რუხი ბატი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
200px}რუხი ბატი

რუხი ბატი (ლათ. Anser anser Linnaeus, 1758) – ფრინველი იხვისებრთა ოჯახიდან. დიდი ზომის ფრინველია, ფრთა 395-515 მმ-ია, ნისკარტი 50-75 მმ, წონა 3-4,5 კგ. ნაპოვნია 6 კგ-ნი ეგზემპლარიც. მამალი დიდია დედალზე. შეფერილობაში სქესთა შორის განსხვავება არაა. ზრდასრული ფრინველის საერთო შეფერილობა რუხია. ზურგი და წელი ნაცრისფერ-რუხია, კუდის მფარავები – თეთრი. შუბლზე ხშირად არის თეთრი ზოლი. თავი, კისერი და ბეჭებს შორის არე მურა-მონაცრისფროა. რუხი ფერის მკერდსა და მუცლის წინა ნაწილზე უწესრიგო წვრილი შავი კოპლებია. მუცლის უკანა ნაწილი და კუდქვეშა ბუმბულები თეთრია. სხეულის გვერდები მურა-მონაცრისფროა, განივი თეთრი ზოლებით. ნისკარტი მკრთალი ხორცისფერი ან მოვარდისფროა, მაგრამ „ფრჩხილაკი“ თეთრია. ფეხები მოწითალო-ხორცისფერია. ახალგაზრდა ფრინველი მოზრდილის მსგავსია, მაგრამ მკერდზე მუქი კოპლები არა აქვს. სხეულის გვერდები მორუხოა, განივი თეთრი ზოლების გარეშე. ნისკარტი და ფეხები მოყვითალოა.

სარჩევი

გავრცელება

ბუდობის არეალი მოიცავს მთელ ევროპას, ციმბირის დიდ ნაწილს, შუა და წინა აზიას, კაშგარიას, ჯუნგარიას, მონგოლეთსა და ჩინეთის ჩრდილოეთ ნახევარს. ევროპაში ჩრდილოეთით მიდის ისლანდიამდე, შოტლანდიამდე, კარელიამდე და ვოლოგდამდე, ხოლო ციმბირში – ობის ქვემო დინებამდე, ენისეიზე – 55-ე პარალელამდე და შემდეგ იმავე განედზე უსურიის მხარემდე. სსრ კავშირის სამხრეთ ნაწილში იზოლირებულ კოლონიებად მოიპოვება შავ ზღვაზე. აზოვის ზღვის ლიმანში, ვოლგის ქვემო დინებასთან, ამიერკავკასიაში, შუა აზიასა და სამხრეთ ბაიკალამდე. საქართველოში გვხვდება უმთავრესად მიმოფრენის პერიოდებში, თუმცა აღნიშნულია მისი ბუდობა აღმოსავლეთ საქართველოში, ხოლო მოზამთრეობა – დასავლეთ საქართველოში.

ბიოტოპი

მდინარეთა ჭალები, ლიმანები, ბალახიანი ჭაობები, ნოტიო მდელოები, ველის მტკნარწყლიანი ტბები, ხშირი ლელქაშით, ყველგან ადამიანისათვის მიუდგომელ და გაუვალ ადგილებში.

გამრავლება

მონოგამიური ფრინველია. სქესობრივ სიმწიფეს აღწევს 4 წლის ასაკში. ბუდობს ცალკეულ წყვილებად. ბუდეს აწყობს წყალსატევის მშრალ ნაპირზე ან ჭაობებში – კოლბოხებზე, ხშირად ხმელი ლელის ბულულებზე. ბუდე ამოფენილია ხმელი ფოთლებითა და ბუმბულით. აპრილის პირველ ნახევარში დებს 4-10 კვერცხს. კრუხად ჯდება მხოლოდ დედალი. საინკუბაციო პერიოდი 27-28 დღემდე გრძელდება.

კვება

რუხი ბატის საკვები საკმაოდ ნაირგვარია. ბუდობის ადგილებში ჭამს წყლისა და ხმელეთის ნაირგვარ მცენარეთა ვეგეტატიურ ნაწილებს, მაგრამ უპირატესობას ანიჭებს წყლის ვაზის ნაყოფს. იკვებება მდელოს მარცვლოვანებით, უკიდურეს შემთხვევაში კმაყოფილდება ლერწმის ფოთლებით. მიმოფრენის დროს ჭამს ჯეჯილს, ხორბლის, ქერისა და შვრიის მარცვლებს.

მნიშვნელობა

ზოგან, სადაც ეს ბატი ჯერ კიდევ რიცხვმრავალია, ადგილობრივი მოსახლეობა აგროვებს მის კვერცხებს და მრავლად იჭერს ფრინველს განგურის დროს. ზამთრობის ადგილებში ნადირობენ თოფითაც. ახლა რიცხობრიობა შემცირებულია და ბევრგან მისი მოპოვება აკრძალულია.


წყარო

საქართველოს ფრინველების სარკვევი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები