიოთკის ქართული ფონდი რამდენიმე ეტაპად ჩამოყალიბდა.

დორნის ე.წ. ძველი კოლექცია – ქართული ხელნაწერების ბიბლიოთეკაში არსებული პირველი ფონდი, რომლის თავმოყრაც 1805 წლიდან დაიწყო. ფონდი შეივსო შემდეგი კოლექციებით: 1805 წელს ბიბლიოფილ პეტრე დუბროვსკის კოლექცია – პორტფელი, რომელშიც მოთავსებული იყო ბაგრატიონების სამეფო ოჯახის წევრთა 60 წერილი; 1817 წელს – სამთო ინჟინერ პეტრე ფლოროვის კოლექცია – 3 ქართული ხელნაწერი; 1833 წელს – თავად ჩარტორისკების ბიბლიოთეკიდან 1 ხელნაწერი; 1836 წელს – გრაფ სუხტელენის კოლექციიდან 1 ხელნაწერი; 1848 წელს – მეცნიერებათა აკადემიიდან გადაცემული თეიმურაზ ბაგრატიონის კუთვნილი 7 ხელნაწერი. 1852 წელს პეტერბურგში ფრანგულ ენაზე გამოქვეყნდა საიმპერატორო ბიბლიოთეკაში იმ დროს დაცული აღმოსავლური ხელნაწერების კატალოგი, რომელიც შეადგინა და ხელნაწერები დარგობრივად დაალაგა გამოჩენილმა აღმოსავლეთმცოდნემ, აკადემიკოსმა ბორის დორნმა. კატალოგის მიხედვით, ბიბლიოთეკის ქართული ფონდი 15 ხელნაწერს ითვლიდა (Catalogue 1852: 573-578). ხელნაწერების აღმწერლის გვარის მიხედვით ფონდს დორნის კოლექცია – собр. Дорна ეწოდა.

ახალი ქართული სერია -Груз. Н.С . სერიას საფუძველი ჩაუყარა ბიჭვინთის ოთხთავის ბიბლიოთეკაში შესვლის ფაქტმა. 1856 წელს ხელოვნების ისტორიკოსმა ვლადიმერ სტასოვმა (1824-1906) პეტერბურგის საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორს, გრაფ მოდესტ კორფუს (1800-1876), შეატყობინა ბიჭვინთის ეკლესიაში არსებული ძველი ხელნაწერის შესახებ. კავკასიის მეფისნაცვლის დახმარებით ხელნაწერმა ადგილი დაიდო ბიბლიოთეკის ფონდებში. წიგნი აღწერა ცნობილმა ქართველოლოგმა დავით ჩუბინაშვილმა (Отчет 1859:84-86). 1875 და 1879 წლებში ბიბლიოთეკის ახალი ქართული სერია გამდიდრდა ისტორიკოს მიხეილ საბინინის (საბინაშვილი) ნაჩუქარი სამი ქართული ხელნაწერითა და სახარების სამი ფრაგმენტით (Отчет 1880: 64-65). მათგან Груз. Н.С. 8-9 IX-X სს. დათარიღებული, გიორგი კუეტაისძის მიერ გადაწერილი ქსნის ოთხთავის ნაწილია (ჭანკიევი 1962:163-223)3. 1883 წელს ეპისკოპოს პორფირე უსპენსკის კოლექციასთან ერთად ბიბლიოთეკაში შევიდა ოთხი ქართული ხელნაწერი, მათ შორის IX-X სს. დათარიღებული პაპირუსის ფსალმუნის ორი ფურცელი, რომლის საფონდო ნომერია Груз. Н.С.104. დღეს ხელნაწერის ნაწილი დაცულია სინის მთის წმ. ეკატერინეს მონასტერის ქართულ ხელნაწერთა კოლექციაში შიფრით Sin.O.Geo.98, თუმცა ძნელად იძებნება ფურცელთა დაზიანების გამო. პაპირუსის ფსალმუნის, სავარაუდოდ, ცუდი მდგომარეობის გამო მისი გადაღება იერუსალიმსა და სინაზე მომუშავე აშშ კონგრესის ბიბლიოთეკის ექსპედიციამაც ვერ მოახერხა. ექსპედიციის ანგარიშში Sin.O.Geo.98. არ ფიგურირებს (Checklist 1952(a): 19-21). ხელნაწერზე გარკვეული ინფორმაცია 2015 წელს აღმოსავლური ხელნაწერების შედარებითი დახასიათების საკითხებზე გამოცემულ ნაშრომშია (Bausi 2015: 175-176). ფსალმუნის ფრაგმენტის შესახებ ბოლოს ნაშრომი 2017 წელს გამოაქვეყნა აკადემიკოსმა მზექალა შანიძემ (შანიძე 2017: 191-216).

სარჩევი

Груз. НС 14. ოთხთავი.

XV-XVI სს. მიჯნა. გადამწერები ზოსიმე ვალელი და ტიმოთე. ბიბლიოთეკაში შევიდა 1885 წ. იმპერატორ ალექსანდრე III-ის ნაჩუქრობის სახით.

Груз. НС 17. მინიატიურები.

2ფ.; ეტრატი. ბიბლიოთეკას 1886 წელს გადასცა კოლექციონერმა ალექსანდრ ზვენიგოროდსკიმ (Василева 2017: 447-452). ესაა ლარგვისის ოთხთავის (ხეც A-26) ნაწილი. მინიატიურები არაერთხელ მოექცა მეცნიერთა ყურადღების ცენტრში (Шмерлинг 1940:58-59, XVIII-XIX; Пуцко 2015: 180-189; Василева 2017: 449-452).

1885-1889 წლებში ბიბლიოთეკამ კიდევ 5 ქართული ხელნაწრი შეიძინა

იოანე ბატონიშვილის კოლექცია

იოანე ბატონიშვილის კოლექცია Собр. ц. Иоанна. ქართული ხელნაწერების ყველაზე მსხვილი ჯგუფი ბიბლიოთეკამ 1880 წელს იოანე გრიგორის ძე ბაგრატიონის, ქართლ-კახეთის უკანასკნელი მეფის, გიორგი XII-ის ძის, იოანე ბაგრატიონის, შვილიშვილისაგან შეიძინა. კოლექცია მოიცავს ხელნაწერ და ძველნაბეჭდ წიგნებსა და სხვადასხვა სახის ისტორიულ დოკუმენტს. 1894 წელს ალექსანდრე ცაგარელმა გამოაქვეყნა იოანე ბატონიშვილის კოლექციის სრული კატალოგი (Цагарели 1894: 188-238). იოანე ბატონიშვილის კოლექცია სხვადასხვა დარგისა და შინაარსის ხელნაწერებს მოიცავს, დავასახელებთ რამდენიმე მათგანს: Собр. ц. Иоанна 15 – „როსტომიანი“, Собр. ц. Иоанна 29- მოსე ხონელის „ამირანდარეჯანიანი“, Собр. ц. Иоанна 30 – „ალექსანდრე მაკედონელის ისტორია“, собр. ц. Иоанна 8 – „ქართლის ცხოვრება“, Собр. ц. Иоанна 112 – „ვისრამიანი“, Собр. ц. Иоанна 253 – სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონი; Собр. ц. Иоанна 249 – ქართული გრამატიკა, Собр. ц. Иоанна 261 – იოანე სინელი, კლემაქსი, Собр. ц. Иоанна 282 – კათოლიკური კრებული „სამოთხის ყვავილი“, Собр. ц. Иоанна 313 – მათემატიკის სახელმძღვანელო.

იოანე ბაგრატიონის კოლექციაში ოთხთავის 4 ნუსხა ინახება, რომელთაგან ერთ-ერთი X ს-ის მიწურულს ტაო-კლარჯეთში გადაწერილი და შემკული ტბეთის სახარებაა. მასზე საგანგებოდ შევაჩერებთ ყურადღებას.

Собр. ц. Иоанна 212. სახარება.

995 წ. 332 ფ.; ეტრატი; მთავრული. გადამწერი: დავით ოშკელი, გადაწერის ადგილი: ტბეთის მონასტერი. სამეცნიერო წრეებში წიგნი ცნობილია ტბეთის პირველი ოთხთავის სახელწოდებით. ხელნაწერი 995 წლით თარიღდება მასზე დართული ანდერძის საფუძველზე. ოთხთავი ილუსტრირებულია, ადრებიზანტიურიდან კონსტანტინეპოლური რედაქციისკენ გარდამავალი თარგმანია. ოთხთავს ერთვის იერუსალიმურ კალენდარზე გაწყობილი სახარების თავთა საძიებელი. ტბეთის სახარებისათვის დართულ საკითხვთა საძიებელი კალენდარული მასალა – წმინდანთა ხსენებები X-XI საუკუნეების ლიტურგიკის კვლევის მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს (ჩიტუნაშვილი 2013: 64-65). ხელნაწერის მხატვრულ-დეკორატიული სისტემა შესწავლილია (Саминский 2012: 200-211).

გრენის კოლექცია – Собр.Гренна.

1892 წელს საჯარო ბიბლიოთეკამ თბილისის სახალხო სკოლების ინსპექტორის, კიევის უნივერსიტეტის პრივატ-დოცენტ ალექსეი გრენის ქართული ხელნაწერებისაგან შემდგარი კოლექცია შეიძინა (Абрамишвили: www; Васильева 2005: 219). გრენის კოლექცია 17 ქართულ ხელნაწერს ითვლიდა.

საბინინის კოლექცია – Собр.Сабинина

1896 წელს ბიბლიოთეკამ შეიძინა მიხეილ საბინინის კუთვნილი 26 ხელნაწერი (Отчет 1900 – add. Марр 1900: 7-15). აღნიშნულ კოლექციაში ბაგრატიონების კუთვნილი ერთეულებიც იყო. კოლექცია აღწერა და კატალოგი გამოაქვეყნა ნიკო მარმა (Марр 1900(a). მარის კატალოგის თანახმად, საბინინის კოლექციაში თავმოყრილია XVIII-XIX სს-ის მხედრულით გადაწერილი 26 ერთეული ხელნაწერი ერთეული, რომლებშიც, გარდა სამწერლობი ძეგლებისა, შედის ისტორიული შინაარსის ტექსტი და დოკუმენტი. ნიმუშისათვის დავასახელებთ რამდენიმე მათგანს: მართლმადიდებლური მრწამსის აღსარება (165ფ.), ანტონ კათალიკოსის მზამეტყველება (236 ფ.), ანდრია სალოსის ცხოვრება (149 ფ.), „ავგაროზი“ (1 ფ.), თეიმურაზ II-ის ლექსთა 2 კრებული, რომლებშიც, გარდა თეიმურაზის ორიგინალური ლექსებისა, შედის „იოსებ-ზილიხანიანი“ „შამიფარვანიანი“(140 ფ. და 136 ფ.) ,„ვეფხისტყაოსანი“ (136 ფ.), კარაბადინი (119 ფ.). ისტორიული შინაარსის ზოგიერთი თხზულება თარგმნილია რუსულიდან, მაგალითად, 1 კრებულად გაერთიანებული სომხური ეკლესიის აღმსარებლობისა და ლიტურგიის ქართული თარგმანებს (78 ფ.), ნაპოლეონის ლაშქრობა და მისი განდევნა (156 ფ.)

ცალკე უნდა აღინიშნოს 1858 წელს ბიბლიოთეკაში შესული ხელნაწერების ჯგუფის – ბერძნული და აღმოსავლური ხელნაწერების უძვირფასესი კოლექცია; მათ შორის არის პალიმფსესტები, რომლებიც კონსტანტინე ფონ ტიშენდორფმა ახლო აღმოსავლეთში თავისი პირველი (1840-1844 წწ.) და მეორე (1853 წ.) მოგზაურობების დროს ჩამოიტანა. მათ შორის იყო ორმაგი – ბერძნულ-სი- რიულ-ქართული (რუსეთის ეროვნული ბიბლიოთეკის ხელნაწერი Греч. 8.) პალიმფსესტი და სირიულ-ქართული პალიმფსესტის 59 ფურცელი (რუსეთის ეროვნული ბიბლიოთეკის ხელნაწერი Cир. НС 16). ბერძნულ-სირიულ-ქართული პალიმფსესტის ქვედა ბერძნული ტექსტი ტრიოდიონია (VII-VIII სს.), სირიული ტექსტი დაზიანების გამო იდენტიფიცირებული არ არის (არაუგვიანეს IX ს.), ხოლო ქართული ტექსტი აგიოგრაფიულია, გადამწერი იოვანე- ზოსიმე, X ს. 1 ფ. სირიულ-ქართული პალიმფსესტის ქვედა სირიული ბიბლიური ტექსტი VIII საუკუნით, ზედა ქართული ლიტურგიკული კრებული კი X საუკუნით თარიღდება, გადამწერი იოვანე ზოსიმე. Cир. НС 16 პალიმფსესტი სინის მთის წმ. ეკატერინეს მონასტრის ქართული ხელნა- წერის Sin.O.Geo. 34 ნაწილს წარმოადგენს. ამ ხელნაწერის ფრაგმენტი ასევე დაცულია ლაიფციგის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში შიფრით – Cod. Ms. V 1096 UB Lpzg. ერთეულები დაწვრილებითაა შესწავლილი და აღწერილი (აღწერილობა 1978(a):131-143; ხევსურიანი 1980: 50-63)

ბიბლიოთეკის სხვადასხვაენოვან ფონდში – Разноязычная O. I. №58 დაცული ერთეული ქართულ-ბერძნული ხელნაწერია. XVI-XVII საუკუნეებით დათარიღებული ხელნაწერი (146 ფ.) მდიდრულად ილუსტრირებულია (Евсеева 1998; ქართ-ბერძ. 2012: ქართ-ბერძ. ფოტოტ. 2012).

წყარო

ქართული ხელნაწერი წიგნი საზღვარგარეთ

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები