რუსეთ-ავსტრიის შეთანხმებანი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

რუსეთ-ავსტრიის შეთანხმებანი

სარჩევი

შეთანხმება 1897 (საიდუმლო)

ხელმოწერილ იქნა მხარეების საგარეო საქმეთა მინისტრთა მიერ წერილების გაცვლის საფუძველზე. ორი ქვეყნის მთავრობა ვალდებულებას იღებდა, შეენარჩუნებინათ სტატუს-კვო ბალკანეთზე. იმ შემთხვევაში, თუ ეს შეუძლებელი გახდებოდა, მხარეები ვალდებულნი იყვნენ, დაედოთ ახალი შეთანხმება, რომელშიც არ უნდა ასახულიყო კონსტანტინოპოლისა და შავი ზღვის სრუტეების საკითხი, რადგან ეს პრობლემა საერთოევროპულ ხასიათს ატარებდა. მთლიანობაში ამ ხელშეკრულებას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა რუსეთ-ავსტრიის დაახლოების საქმეში. ხელშეკრულების საბოლოო შედეგი იყო ბალკანეთზე სტატუს-კვოს შენარჩუნება.

მიურცშტეგის შეთანხმება 1903

რუსეთსა და ავსტრია-უნგრეთს შორის ევროპული თურქეთის სამ ვილაიეთში რეფორმების პროექტის შესახებ. ხელი მოაწერეს 20.IX(3X) მიურცშტეგში (ავსტრია).

შეთანხმება რუსეთის მიერ ბალკანეთზე ავსტრია-უნგრეთის აგრესიული მოქმედებებისაგან თავდაცვის საშუალება იყო. ხელმოწერა დააჩქარა ილინდენის აჯანყებამ ოსმალთა უღლის წინააღმდეგ (1903). შეთანხმება, რომელიც გაფორმდა როგორც თურქეთში რუსეთისა და ავსტრია-უნგრეთის ელჩების ინსტრუქციები, ითვალისწინებდა თურქეთის მთავრობისათვის ერთობლივი მოთხოვნების წარდგენას. ამ ვილაიეთებში თურქეთის მთავარ ინსპექტორთან დაენიშნათ „საგანგებო სამოქალაქო აგენტები რუსეთიდან და ავსტრია-უნგრეთიდან“. – რეფორმების გატარებაზე სამეთვალყურეოდ; მომხდარიყო თურქეთის ჟანდარმერიის რეორგანიზაცია, შეეცვალათ ადმინისტრაციული ერთეულების ტერიტორიული საზღვრები ქრისტიანული მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით; გარდაექმნათ, ადმინისტრაციული და სასამართლო დაწესებულებები; ვილაიეთების მთავარ ცენტრებში შეექმნათ შერეული კომისიები ქრისტიანი და მუსლიმი დელეგატების თანაბარი შემადგენლობით და რუსეთისა და ავსტრია-უნგრეთის საკონსულოთა წარმომადგენლების მონაწილეობით – პოლიტიკური და სისხლის სამართლის საქმეთა გასარჩევად; თურქეთის ჯარების მიერ გადამწვარი ქრისტიანული დასახლებები ერთი წლით გაეთავისუფლებინათ გადასახადებისაგან. თურქეთის მთავრობა დათანხმდა რუსეთისა და ავსტრია-უნგრეთის მოთხოვნაზე. დაინიშნა ორივე სახელმწიფოს სამოქალაქო აგენტები 2 წლის ვადით. მოხდა ჟანდარმერიის რეორგანიზაცია. შეთანხმების დანარჩენი პუნქტების განხორციელება არ მომხდარა.

შეთანხმება 1897

ხელმოწერილ იქნა 15(18). IX ვენაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ა. პ. იზვოლსკისა და ავსტრია-უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის გრაფ ა. ერენტალის მიერ. შეთანხმებით მხარეებმა დაადასტურეს თავიანთი მხარდაჭერა 1903 მიურცშტეგის შეთანხმებისადმი (1903) და მისი მოქმედება 1904-მდე გააგრძელეს.

შეთანხმება 1908 (სიტყვიერი)

წინასწარი საიდუმლო შეთანხმება ბალკანეთის საკითხთან დაკავშირებით. მიღწეულ იქნა 2(15).IX ბუხლაუში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ა. ა. იზვოლსკისა და ავსტრია-უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის გრაფ ა. ერენტალის შეხვედრის დროს. 1908 ავსტრია-უნგრეთის მთავრობამ გადაწყვიტა თავისი იმპერიის საზღვრებში მოექცია ბოსნია და ჰერცეგოვინა, რომელიც 1878 ოკუპირებული იყო ავსტრიის მიერ, ასეთ ვითარებაში ავსტრია-უნგრეთის მთავრობისათვის აუცილებელი იყო რუსეთის მხარის თანხმობა. ბუხლაუში შეხვედრისას მხარეებმა მიაღწიეს სიტყვიერ შეთანხმებას. რუსეთი დათანხმდა ავსტრია-უნგრეთის მიერ ბოსნიისა და ჰერცეგოვინას ანექსიაზე, თავის მხრივ ერენტალმა დახმარება აღუთქვა სრუტეების საკითხში. რუსეთს სურდა, გაეხსნა დარდანელი და ბოსფორი სამხედრო ფლოტისათვის.

მინისტრები შეთანხმდნენ აგრეთვე, რომ მხარეები ცნობდნენ ბულგარეთის დამოუკიდებლობას და საბერძნეთს გადასცემდნენ კუნძულ კრეტას. ავსტრიამ დაუყოვნებლივ ისარგებლა იზვოლსკის „გულუხვობით“ და ანექსია განახორციელა. რუსეთს მხოლოდ სიტყვიერი დაპირებაღა შერჩა, ამას დაერთო ისიც, რომ ევროპის სახელმწიფოებისგან სრუტეების საკითხში იზვოლსკიმ ვერავითარი მხარდაჭერა ვერ მოიპოვა, რუსეთი არწმუნებდა მოკავშირეებს – საფრანგეთსა და ინგლისს, რომ ავსტრია-უნგრეთმა ანექსია თვითნებურად განახორციელა, რომ ბერლინის ტრაქტატის შეცვლის გარანტიას ავსტრიას მხოლოდ საერთაშორისო კონფერენციის მოწვევისა და სხვა სახელმწიფოთა თანხმობის პირობებში აღუთქვამდა. სწორედ ამიტომ, რუსეთის მხარე დაჟინებით მოითხოვდა საერთოევროპული კონფერენციის მოწვევას ამ საკითხზე. 1908 წლის ოქტომბერში რუსეთმა ოფიციალურად მოახდინა ბუხლაუს შეთანხმების დენონსირება.

წყარო

ქართული დიპლომატიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები