რუსეთ-შვედეთის ხელშეკრულებები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

რუსეთ-შვედეთის ხელშეკრულებები

სარჩევი

ხელშეკრულება 1724

ხელმოწერილ იქნა 8(19)X სტოკჰოლმში. ხელშეკრულების ხელმომწერი მხარეები გამოთქვამდნენ თავიანთ ერთგულებას ვერელის საზავო ხელშეკრულებისადმი 1790 და აღიარებდნენ ერთმანეთის საზღვრების ურღვეობასა და ხელშეუხებლობას. შვედეთი რუსეთის კუთვნილებად ცნობდა იმ მიწებს, რომლებიც ჯერ კიდევ არ ჰქონდა დაპყრობილი რუსეთს თურქეთთან მიმდინარე ომის დროს. მხარეები აღიარებდნენ, რომ მომავალში იმოქმედებდნენ ერთმანეთთან შეთანხმების საფუძველზე მხოლოდ საომარი მოქმედებისას. აუცილებლობის შემთხვევაში დაეხმარებოდნენ სამხედრო კონტინგენტითაც. ხელშეკრულებით, გათვალისწინებული იყო საზღვრის სადემარკაციო ხაზის დადგენა და ერთი წლის განმავლობაში სავაჭრო ხელშეკრულების დადება.

ხელშეკრულება 1799

ხელმოწერილ იქნა 18(29)X გატჩინაში. ხელშეკრულება ფაქტობრივად იმეორებდა 1791 ხელშეკრულების პრინციპებს, ამასთანავე, ითვალისწინებდა შვედეთის მხარის მიერ საფრანგეთის წინააღმდეგ სამოქმედოდ 8-ათასიანი დამხმარე კორპუსის რუსეთისათვის გადაცემას.

ხელშეკრულება 1812

ხელმოწერილ იქნა 24.III(5.IV) პეტერბურგში. მოგვიანებით დაემატა 3(15).VI ვილნოს და 18(30).VIII აბოს კონვენციები. ხელშეკრულების თანახმად, შვედეთმა საბოლოოდ ხელი აიღო ფინეთზე, რომელიც 1809, ფრიდრიხსჰამის საზავო ხელშეკრულებით), რუსეთის შემადგენლობაში შევიდა. თავის მხრივ, ალექსანდრე I ვალდებულებას იღებდა, ხელი შეეწყო შვედეთთან ნორვეგიის გაერთიანებისათვის. ხელშეკრულება ითვალისწინებდა ერთობლივი სამხედრო კორპუსის შექმნას იმ მიწების დასაბრუნებლად, რომლებიც საფრანგეთს ჰქონდა მიტაცებული შვედეთისგან. მხარეები შეთანხმდნენ მიემართათ დიდი ბრიტანეთის მთავრობისათვის, შეერთებოდა ამ ხელშეკრულებას. აბოში ალექსანდრე I-ის და შვედეთის პრინცის კარლ იოჰანის შეხვედრისას მხარეებმა ხელი მოაწერეს კონვენციას, რომლითაც რუსეთი ვალდებულებას იღებდა, გაეძლიერებინა ერთობლივი სამხედრო კორპუსი. იმ შემთხვევაში, თუ დანია წინ აღუდგებოდა ნორვეგიის შვედეთთან შეერთებას და არ ჩაებმებოდა ნაპოლეონ I-ის წინააღმდეგ ბრძოლაში, კარლ იუჰანი ვალდებული იყო გადაესხა თავისი არმია კუნძულ ზელანდიაზე, რომელიც დანიის სამეფოს ტერიტორიას წარმოადგენდა. შვედეთი თანახმა იყო რუსეთის საზღვარი მდინარე ვისლამდე გაზრდილიყო. მხარეები შეთანხმდნენ, რომ საომარი მოქმედებების შემთხვევაში დაეხმარებოდნენ ერთმანეთს. ხელშეკრულებამ დადებითად იმოქმედა რუსეთ-შვედეთის დაახლოებაზე. მართალია, შვედეთი არ ჩაება საფრანგეთთან ომში, მაგრამ მისმა ნეიტრალიტეტმა დიდი როლი შეასრულა ნაპოლეონ I-ის არმიის განადგურებაში.

წყარო

ქართული დიპლომატიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები