რუსეთ-თურქეთი შეთანხმება 1914
რუსეთ-თურქეთი შეთანხმება 1914 – (სომხეთის პრობლემის გადასაჭრელად), შეთანხმებას ხელი მოაწერეს რუსეთის მხრიდან საელჩოს მრჩეველმა გულკევიჩმა და თურქეთის მხრიდან სულთნის ვაზირმა საიდ სალიმ-ფაშამ 8 ნოემბერს კონსტანტინოპოლში.
სომეხი მოსახლეობა, რომელიც კომპაქტურად სახლობდა აღმოსავლეთ თურქეთის ტერიტორიაზე, განიცდიდა შევიწროებას თურქი ფეოდალებისა და სულთნის ხელისუფლების მხრიდან. ადმინისტრაციული და საადგილმამულო სტრუქტურების მოუწყობლობა აუცილებელს ხდიდა რეფორმების დაუყოვნებლივ გატარებას სომეხი მოსახლეობის პირობების გაუმჯობესებისათვის. სან-სტეფანოს საზავო ხელშეკრულებაში დასმული იყო სომხეთის ვილაიეთის საკითხი. თურქეთმა ვერ შეასრულა ნაკისრი ვალდებულებები. სომეხთა შევიწროებამ უფრო ფართო ხასიათი მიიღო. ხდებოდა ბარბაროსული ხასიათის დარბევა-აწიოკება, რამაც 1894 გამოიწვია აღშფოთება ევროპაში. ინგლისს იმდენად აინტერესებდა სომეხთა პრობლემის მოგვარება, რამდენადაც ისწრაფოდა ზეწოლა მოეხდინა თურქეთის სულთანზე. გერმანია დაუფარავად მხარს უჭერდა თურქეთის სულთანს აბდულ-ჰამიდ II-ს. სომეხთა კათალიკოსმა თხოვნით მიმართა რუსეთის მთავრობას, დაეცა თურქეთში მცხოვრებ სომეხთა უფლებები.
მოლაპარაკება რუსეთის ინიციატივით დაიწყო. რუსეთის მხარის წარმომადგენლებმა ევროპულ სახელმწიფოთა წარმომადგენლებს შესთავაზეს რეფორმათა პროექტი, რომლის სასტიკი წინააღმდეგი გამოვიდა გერმანიის მხარე. მოლაპარაკება რომ არ ჩაშლილიყო, რუსები კომპრომისზე წავიდნენ. საბოლოოდ გადაწყდა სომხეთის ვილაიეთი გაყოფილიყო ორ ოლქად და დანიშნულიყო ორი გენერალური ინსპექტორი. მოლაპარაკების შემდეგ თურქეთი მაქსიმალურად აჭიანურებდა რეფორმების გატარებას. თურქეთმა გერმანიის მხარე დაიჭირა პირველ მსოფლიო ომში და მთლიანად უგულებელყო რუსეთ-თურქეთი შეთანხმება, რასაც შედეგად მოჰყვა სომხეთის ვილაიეთის მცხოვრებთა მასობრივი განადგურება.